მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნული ბანკი 2022 წელს უფრო დაბალ ეკონომიკურ ზრდას ელოდება, ვიდრე მთავრობა

61c4320b45e5e
შოთა ტყეშელაშვილი
23.12.21 12:32
952
საქართველოს ეკონომიკურმა ბანკმა მაკროეკონომიკური საპროგნოზო სცენარები გამოაქვეყნა. დოკუმენტის საბაზისო სცენარის თანახმად, მომდევნო წელს საქართველოში რეალური ეკონომიკური ზრდა 5%-ზე არის პროგნოზირებული.

ეს შეფასება მთავრობის პროგნოზთან შედარებით უფრო კონსერვატიულია, რადგანაც 2022 წლის ბიუჯეტი 6%-იან ეკონომიკურ ზრდაზე არის დაგეგმილი, რომლითაც საქართველოს მშპ-მ მომდევნო წელს 64.8 მილიარდ ლარს უნდა მიაღწიოს.

ეროვნული ბანკის შეფასებით, ეკონომიკის გაჯანსაღება ძირითადად ადგილობრივი მოთხოვნის მიერ არის განპირობებული, თუმცა 2022 წლიდან საგარეო მოთხოვნის მნიშვნელოვანი მატებაც არის მოსალოდნელი.

ანგარიშში ნათქვამია ისიც, რომ ეროვნულ ბანკს 2022 წელს ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვანი ზრდის მოლოდინი არ აქვს.

“ეკონომიკის გაჯანსაღება ძირითადად ადგილობრივი მოთხოვნის ხარჯზე ხდება, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი დაგროვილი მოთხოვნის რეალიზაციას, ფისკალურ სტიმულსა და გაზრდილ დაკრედიტებას შეაქვს. ასევე უკეთესი დინამიკა შეინიშნება ექსპორტის მიმართულებით; თყმცა, საგარეო მოთხოვნა კვლავ შედარებით სუსტია, რაც საერთაშორისო ტურისტული ნაკადების მხოლოდ ნაწილობრივი აღდგენითაა განპირობებული. პანდემიასთან დაკავშირებული გაურკვევლობის შემცირებისა და ვაქცინაციის ტემპების ზრდის კვალდაკვალ მოსალოდნელია, რომ 2022 წლიდან საგარეო მოთხოვნა მნიშვნელოვნად მოიმატებს. თუმცა, საერთაშორისო საინვესტიციო ნაკადების მნიშვნელოვანი ზრდა მოსალოდნელი არ არის, რაც აშშ-ში FED-ის მიერ საპროცენტო განაკვეთების ზრდის მოლოდინებთანაა დაკავშირებული.

შედეგად, ეკონომიკური ზრდის წამყვანი ფაქტორი შიდა მოთხოვნასთან ერთად ტურიზმის მოსალოდნელი აღდგენა იქნება. ეკონომიკური აქტივობის გაუმჯობესების კვალდაკვალ დასაქმებაც გაიზრდება, თუმცა უმუშევრობა შედარებით ნელი ტემპით შემცირდება, რაც მომსახურების სექტორში სხვა სექტორებთან შედარებით დაბალი გაჯანსაღების ტენდენციით არის განპირობებული,”- ნათქვამია ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკურ სცენარებში.