„ევროკავშირი მოწოდების სიმაღლეზეა, როგორც ყოველთვის და მიუხედავად იმისა, თუ როგორ იქცევა საქართველოს ხელისუფლება, თავად დაიწყო გამოსავლის ძებნა, როგორ გადავრჩეთ, როგორ არ ჩავრჩეთ იქ, სადაც ამ წუთას ვიმყოფებით და გაგვეხსნას გზა ევროკავშირისკენ,“ – ამის შესახებ ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარემ თინა ხიდაშელმა „ანალიტიკა“–ს პირდაპირ ეთერში განაცხადა.
ყოფილი თავდაცვის მინისტრის თქმით, მის ამ ოპტიმიზმს, სამწუხაროდ, ვერ ამაგრებს ის, რაც დღეს საქართველოს პრემიერ–მინისტრისგან მოვისმინეთ. „[ირაკლი ღარიბაშვილი] პრესკონფერენციაზე ჭირვეული ბავშვივით ლაპარაკობდა – აი, რომ გაჯიუტდები ადამიანი საკუთარ შეცდომაში და საკუთარ მოსაზრებებში, ისე ეპაექრებოდა ჯოზეფ ბორელის, რომელიც მხოლოდ იმას გვეუბნებოდა, რომ ევროკავშირში ფიქრობენ და ზრუნავენ იმაზე და მუშაობენ იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი,“ – ამბობს თინა ხიდაშელი.
თბილისში უმაღლესი ევროკომისარის ჯოზეფ ბორელის პირველი ოფიციალური ვიზიტი მიმდინარეობს. მან სამუშაო შეხვედრები გამართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან შალვა პაპუაშვილთან, საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან.
ბორელი ასევე შეხვდა ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსაც. დღის ბოლო დაგეგმილია ევროკომისარის მისვლა საოკუპაციო ხაზთან, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან ერთად. ჯოზეფ ბორელის ვიზიტი დღეს სრულდება.