მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მიგრაციის ეფექტი, ზოგადად, ბიზნესისთვის კარგი არ არის" - როგორი იყო 2023 წელი City Mall-ებისთვის?

სითი მოლი

მიგრაციის ეფექტი, ზოგადად, ბიზნესისთვის კარგი არ არის - ამის შესახებ #რედაქტ2-ში IG International-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მინდია საბანაძე, კომერციული უძრავი ქონების ბაზარზე 2023 წლის ტენდენციების შეფასებისას, აცხადებს.

IG International-ი საქართველოს ბაზარზე კომპანია IG Development-ის მშობელი კომპანიაა, რომელიც თავის მხრივ კომერციული უძრავი ქონების სექტორში, დედაქალაქში „სითი მოლი საბურთალოს“, „სითი მოლი გლდანს“ და ბიზნეს ცენტრ „სითი თაუერს“ მართავს. ჰოლდინგური კომპანიის ხელმძღვანელი ბაზარზე ახალი პროექტებით შემოსვლის პერიოდს იხსენებს და აღნიშნავს, რომ „სითი მოლებში“ მიზიდულობის ცენტრების შექმნა მარტივი არ იყო, თუმცა კომპანიამ ეს შეძლო და დღეს სექტორში კონკურენცია დიდია. მინდია საბანაძე 2023 წელს არსებული ტენდენციების შეფასებისას აღნიშნავს, რომ წელს მიგრანტების ეფექტი, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების დროს გააქტიურდა, მიილია. ბიზნესმენი იმასაც ხსნის, თუ რატომ მიაჩნია „მიგრაციის ეფექტი“ ბიზნესისთვის არასახარბიელოდ.

„ერთი პერიოდი ომის დაწყების დროს ძალიან დიდი ნაკადი შემოვიდა და დიდი ეიფორია იყო, თუმცა ახლა ამ ტალღამ გადაიარა და მდგომარეობა დასტაბილურდა.

მიგრაციის ეფექტი მიილია, ეს იყო მოკლე პერიოდიანი, დროებითი ეფექტი და ზოგადად, ასეთი ეფექტები ბიზნესისთვის, კარგი არ არის. იმ მომენტში შემოსავალი გაიზარდა, თუმცა მცდარ მოლოდინებს გვაძლევს და ეიფორიაში ისეთი გადაწყვეტილება შეიძლება მიიღო, რომ მიწოდება გაზარდო და ცოტა ხანში მოთხოვნა აღარ იყოს. ამ შემთხვევაში ძლიერი კომპანია თუ არ ხარ, შეიძლება გაბანკროტდე, შეიძლება მერე გადალახო და უკეთესიც იყო, მაგრამ ცოტა ხანში მაგრად დაგარტყამს. ამიტომ ასეთ საკითხებს ცოტა სიფრთხილით ვეკიდები. ვიყენებთ ამ პერიოდს, მაგრამ ამაზე ბიზნესის აწყობამ, შეიძლება, მცდარ შედეგებამდე მიგიყვანოს“, - განმარტავს მინდია საბანაძე და დასძენს, რომ „სითი მოლებისთვის“ 2023 წელი გეგმის მიხედვით სრულდება.

ცნობისთვის: TBC Capital-ის განახლებული კომერციული უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, საქართველოში 2023 წელს გაუმჯობესებულმა ბიზნეს აქტივობამ და დაჩქარებულმა მიგრაციამ ეკონომიკურ ზრდას შეუწყო ხელი და კომერციულ უძრავ ქონებაზე, მათ შორის საცალო და საოფისე ფართებზე მოთხოვნა გაააქტიურა. შედეგად ქუჩის სავაჭრო ობიექტების იჯარის ფასი 2023 წლის 9 თვეში თბილისში წლიურად საშუალოდ 11.2%-ით გაიზარდა და კვადრატულ მეტრის ფასმა $19.3- ს მიაღწია, რითიც თითქმის დაუბრუნდა 2019 წლის მაჩვენებელს. თბილისის სავაჭრო ცენტრებში იჯარის ფასებმა 2023 წლის 9 თვეში 7.5%-იანი ზრდა აჩვენა. თბილისის ბიზნესცენტრებში იჯარის საშუალო ფასი ამ პერიოდში 19%-ით გაიზარდა და $22.9 შეადგინა. ბიზნესცენტრებში თავისუფალი სივრცის საშუალო მაჩვენებელი 2023 წლის 9 თვეში 13%-ს შეადგენდა. დაკავებულობის მაჩვენებლის ზრდა განსაკუთრებით შესამჩნევია A კლასის ბიზნესცენტრებში, სადაც თავისუფალი ადგილები 10%-მდე დაეცა. საინვესტიციო ბანკი ვარაუდობს, რომ ბიზნესცენტრებში იჯარის ფასები 2024 წელს დაახლოებით 5%-ით გაიზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები