მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეს არა მხოლოდ რეცესიაა, არამედ მოულოდნელი შოკია"-ვინსენტ რეი საქართველოს ეკონომიკაზე

5e9d47559f8c5
ელენე კვანჭილაშვილი
21.04.20 09:00
14032
“დაგვჭირდება დამატებითი პროგრამები, რომ ავამუშაოთ ქვეყანა და ძველ რელსებზე უფრო მარტივად დავაბრუნოთ. ასევე, შეიძლება გამოვიყენოთ ის შესაძლებლობები, რაც შეიძლება ამ კრიზისმა გააჩინოს”, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების ხელმძღვანელმა ვინსენტ რეიმ „ანალიტიკის“ წამყვან ელენე კვანჭილაშვილთან ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე - რა მოლოდინი უნდა გვქონდეს ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით როგორც საქართველოში, ისე - მთელს მსოფლიოში, რეი ამბობს, რომ „ჩვენ არ ვიცით, რამდენად ძლიერი შეიძლება იყოს ის დარტყმა, რასაც მსოფლიო პანდემიიდან მიიღებს“.
 
„საქართველოს შემთხვევაში გვესმის ერთი რიცხვი, რაზეც სსფ და საქართველო შეთანხმდნენ - ამ ქვეყნის ეკონომიკა 4%-ით შემცირდება. აქ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სულ რამდენიმე თვის წინ საქართველოს 5%-იან ეკონომიკურ ზრდას ვუწინასწარმეტყველებდით. ანუ ეს არა მხოლოდ რეცესიაა, არამედ სრულიად მოულოდნელი შოკია. კიდევ ერთი, რაც ამ დარტყმას აძლიერებს ის არის, რომ პირველ რიგში, ტურიზმის სექტორი დაზარალდა; დარტყმა დიდია ექსპორტზე, გაცვლით კურსზე, იმ გადმორიცხვებზე, რაც უცხოეთში მცხოვრები ქართველებისგან იღებდა ქვეყანა და ა.შ. იმ ფონზე, როცა ეს ქვეყნებიც რეცესიის წინაშე დგანან და საზღვრებიც ამ დრომდე ჩაკეტილია, ეს შემოდინებები უნდა ვივარაუდოთ, რომ კიდევ უფრო მეტად შემცირდება.

ერთი, რაც ამ დრომდე არ ვიცით ის არის, რომ თუ რა გავლენა ექნება საქართველოს ეკონომიკაზე საბოლოოდ საგანგებო მდგომარეობას და გამკაცრებულ წესებს, რაც იზოლაციას უკავშირდება - ეს ერთი მხრივ აუცილებელია, ჯანმრთელობის დაცვისთვის, მაგრამ ძალიან სერიოზულად ამცირებს ეკონომიკურ აქტივობას - ნიშნავს შემცირებულ სამუშაო ადგილებს და ჯერ არ ვიცით, ეს მდგომარეობა რამდენ ხანს გასტანს.

არც ის ვიცით, რამდენ ბიზნესს მიაყენებს დარტყმას. ჩვენი პაკეტის ერთი ნაწილია ბიზნესისთვის ლიკვიდურობის შექმნა – 90 მილიონი ევრო გრანტების სახით ამ მიზნისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია შოკთან გასამკლავებლად და ამ შოკიდან გამოსასვლელად, მაგრამ მაინც დაგვჭირდება დამატებითი პროგრამები, რომ ავამუშაოთ ქვეყანა და ძველ რელსებზე უფრო მარტივად დავაბრუნოთ. ასევე, შეიძლება გამოვიყენოთ ის შესაძლებლობები, რაც შეიძლება ამ კრიზისმა გააჩინოს“, - აცხადებს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების ხელმძღვანელი.