მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნული ბანკი რუსული "Мир"-ის ბარათებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

622889e314794
შოთა ტყეშელაშვილი
09.03.22 15:00
7164
საქართველოს ეროვნული ბანკი კომპანია "ჯორჯიან ეარვეისის" მიერ საბარათე სისტემა Мир-ის მეშვეობით გადახდების მიღებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. სებ-ი აცხადებს, რომ საქართველოში მოქმედი ბანკები და საბარათე საპროცესინგო სისტემები Мир-თან არ თანამშრომლობენ, ხოლო უშუალოდ კერძო კომპანიის მიერ Мир-ის ბარათით გადახდების მიღებას, ამაზე სებ-ი განმარტავს, რომ ეს მისი კომპეტენციის ფარგლებს სცილდება.

ამასთან, ეროვნული ბანკის თანახმად, Мир-ის მეშვეობით გადახდები ხორციელდება აფხაზეთში, რაც რუსული საბარათე სისტემის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის მოთხოვნების დარღვევას წარმოადგენს.

"ეროვნული ბანკის განცხადებით, საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკები და საბარათე საპროცესინგო სისტემები, გადახდების სისტემების კომპანია "Мир"-თან არ თანამშრომლობენ. ამ სისტემით ოპერაციები სრულად ხორციელდება რუსულ სისტემაში და მას საქართველოს საფინანსო სისტემასთან შეხება არ აქვს.

ბანკის ინფორმაციით, საგადახდო სისტემების კომპანია "Мир"-ი თანამშრომლობს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკასთან, რაც ბანკის შეფასებით შესაძლოა არღვევდეს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონს.

რაც შეეხება ქართული კომპანიის თანამშრომლობის საკითხს, აღნიშნულის შეფასება სცილდება ეროვნული ბანკის კომპეტენციას.

საქართველოს ეროვნული ბანკი ყოველთვის მოქმედებდა და მოქმედებს საერთაშორისო რეზოლუციებით განსაზღვრულ სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში. შეგახსენებთ, რომ სანქციებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების ვალდებულების შესახებ მითითება ეროვნულმა ბანკმა საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს უკვე მისცა", - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

7 მარტს “ჯორჯიან ეარვეისის” საიტზე გადახდის სისტემაში მასტერქარდისა და ვიზას გვერდით რუსული “Мир”-იც გაჩნდა.

“Мир”-ი რუსული ბაზრისთვის შექმნილი საბარათე სისტემაა, რუსეთის გარეთ სულ რამდენიმე ქვეყნის ბანკები და ბანკომატები იღებენ ამ ბარათებს, მათ შორის საქართველო არაა.