მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინვესტორები მიუთითებენ პოლიტიკურ ჩარევასა და სასამართლოსადმი ნდობის ნაკლებობაზე - სახ. დეპი საქართველოზე

64c25e9209c57
შოთა ტყეშელაშვილი
27.07.23 16:07
629
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა დღეს საქართველოს საინვესტიციო კლიმატის შესახებ გამოაქვეყნა ანგარიში. ანგარიშში საუბარია იმ საკანონმდებლო ჩარჩოებზე, რომლებიც ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საკითხს, ასევე ბიზნესისა და სახელმწიფოს ურთიერთობებს არეგულირებენ. მათ შორის შეფასებულია საქართველოს სასამართლო სისტემა, საბანკო და საფინანსო რეგულირების მექანიზმები.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივის მიმართულებით რეგიონის მასშტაბით მოწინავე ადგილზეა, ქვეყნის ეკონომიკა კი უცხოური ინვესტიციების მიმართ ღიაა. თუმცა, საქართველოში მოღვაწე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიები მიუთითებენ ქვეყნის სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის ნაკლოვანებაზე, ასევე ბიზნეს დავების მოგვარების არაეფექტიან და არადროულ სისტემაზე.

“მთლიანობაში ბიზნეს და საინვესტიციო პირობები მყარია, თუმცა არაერთი კომპანიის მხრიდან გამოთქმულია შეშფოთება ქვეყნის სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის ნაკლებობის ზრდის შესახებ, რაც როგორც სასამართლოს დამოუკიდებლობას და მიუკერძოებლობას, ასევე მის ეფექტურობას და კომპეტენტურობას შეეხება, რის გამოც ზოგიერთი ბიზნეს დავის განხილვა წლობით მიმდინარეობს.

ასევე კომპანიები მიუთითებენ გადაწყვეტილებათა მიღების არაეფექტიან პროცესზე, განსაკუთრებით მუნიციპალურ დონეზე. ასევე, სირთულეებზე ინტელექტუალური საკუთრების შესახებ კანონმდებლობის აღსრულების მიმართულებით. ბიზნესის მხრიდან გამოითქვა მოსაზრება, რომ ქვეყანაში ანტიმონოპოლიური პოლიტიკა დახვეწას იმსახურებს, ასევე ცალკეულ შემთხვევებში ბიზნესი საუბრობს პოლიტიკურ ჩარევასა და შემთხვევებზე, როდესაც ეკონომიკური რეგულაციების აღსრულება კომპანიების მიმართ სელექტიური პრინციპით ხდება. ბიზნესის შეფასებით, ასევე სირთულეებია საკუთრების უფლებებთან მიმართებით წარმოშობილი დავების გადაწყვეტის პროცესშიც. საქართველოს მთავრობა აგრძელებს ამ საკითხების მოგვარების მიმართულებით მუშაობას. ამ სირთულეების მიუხედავად, საქართველოს ბიზნესგარემო რეგიონის ქვეყნებს შორის კვლავ ღიაობით გამოირჩევა,”- ნათქვამია ანგარიშში.

სასამართლოს შესახებ თავში კი საუბარია, რომ არსებობს მნიშვნელოვანი კითხვის ნიშნები მოსამართლეთა დანიშვნის წესთან მიმართებით. ასევე იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან მიმართებითაც. ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ აშშ-მა 5 აპრილს სამი  მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლე "მნიშვნელოვან კორუფციაში" ჩართულობის გამო დაასანქცირა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები