მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის მიერ ამ დრომდე სანქცირებული საქართველოს მოქალაქეების სია და სანქცირების მიზეზები

საქართველოს დროშა აშშ-ის დროშა

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნების და პარლამენტის ურმავლესობის წევრთა სანქცირებას არ გამორიცხავს - როგორც ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ჯეიმს ო’ბრაიენმა 14 მაისს ქვეყანაში გამართული შეხვედრების შემდეგ განაცხადა, აშშ-ის სანქციები დაწესდება თუკი პარლამენტი რუსულ კანონს მიიღებს და ქვეყანაში დემოკრატიის ძირგამომთხრელი პროცესი გაგრძელდება.

ამჟამად ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული პირების სიაში საქართველოს ხუთი მოქალაქე ირიცხება.

2023 წლის 5 აპრილს ამ სიაში მოხვდნენ მოსამართლეები, რომელთაც აშშ-ში შესვლა აეკრძალათ, ხოლო 2023 წლის 14 სექტემბერს მათ შეემატა ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, რომელიც უფრო მაღალი თანრიგის სანქციების ქვეშ მოექცა, რაც აშშ-ში მისი აქტივების გაყინვას, ასევე მისთვის საბანკო და სხვა ფინანსური ოპერაციების განხორციელების შეზღუდვას გულისხმობს.

ოთარ ფარცხალაძის სანქცირება მოხდა რუსეთის ფედერაციის მთავრობის მავნე საგარეო ქმედებების შეზღუდვისკენ მიმართული, აშშ-ის პრეზიდენტის აქტის (Executive Order 14024) ფარგლებში. აღნიშნული აქტს ჯო ბაიდენმა ხელი 2021 წლის 15 აპრილს მოაწერა და ის აშშ-ის ხაზინას აძლევს უფლებას, დაბლოკოს და გაყინოს ყველანაირი აქტივი, რომლებიც ამ აქტით სანქცირებულ პირებს აშშ-ში ეკუთვნით. შესაბამისად, ფარცხალაძეს არამხოლოდ აშშ-ში შესვლა აეკრძალა, არამედ აეკრძალა ამერიკული ფინანსური სისტემის მეშვეობით ნებისმიერი სერვისის მიღება და ტრანზაქციების განხორციელება. ანალოგიური შეზღუდვა გავრცელდა ფარცხალაძის იმ კომპანიებზეც, რომლებიც სანქციების სიაში მოხვდნენ.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ფარცხალაძე ნახსენებია როგორც ქართველი-რუსი ოლიგარქი, რომელიც რუსეთის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში საქმიანობს.

განცხადების თანახმად, სავარაუდოდ, FSB-ს ოფიცერი ალექსანდრ ონიშჩენკო ფარცხალაძეს რუსული პასპორტისა და შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობის მიღებაში დაეხმარა.

"ონიშჩენკო და FSB ფარცხალაძეს ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლო გავლენის მოხდენაში იყენებენ,"- წერია განცხადებაში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სანქციები დაწესდა ფარცხალაძის მიერ რუსეთში რეგისტრირებულ შემდეგ ბიზნესებზე - LLC MOSCOW BUSINESS BROKERAGE; LLC INTERNATIONAL BUSINESS CORPORATION.

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ოთარ ფარცხალაძის სანქცირების შემდეგ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიიღო საერთაშორისო სანქციების აღსრულების წესის საგამონაკლისო ბრძანება, რომელიც საქართველოს მოქალაქეებზე საერთაშოროსო ფინანსურ სანქციას ავრცელებს მხოლოდ მაშინ, თუკი აღნიშნულის შესახებ გამამტყუნებელი განაჩენი თავად საქართველოს სასამართლოს მიერ არის მიღებული. აღნიშნული განაჩენის არარსებობის პირობებში კი დასავლეთის მიერ სანქცირებულ პირებს საქართველოში შიდა ოპერაციების განხორციელება შეუფერხებლად უნდა შეძლებოდათ. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას მიერ აღნიშნული საგამონაკლისო ბრძანების მიღებას პროტესტის ნიშნად ეროვნული ბანკის სამი ვიცე-პრეზიდენტის,პაპუნა ლეჟავას, არჩილ მესტვირიშვილის და ნიკოლოზ გაგუას გადადგომა მოჰყვა.

რაც შეეხება მოსამართლეთათვის დაწესებულ სანქციებს, ის დაწესებულია აღმასრულებელი ბრძანება 7031(c)-ის ფარგლებში, რომლითაც აშშ ასანქცირებს მსოფლიოს გარშემო, მაღალი რანგის კორუფციაში ჩართულ მოქმედ და ყოფილ თანამდებობის პირებს. აღნიშნული სანქცია სავიზო შეზღუდვას მოიცავს და სანქცირებულ პირს აშშ-ში შესვლას უკრძალავს. აღნიშნული სანქციები მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს დაუწესდათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები