მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის გახდება სავალდებულო ავტომფლობელთა მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა?

63bd48da02e11
ელენე გოგბერაშვილი
10.01.23 19:00
2920
საქართველოში ავტომფლობელთა მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა სავალდებულო გახდება. კანონპროექტს, რომელიც ჯერ კიდევ 2018 წლის 31 დეკემბერს დარეგისტრირდა პარლამენტში, სავარაუდოდ, საგაზაფხულო სესიაზე დაამტკიცებენ. ასეთი მოლოდინი აქვს როგორც მარეგულირებელს, ისე თავად სადაზღვევო ინდუსტრიას.

დოკუმენტის პირველადი ვერსიის მიხედვით, დაზღვევის შეძენა ყველასთვის სავალდებულო გახდება. სადაზღვევო პრემიის მოცულობა კი ტრანსპორტის კატეგორიების მიხედვით განსხვავებულია. მაგალითად, მსუბუქი ავტომობილის შემთხვევაში წლიური მაქსიმალური სადაზღვევო პრემია, რისი გადახდაც მოქალაქეებს მოუწევთ, მაქსიმუმ 150 ლარი შეიძლება იყოს.

„თითოეულ შემთხვევაზე ლიმიტი არის 25 000 ლარი ქონებრივ ზიანზე, 50 000 ჯანმრთელობაზე მიყენებულ ზიანზე. იფარება როგორც მოძრავი, ისე უძრავი ქონება. მარტივი მაგალითი რომ განვიხილოთ, ვმოძრაობ ჩემი მანქანით, მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, გამოიკვეთა ჩემი ბრალეულობა, ვიძახებ საპატრულო პოლიციას, ვრეკავ ქოლ ცენტრში, ფასდება იმ ადამიანზე მიყენებული ზიანი და 100%-ით ფარავს ზიანს პოლისი“, - განმარტავს bm.ge-სთან "ალდაგის" გენერალური დირექტორი, გიორგი ბარათაშვილი.

„მიუხედავად იმისა, რომ სავალდებულოობა შეიძლება არ იყოს სასურველი მოდელი ნებისმიერ დარგში, ვფიქრობ, მესამე პირთა პასუხისმგებლობა არის ერთ-ერთი საკითხი, სადაც სავალდებულოობა სავალდებულოა.

აქ საუბარია იმაზე, რომ გაცილებით მცირე ფინანსური ხარჯის სანაცვლოდ ადამიანებს ჰქონდეთ გაცილებით დიდი მოცულობის ფინანსური პასუხისმგებლობის რესურსი თუ მათი ბრალეულობით მოხდა მესამე მხარის ქონების ან ჯანმრთელობის დაზიანება. ვფიქრობ, ეს არის გაცილებით კარგი ინსტრუმენტი, ასეთი ტიპის პასუხისმგებლობის დაზღვევა, ვიდრე საჭიროების შემთხვევაში რთულ ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩენა“-აცხადებს იმედი L-ის გენერალური დირექტორი.

„ალდაგის“ გენერალური დირექტორის შეფასებით, საუბარია დამატებით 100 მილიონი ლარის ბაზარზე, თუმცა რა იქნება ინდუსტრიის მომგებიანობა, ამის წინასწარ განსაზღვრა რთულია.

„მომგებიანობას რაც ველოდებით? არ ვიცი, პირველ წელს რთული იქნება ამის თქმა, ბევრი მაგალითი გვქონდა აღმოსავლეთ ევროპაში, როცა მზღვეველმა შესვლის შემდეგ დატოვა ეს პროექტი. მოლოდინებზე საუბარი რთულია, თუმცა 90-95% რომ იყოს ზარალიანობა და 5-10%-მდე რომ იყოს მოგება, იქნებოდა კარგი, თუმცა ერთი წლის თავზე შეგვეძლება ამაზე საუბარი“, - განმარტავს ბარათაშვილი.

მისი თქმით, სადაზღვევო კომპანიებს კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები არ აქვთ, რადგან დოკუმენტი მათი აქტიური ჩართულობით მომზადდა. ამ დრომდე ღია იყო საკითხი, როგორ მოხდებოდა სადაზღვევო პრემიის გადანაწილება მზღვეველ კომპანიებზე. "ამ ნაწილში მსხვილი კომპანიები დათმობაზე წავიდნენ" - ამბობს "ალდაგის" გენერალური დირექტორი. გიორგი ბარათაშვილის თქმით, პირველ ეტაპზე მოზიდული პრემია 18 სადაზღვევო კომპანიაზე თანადაზღვევის სისტემით გადანაწილდება.

„წარდგენილი კანონპროექტით პირველი ორი წლის განმავლობაში ყველა კომპანია იღებს თანაბრად წილს, თუმცა დიდი კომპანიები, მათ შორის ჩვენც წავედით დათმობაზე და ვთქვით, რომ რეალურად მოხდეს თანაბარი გადანაწილება 2 წლის განმავლობაში, რომ დისკომფორტი არ შეჰქმნოდა არც მთავრობას და არც კანონმდებლებს, როცა ამ კანონს განიხილავენ და არ დარჩენილიყო ეს საკითხი ღიად. პირველ ორი წელი იქნება თანაბარი გადანაწილება, შემდეგ გაწერილია ფორმულა და სავარაუდოდ ბაზრის წილების მიხედვით იქნება შემდეგ წლებში“, - განმარტავს ბარათაშვილი.

ექნებათ თუ არა შენიშვნები წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით კანონმდებლებს, ეს საკომიტეტო განხილვების დროს გამოჩნდება. დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, მათ მიერ წარდგენილი კანონპროექტის განხილვები და მიღება წელს უნდა მოესწროს.

კანონი, რომელიც მოქალაქეებს ავტომფლობელთა მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევას ავალდებულებს, კანონპროექტში არსებული ჩანაწერის მიხედვით, 2024 წლის იანვრიდან უნდა ამოქმედდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები