მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნული ბანკის საბაზო სცენარით წელს ქვეყანაში უმუშევრობის დონე გაიზრდება

6125f5b211e7c
ელენე გოგბერაშვილი
25.08.21 12:09
785
საქართველოს ცენტრალური ბანკი მაკროეკონომიკურ სცენარებში ქვეყანაში უმუშევრობის დონის ცვლილების რამდენიმე პროგნოზს გვთავაზობს.

კერძოდ, საბაზო სცენარში სებ-ი აღნიშნავს, რომ უმუშევრობის დონე წლის დასაწყისში არსებული გაზრდილი დონიდან ეტაპობრივად
შემცირდება, თუმცა უმუშევრობის შემცირების ტემპი  თავდაპირველად შედარებით დაბალი იქნება, რადგან გაჯანსაღების ტენდენცია სამუშაო ძალის მაღალი ინტენსივობის მქონე მომსახურების სექტორში სხვა სექტორებთან შედარებით სუსტია.

ოპტიმისტური სცენარის მიხედვით, გაუმჯობესებული მოლოდინების კვალდაკვალ, ადგილობრივი მოთხოვნა იზრდება. შედეგად, კომპანიების ფინანსური მდგომარეობა უმჯობესდება და დასაქმება იზრდება, რაც შინამეურნეობების ფინანსურ მდგომარეობაზეც დადებითად აისახება.

პესიმისტური სცენარით კი, ეკონომიკის შეფერხებულმა აღდგენამ შესაძლოა საკრედიტო რისკის მნიშვნელოვანი ზრდა გამოიწვიოს. გაურკვევლობა, შემცირებული შემოსავლები და გაზრდილი ფუქნციონირების დანახარჯები შინამეურნეობებისა და კომპანიების ფინანსურ მდგომარეობას გააუარესებს.

გაზრდილი სახელმწიფო ვალის პირობებში შეზღუდული ფისკალური მხარდამჭერი რესურსისა და გამკაცრებული ფინანსური პირობების გათვალისწინებით, კომპანიები შესაძლოა გადახდისუნარიანობის მზარდი რისკების წინაშე აღმოჩნდნენ. აღნიშნულ სცენარში უმუშევრობა მნიშვნელოვნად გაიზრდება და შინამეურნეობებს, კომპანიებთან ერთად, ვალის მომსახურების პრობლემები შეექმნებათ.

ის, თუ როგორ შეიძლება შეიცვალოს ქვეყანაში უმუშევრობის დონე, ეროვნული ბანკი სხვადასხვა სცენარში რიცხვებში გამოხატულ სხვადასხვა პროგნოზს გვთავაზობს. კერძოდ, საბაზო სცენარის მიხედვით, უმუშევრობის დონე 2021 წელს 1 პროცენტული პუნქტით გაიზრდება. 2022 წელს კი უმუშევრობის მაჩვენებელი ქვეყანაში ამდენივე პროცენტული პუნქტით დაიკლებს. 2023 წლისთვის კი კვლავ შემცირდება 2 პროცენტული პუნქტით.

მოვლენების ოპტიმისტური სცენარით განვითარების შემთხვევაში, წელს უმუშევრობის დონე აღარ გაიზრდება, მომავალ წელს 1,5 პროცენტული პუნქტით, 2023 წელს კი 2 პროცენტული პუნქტით დაიკლებს.

პესიმისტურ სცენარში, ეროვნული ბანკი პროგნოზირებს, რომ წელს  ქვეყანაში უმუშევრობის დონე გაიზრდება 3 პროცენტული პუნქტით. 2022 წელს ზრდა მოხდება 1 პროცენტული პუნქტით, 2023 წლისთვის კი ქვეყანაში უმუშევრობის დონე 2 პროცენტული პუნქტით შემცირდება. 

შეგახსენებთ, 2021 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.8%-ული პუნქტით გაიზარდა და 22.1% შეადგინა, ხოლო 1%-ით შემცირდა დასაქმების დონე და 40,1% შეადგინა. 

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მეორე კვარტალში რეკორდული ეკონომიკური ზრდის ფონზე გაიზარდა უმუშევრობა, დაფიქსირდა ორნიშნა ინფლაციის მაჩვენებელი, გაიზარდა სიღარიბის დონე, რაც გამოიხატა საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობის ზრდაზე, რომელიც ივლისში 622 266 ადამიანს შეადგენდა.