მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ერთ ნავში ვზივართ და ერთმანეთს ვაძლიერებთ“ – „სითი მოლის“ დამფუძნებელი

60216bb3f230e
ვიქტორია მღებრიშვილი
08.02.21 22:00
2359
"სითი მოლის" მმართველი კომპანია IG Development-ის დამფუძნებელი, მინდია საბანაძე აცხადებს, რომ ბიზნესი და ხელისუფლება ერთ ნავში სხედან და ცდილობენ არსებული პრობლემები მოაგვარონ. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს პრემიერთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

„ჩვენ ერთ ნავში ვზივართ და ერთმანეთს ვაძლიერებთ. ჩვენ ვქმნით დოვლათს, რომელიც შეგვაქვს ბიუჯეტში, საიდანაც მერე ნაწილდება ყველაზე. დღეს ყველა ვისხედით ერთ ნავში და ერთად ვცდილობდით თუ რამე პრობლემა იყო, გვეთქვა და შესაბამისად გადაწყვეტილება მიეღო. რა თქმა უნდა, ყველაფერზე პასუხი დღეს არ გვექნებოდა, მაგრამ აუცილებლად იქნება უკუკავშირი“, - აღნიშნა მინდია საბანაძემ.

სავაჭრო ცენტრების მმართველი იმ საკითხებს ასახელებს, რაზეც პრემიერთან შეხვედრაზე იყო საუბარი. მისი თქმით, მთავარი ის არის, რომ უახლოეს მომავალში ის ბიზნესები, რომელიც გაჩერებულია, ამოქმედდება, თუმცა, ეს ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული.

„თუ ვინმეს შეეხო და დაარტყა ეკონომიკის გაჩერებამ, ეს ჩვენ ვიყავით - ორი დიდი სავაჭრო ინფრასტრუქტურა, გადასახადები, დასაქმებულები, მაგრამ პრემიერი ცდილობს, ძალიან ცდილობს, ყველაფერს ინდომებს და ვხედავთ, რომ გვერდში გვიდგას.

კომენდანტის საათზე იყო საუბარი, რომ გადაწეულიყო 1 ან 2 საათით მაინც. ამაზე მივიღეთ დაპირება, რომ დავაკვირდებით მაქსიმუმ 2 კვირის მანძილზე და მივიღებთ გადაწყვეტილებასო. ამის გარდა, იყო საუბარი, რომ სხვა დარჩენილი ბიზნესების, როგორიც არის ბავშვთა გასართობი ცენტრები, ფიტნესები, რესტორნები -  გახსნა ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ვაცნობიერებთ რეალობას, რომ არ შეიძლება ადამიანის ჯანმრთელობით თამაში.

იყო საუბარი ქონების გადასახადის ნაწილში რაიმე სახის შეღავათზე. რაც გაჩერების პერიოდში გადავიხადეთ, შესაძლებელი იქნება თუ არა მომავალში რაიმე სახის შეღავათის გაკეთება ამ კუთხით, რაზეც გვიპასუხეს რომ ცდილობენ. სახელმწიფოც თავის ბიუჯეტზეა დამოკიდებული და საზღვრების გარეშე არაა რომ იმას და ამას დაეხმაროს“, - განაცხადა IG Development-ის დამფუძნებელმა და დასძინა, რომ დღევანდელი შეხვედრა განსხვავებული იყო, რადგან ბიზნესი წინა შეხვედრებზე აფექტური იყო და მხოლოდ გახსნის მოთხოვნები ჰქონდა, დღეს კი საუბარი შედგა.