25.ივლისი .2021 18:26

ექსკლუზიური ინტერვიუ IMF-ის მისიის ხელმძღვანელთან ჯეიმს ჯონთან

ექსკლუზიური ინტერვიუ IMF-ის მისიის ხელმძღვანელთან ჯეიმს ჯონთან
views 445
უკან

გასული კვირის განმავლობაში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) საქართველოს შესახებ ახალი მიმოხილვა გამოაქვეყნა. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ წელს ქვეყნის ეკონომიკა 7.7%-ით გაიზრდება, ამასთანავე წლის ბოლომდე 9%-ზე მაღალი იქნება ინფლაცია, ხოლო 2022 წლიდან კი ის ეტაპობრივად შემცირდება. IMF მიიჩნევს, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, რომ ეროვნულ ბანკს რეფინანსირების განაკვეთის გაზრდაც მოუწიოს. ეკონომიკური მიმოხილვის განახლებასთან ერთად, სავალუტო ფონდი საქართველოს მთავრობასთან ახალი პროგრამის დაწყების შესახებ მართავს მოლაპარაკებებს. ახალი პროგრამის და ეკონომიკური პროგნოზების შესახებ გადაცემა "ანალიტიკა" სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს, ჯეიმს ჯონს ესაუბრა. 

გადაცემა "ანალიტიკას" ექსკლუზიური ინტერვიუ IMF-ის მისიის ხელმძღვანელთან, ჯეიმს ჯონთან:


- საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააორმაგა, პრინციპში, ზუსტად იმ დონემდე, რასაც საქართველოს მთავრობაც ვარაუდობს - 7.7% 2021 წლისთვის. რას დაეყრდნო თქვენი პროგნოზი და ამას იმიტომ ვკითხულობ, რომ დღეს ეს პროგნოზი სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსიტუტებთან შედარებით ყველაზე მაღალია, იბიარდი-მ მაგალითად, რომელსაც ამ დროისთვის ყველაზე დაბალი ზრდის პროგნოზი აქვს, გარკვევით მითხრა, რომ მეტის პროგნოზირება ამ ეტაპზე შეუძლებელია, რადგან მიმდინარე ეკონომიკური ზრდის ჩაშლილი მონაცემები არ არსებობს და ზრდის სტრუქტურის გარკვევა შეუძლებელია. თქვენ რამ მოგცათ ამ ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთების შესაძლებლობა?

- პირველ რიგში, დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. ვხედავთ, რომ ეკონომიკა გაჯანსაღებას იწყებს და დიახ, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ეს წინასწარი მონაცემებია, მაგრამ წარსული პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ წინასწარი მონაცემები ყოველთვის კარგად ასახავდა საბოლოო, უკვე დაზუსტებულ ზრდასაც. ეს მონაცემები საკმაოდ ფართო აღდგენაზე მიუთითებს - უდიდესი წვლილი აქვს დღგ-ს ბრუნვას, რაც იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკა საკმაოდ გამოცოცხლებულია. სხვა ფაქტორები, რომლებიც ასევე ხელს უწყობს ეკონომიკის ზრდას - გადმორიცხვებია, ექსპორტი, ტურიზმშიც ჩანს გამოცოცხლების ნიშნები, ასევე ფაქტორად მიგვაჩნია ისიც, რომ პანდემიის დროს ადამიანები ფულს არ ხარჯავდნენ და დღეს უკვე ეს მოთხოვნაც იზრდება, ასევე გვაქვს ინფორმაცია, რომ შიდა ტურიზმის მიმართულებითაც აქტივობა იმაზე მეტია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ამდენად, როცა აპრილის და მაისის რიცხვებს ვუყურებთ, საკმაოდ ძლიერი რიცხვებია და ამას ვითვალისწინებთ სწორედ, როცა 7.7%-იან ეკონომიკურ ზრდაზე ვსაუბრობთ. თუ შეხედავთ, ბიუჯეტის სამუშაო ვერსიას, რაც ფინანსთა სამინისტრომ პარლამენტში წარადგინა, მათი მოლოდინები კიდევ უფრო მაღალია. ჩვენ კმაყოფილები ვართ იმ შეფასებით, რასაც ვაკეთებთ - 7.7%, მაგრამ როგორც კი მეტი მონაცემი იქნება ხელმისაწვდომი, ცხადია, ჩვენ გადავხედავთ ჩვენს პროგნოზს. აქვე - მიუხედავად იმისა, რომ პროგნოზი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, რამდენიმე სერიოზული რისკი არსებობს - ჯერ კიდევ იმ გარემოში ვართ, სადაც გაურკვევლობა ჩვეულებრივზე უფრო მაღალია, ვაქცინების უზრუნველყოფა, ვაქცინაციის პროცესის დაჩქარება - ამას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა პანდემიის კონტროლისთვის. ახალი გამოწვევებიც ჩნდება - მაგალითად, დელტა ვარიანტი. საქართველო დღეს ქვეყანაა, რომელსაც არ აქვს ვაქცინაციის მაღალი ტემპი - ამდენად, ეს არის ყველაზე მთავარი რისკი და მინდა, ამას ხაზი გავუსვა: პანდემიის კონტროლს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის მისაღწევად.

- პანდემიის მიღმაც, მისიის მუშაობა, თუნდაც ონლაინ ფორმატში, საქართველოში ძალიან სტრესულ ვითარებას დაემთხვა - იცით, რაც ხდება ქვეყანაში პოლიტიკურ ველზე, გარდაცვლილია ჩვენი კოლეგა. მე არ გთხოვთ თქვენ პოლიტიკური განცხადების გაკეთებას, თუმცა რადგან თავად ახსენეთ კოვიდ-19-თან დაკავშირებული გაურკვევლობა ერთი მხრივ და მეორე მხრივ, ვაქცინაციის დაბალი ტემპი, როგორც მთავარი რისკი - საქართველოში ძალადობრივი ჯგუფების მიერ თუნდაც ნაცემი ერთი ტურისტი, რომელიც სახელმწიფომ ვერ დაიცვა როგორი სიგნალია დანარჩენი მსოფლიოსთვის? ითვალისწინებთ თუ არა ამ ტიპის ფაქტორებს თქვენს პროგნოზში, როცა ამბობთ, რომ საქართველოს ეკონომიკა 2021 წელს 7.7%-ით გაიზრდება?

- მადლობა ამ კითხვისთვის. პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ღრმა მწუხარებას განვიცდით საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების და ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებთ მის ოჯახს. ხაზს ვუსვამთ იმასაც, რომ თუ ამ ტიპის პოლიტიკური დაძაბულობა განახლდება, ეს იმოქმედებს ინვესტორთა ნდობაზე - ახალს არაფერს ვიტყვი, რომ პოლიტიკური სტაბილურობა მნიშვნელოვანი ფაქტორია ეკონომიკური სტაბილურობისთვის და ეკონომიკური ზრდისთვის. ამდენად, ჩვენ ვითვალისწინებთ ამას, როგორც რისკს. წინა არჩევნების გამოცდილებით თუ ვიმსჯელებთ, პოლიტიკური არასტაბილურობა აფერხებს პარლამენტის მუშაობას და შეუძლებელი ხდება ეკონომიკური პოლიტიკის
თვალსაზრისით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება - ჩვენ ამას ვაფასებთ როგორც რისკს, ეს რისკი არ არის გათვალისწინებული ჩვენს საბაზისო სცენარში - მთავარი რისკი მაინც პანდემიის კონტროლს და ვაქცინაციის ტემპს უკავშირდება. მაგრამ ამის შემდეგ, ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ განახლებული პოლიტიკური არასტაბილურობა ის რისკია, რომელიც ჩვენს რადარებზე უნდა დავტოვოთ.

- აქვე დავაზუსტოთ, მთავარ რისკთან მიმართებით - პანდემია და ვაქცინაცია - ეს 7.7% არ ითვალისწინებს ლოკდაუნს, ასეა?

- ასეა. საბაზისო სცენარით ვამბობთ, რომ ქვეყნის ეკონომიკა შეიძლება 7.7%-მდე გაიზარდოს და აქ რამდენიმე აღმავალი ფაქტორი მოქმედებს, რომელსაც ვითვალისწინებთ და რომელიც უკვე ვახსენე. მთავარ დაღმავალ ფაქტორად კი სწორედ პანდემიის გაუარესებას და ლოკდაუნს ვასახელებთ.

- IMF-ის პროგნოზები, რჩევები და რეკომენდაციები როგორც წესი სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისთვისაც ხდება ხოლმე მიმართულების მიმცემი. მაგალითად, საქართველოს სასამართლო სისტემის რეფორმირებაც მას შემდეგ გახდა სრულიად პრინციპული საკითხი, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდმა თანმიმდევრულად დაიწყო მისი მოაზრება სტრუქტურული რეფორმების ნაწილში - ბევრ სხვა მიზეზს შორის, ამ ქვეყანაში მიმზიდველი ბიზნესგარემოს უზრუნველსაყოფადაც. დღეს ევროკავშირისგან ძალიან მკაფიოდ გვესმის, რომ მთავრობის დამოკიდებულება სასამართლო რეფორმასთან მიმართებით არღვევს ე.წ. შარლ მიშელის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს და შესაბამისად, ეს საქართველოს შესაძლოა მათ შორის მხარდაჭერის მეორე ტრანშად ანუ 60 მილიონ ევროდ დაუჯდეს. ამ კრიტიკას სრულად იზიარებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტიც. როგორია საერთაშორისო სავალუტო ფონდის დამოკიდებულება?

- ევროკავშირს დავუტოვებთ გადაწყვეტილებას, თუ როგორ განკარგოს თავისი დახმარების პაკეტი. თუმცა, რაც შეეხება თავად სასამართლო რეფორმას - გამჭვირვალე, მიუკერძოებელი სასამართლო მნიშვნელოვანია ბიზნესგარემოსთვის, ინვესტიციების მოზიდვისთვის და ეკონომიკური ზრდისთვის, რომლის მთავარი მამოძრავებელიც კერძო სექტორია. მისიის განმავლობაში, ყველა მხარემ, ვისთანაც ჩვენ კომუნიკაცია და სამუშაო პროცესი გვქონდა, ხაზი გაუსვა, რომ სასამართლო რეფორმა მნიშვნელოვანია და ამდენად, ჩვენც მოვუწოდებთ მთავრობას, რომ ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები გადადგას და გააძლიეროს ბიზნესგარემო. ჩვენ მხარს ვუჭერთ პროგრესს ამ მიმართულებით.

- რა არის ის სფეროები, სადაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი ხედავს მთავრობისთვის რჩევის მიცემის საჭიროებას?

- პანდემიისთვის თავის გართმევის პროცესში ბევრი გამოწვევაა. ერთია ფისკალური კონსოლიდაციის საჭიროება ფისკალური რისკების მართვის პარალელურად იმისთვის, რომ კანონით გათვალისწინებული ნორმები არ დაირღვეს. მიგვაჩნია, რომ კანონით გათვალისწინებული ზღვრები ფისკალური სიჯანსაღის კარგი გარანტია. შემდეგია - სახელმწიფო საწარმოების რეფორმა - ამ მიმართულებით გარკვეული პროგრესი უკვე მიღწეულია და მეტის გაკეთება შეიძლება. საჯარო ფინანსების მენეჯმენტის გაუმჯობესება - განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა მთავრობა საკმაოდ ბევრს ხარჯავს კაპიტალურ პროექტებზე - ინფრასტრუქტურა, გზები და ა.შ. პანდემიის კვალდაკვალ ვხედავთ ძალისხმევის გაძლიერების შესაძლებლობას სიღარიბის და უთანსწორობის მიმართულებით - ეს გრძელვადიანი სტრუქტურული პრობლემებია, რომელთა გადაჭრასაც დრო სჭირდება, თუმცა ეს ის არეალია, სადაც მეტის გაკეთებაა შესაძლებელი. მაკროეკონომიკურ ნაწილში, მნიშვნელოვანია - ინფლაცია შემცირდეს. მიგვაჩნია, რომ ეროვნული ბანკი სწორ ნაბიჯებს დგამს, მისი პოლიტიკის გადაწყვეტებს ჩვენ მხარს ვუჭერთ - რომ მიზნობრივთან დააახლოვოს ინფლაციის მაჩვენებელი და ასევე, განაგრძოს საფინანსო სექტორის რეგულირება. საქართველომ შეძლო, პანდემიის დარტყმა შეერბილებინა, რადგან კრიზისამდე სწორ პოლიტიკას ატარებდა - ამ ბუფერების აღდგენა და მათი სწორი მართვა - ეს არის დღეს მთავარი პრიორიტეტები.

- უწევთ თუ არა საქართველოს მთავრობას კონსულტაციებს 10-წლიანი განვითარების გეგმის შესახებ?

- მისიამ სულ ცოტა ხნის წინ დაასრულა მიმოხილვაზე მუშაობა. მთავრობასთან ეკონომიკური პოლიტიკის ფართო სპექტრზე ვიმსჯელეთ, რასაც გავლენა აქვს საქართველოზე და ვფიქრობთ, რომ ამ მსჯელობის დიდი ნაწილი ასახული იქნება 10-წლიანი განვითარების გეგმაშიც. ფისკალური ნაბიჯები, ხარჯვის აქცენტების გადატანა განვითარებისთვის მნიშვნელოვან სექტორებზე - როგორებიცაა, განათლება და ინფრასტრუქტურა. თუმცა გეგმის დეტალებში ჩვენ ჩართულები არ ვართ.

- დღეს რაც ჩანს იმ კონტურებიდან, რაც სპორადული პრეზენტაციებით არის ჩვენთვის ცნობილი, მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტს უმატებს ვალდებულებებს ისე, რომ ეკონომიკური ზრდა მაქსიმუმ 5.2%-ზე აქვს გათვლილი. გისმენდით პრესკონფერენციაზე და ძალიან მკაფიო აქცენტი გქონდათ ფისკალური კონსოლიდაციის აუცილებლობაზე. როდიდან უნდა დაიწყოს ამ მიმართულებით მთავრობამ ნაბიჯების გადადგმა და რამდენად რეალისტურად გეჩვენებათ, კანონის ფარგლებში დაბრუნება 2023 წლისთვის?

- მთავრობამ სწორად უპასუხა კრიზისს, როცა ბიზნესებს და ოჯახებს დაეხმარა და ამით მათზე უარყოფითი გავლენა შეარბილა. ბუნებრივია, რომ უპრეცედენტო კრიზისის ფონზე, გაზრდილი ხარჯების, ეკონომიკური ვარდნის და შემცირებული შემოსავლების გამო, დეფიციტი და ვალი საგრძნობლად გაიზარდა. ერთი რატომაც ეს ასეთი სანერვიულო არ იყო, იყო ისიც, რომ საქართველოს აქვს კანონი, რომელიც დეფიციტის და ვალის ზღვრებს არეგულირებს და სწორედ ამიტომ, ამან ჩვენ გვაფიქრებინა, რომ ეს ზრდა იქნებოდა დროებითი. მივესალმებით, მთავრობის მონდომებას, შემცირდეს ვალი და დეფიციტი და კანონის მოთხოვნები შესრულდეს. რაც იმას ნიშნავს, რომ 2023 წლისთვის დეფიციტი უნდა შემცირდეს მშპ-ს 3%-მდე, ვალი კი 60%-მდე. მიგვაჩნია, რომ ვალი 2023 წელზე უფრო ადრეც შემცირდება. ამდენად, რეალური გამოწვევა დეფიციტის შემცირებაა. ჩვენი ხედვა ასეთია: ეკონომიკური აღდგენის კვალდაკვალ, ფისკალური პოლიტიკის აქცენტი უნდა შეიცვალოს იმ მიმართულებით, რომ გაუქმდეს პანდემიური ხარჯები. გასაგებია, რომ კოვიდს ბევრი დროებითი ხარჯი უკავშირდება - ეს ხარჯები უნდა გაუქმდეს, როგორც კი პანდემია დასრულდება, თუმცა, მთავრობას მაინც დასჭირდება სხვა სფეროების მოძებნაც, სადაც ხარჯების დაზოგვას შეძლებს. ამ მიმართულებით გვაქვს რეკომენდაციები - საგადასახადო ხარჯების გააანალიზება და ადმინისტრირების გამკაცრება, სახელმწიფო ინვესტიციების მენეჯმენტის გაუმჯობესება, რომ გაიზარდოს კაპიტალური ხარჯების ეფექტიანობა - და ხარისხიანი ინვესტიციები განხორციელდეს, სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირებისას ხარჯვითი ტვირთის და რისკების გათვალისწინება - ჩვენ ვხედავთ ხარჯების ზრდის რისკებს პენსიების, განათლების მიმართულებით, ვხედავთ სახელმწიფო საწარმოებისგან მომდინარე რისკებს და პოტენციურად, ენერგეტიკის სექტორშიც. მთავრობას იდენტიფიცირებული აქვს ეს რისკები. მათ გადასაჭრელად ჩვენი რეკომენდაციაა სახელმწიფო საწარმოების რეფორმირება და კონკრეტული კრიტერიუმების გაწერა ელექტროენერგეტიკის სექტორში feed in premium-ის სქემასთან მიმართებით. ვხედავთ, რომ მთავრობა მონდომებულია და დარწმუნებულები ვართ, რომ კანონის მოთხოვნები შესრულდება 2023 წლისთვის.

- თუ მთავრობა მართლაც დაიწყებს ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ხარჯების შემცირების მიმართულებით და მეორე მხრივ, მაღალი ინფლაციის გამო და ჩვენ ვნახეთ, რომ აქაც პროგნოზი გაორმაგებული აქვს საერთაშორისო სავალუტო ფონდს, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებაზე წნეხი გაიზრდება - რამდენად მიღწევადი რჩება 7.7%-იანი ეკონომიკური ზრდა, როგორც ამას აიემეფი დღეს ვარაუდობს?

- ჩვენ ამ ეტაპზე არ მოვუწოდებთ ეროვნულ ბანკს, რომ კიდევ გაზარდოს განაკვეთი - მიგვაჩნია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი სწორად აფასებს რისკებს და სწორ ნაბიჯებს დგამს და ისიც ვიცით, რომ მზად არის კიდევ უფრო მკაცრი გადაწყვეტილებებიც მიიღოს, თუ ეს საჭირო გახდება - მაგრამ ეს არ არის გათვალისწინებული ჩვენს საბაზისო სცენარში. ჩვენი გადმოსახედიდან, ინფლაციის დღეს არსებული მიზეზები, დიდწილად დროებითია და აუცილებელია, რომ ეს დროებითი მიზეზები უფრო გრძელვადიან ინფლაციაში არ გადაითარგმნოს, მაგრამ როგორც უკვე ვთქვი, ეს დროებითია. ჩვენი პროგნოზით, ინფლაცია მნიშვნელოვნად მცირდება 2022 წელს. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ბევრი ფაქტორი, რაც ინფლაციას უკავშირდება ძალიან მერყევია - მაგალითად, ფასები საკვებზე ან საწვავზე - ამიტომ ხშირად საბაზო ინფლაციას ვუყურებთ ხოლმე და ამ მიმართულებითაც მცირედი გაუმჯობესება შეინიშნება. ეს მცირე გაუმჯობესებაა, თუმცა გვიქმნის განცდას, რომ ეს ფაქტორები დროებითია და რომ 2022 წლისთვის ინფლაციის მაჩვენებელი უნდა შემცირდეს.

- ჩემი ბოლო კითხვა: უნდა ველოდოთ თუ არა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ახალ პროგრამას? როგორც მაკროეკონომიკურ ჩარჩოს, რომელიც ჩემი აზრით დღეს საჭიროა და ასევე ამ პროგრამაზე მთავრობის თანხმობა იქნებოდა სიგნალი, რომ ისინი მართლაც მზად არიან ხარჯების შემცირებისთვის.

- მიმოხილვა დავასრულეთ და ეს კარგი შანსია, რომ გავაგრძელოთ დიალოგი და განვიხილოთ გამოწვევები და პოლიტიკის პრიორიტეტები. პროგრამაზე მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა. თუმცა, ვიტყვი იმასაც, რომ ბევრი მიმართულებით მთავრობასთან და საქართველოს ეროვნულ ბანკთან საერთო ხედვა გვაქვს. პრესკონფერენციაზე ფინანსთა მინისტრისგან მოვისმინეთ, რომ სჭირდებათ ასეთი პროგრამა. ეს ამ მისიის ფარგლებს სცდება, თუმცა მზად ვართ მოლაპარაკებების დასაწყებადაც რადგან მთავრობის ინტერესი ჩვენთვის აშკარაა და ეს მიმოხილვაც კარგი საფუძველია საკვანძო საჭიროებების გამოსაკვეთად და მომავალი თანამშრომლობისთვის.




მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა