მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ეს არის სარგებელი და არა ხარკი” - "ალდაგი" ავტომობილების სავალდებულო დაზღვევაზე

61e27e9aad98b
მარიამ იზორია
15.01.22 13:00
1746
“ავტომობილებისთვის პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა არის სარგებელი და არა  ხარკი” - ეს განცხადება სადაზღვეო კომპანია “ალდაგის” გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბარათაშვილმა bmg drive-ში გააკეთა.

მისი განმარტებით, ავტომობილების სავალდებულო დაზღვევის კანონი ყველა განვითარებულ ქვეყანაში უკვე მოქმედებს, საქართველოში კი კანონი 2019 წელს უნდა მიეღოთ, რადგან ქვეყანას ამის ვალდებულება ევროკავშირთანაც აქვს, თუმცა დოკუმენტის სამუშაო ვერსია ჯერ კიდევ პარლამენტშია. როგორც ბარათაშვილი ამბობს, მიმდინარე წელს სადაზღვეო კომპანიები ამ საკითხს აქტიურად დააყენებენ დღის წესრიგში.

"ალდაგის" გენერალური დირექტორი ამბობს, რომ ავტომობილების დაზღვევის კუთხით ბაზარი ძალიან ნელა ვითარდება, რასაც ისიც მოწმობს, რომ 1 400 000 რეგისტირებული მანქანიდან ქვეყანაში არსებულ 18-ივე სადაზღვეო კომპანიას ჯამში სულ რაღაც 100 000 მანქანა ყავს დაზღვეული, რაც საერთო რაოდენობის მხოლოდ 7%-ს შეადგენს.

“ავტომობილებისთვის პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა არის სარგებელი და არა ხარკი. დღეში 30-50 თეთრის გადახდა მოსახლეობას მნიშვნელოვან ზარალს თავიდან ააცილებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემს ავტომობილს თუ დააზიანებს მეორე ავტომობილი და მისი ბრალეულობა გამოიკვეთება, ჩემი ჯანმრთელობა და ქონება სრულიად დაფინანსდება. საუბარია მაღალ ლიმიტებზე - 50 000 ლარზე. ეს კანონი ძალიან გვჭირდება, ამას უნდა წინასწარი კამპანია, ყველაფერი ეტაპობრივად უნდა მოხდეს, მაგალითად, საწყისად კანონი გავრცელდეს კორპორატიულ მანქანებზე, შემდგომ გარკვეული წლოვანების ავტომობილებზე - ასე მოსახლეობა ავტომობილის სავალდებულო დაზღვევის მნიშვნელობას უფრო კარგად გაიგებს.

რაც შეეხება თანაბარი განაწილების პრინციპს, ეს დემოკრატიული არ არის, თუმცა თავიდან მსხვილი კომპანიები მზად ვართ, რომ თანაბრად გადანაწილდეს, შემდგომ კი მოქალაქეს მიეცეს შესაძლებლობა თავად გადაწყვიტოს რომელ კომპანიაში დააზღვევს ავტომობილს” - აცხადებს ბარათაშვილი.