მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენტონი ფაუჩი: შეიძლება, კორონავირუსმა სეზონური ხასიათი შეიძინოს

5e8a371f05d81
ელენე კვანჭილაშვილი
06.04.20 00:09
4590
ენტონი ფაუჩის განცხადებით, კორონავირუსმა, შეიძლება, სეზონური ხასიათი შეიძინოს. როგორც აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი ამბობს, თუკი მსოფლიო შეძლებს, პანდემია გააკონტროლოს, „ძალიან კარგი შანსი არსებობს, რომ ვირუსმა მომავალ სეზონამდე ძალა დაკარგოს“.

ეს განცხადება იმასაც ნიშნავს, რომ covid-19-ის ბოლომდე დამარცხება შეუძლებელია, თუმცა ვირუსის სეზონური ბუნება, თუ ის გამოვლინდა, მსოფლიოს სერიოზულ დროს მოაგებინებს.

“ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რადგან ვირუსს ამ პლანეტას ბოლომდე ვერ მოვაშორებთ, ახალ სეზონზე ვირუსის მოქმედება შეიძლება განახლდეს”, - აღნიშნა ფაუჩიმ.

მისი თქმით, ამერიკის ფედერალური მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ ვაქცინის შექმნა დაჩქარდეს.

“იმედი გვაქვს, რომ თუ ვირუსის მოქმედება მართლაც განახლდება, ჩვენ მას გაცილებით მზად დავხვდებით - მკურნალობის ისეთი მეთოდებით და საშუალებებით, რაც აქამდე არ გვქონდა”, - აცხადებს ფაუჩი.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, მუშაობა 40-ზე მეტ ვაქცინაზე მიმდინარეობს. მათ ნაწილს უკვე ადამიანებზე ცდიან. ფაუჩის შეფასებით, აშშ-ს ვაქცინის შესაქმნელად 12-18 თვე დასჭირდება.

ყველა შეფასებით, ეს ძალიან ოპტიმისტური პროგნოზია, თუმცა, ბიზნესი, როგორც ჩანს, ფაუჩის პროგნოზს ენდობა, რადგან მაგალითად, ბილ გეითსმა, უკვე დაიწყო ადრეული ექსპერიმენტების ფინანსური მხარდაჭერა.