ალდაგი 2014 წლიდან ჩართულია აგრო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში, რაც ნიშნავს, სასურველი კულტურის დაზღვევა და სტიქიით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება მომხმარებლებს 70%-იანი სუბსიდიით შეუძლიათ და ფერმერებს დაზღვევის რეალური ღირებულების მხოლოდ 30%-ის გადახდა უწევთ, რაც დაზღვევას საკმაოდ ხელმისაწვდომს ხდის.
ალდაგი ფერმერებს ისეთი კულტურების დაზღვევას სთავაზობს, როგორიცაა: ვაზი, მარცვლეული, პარკოსანი კულტურები, ბოსტნეული, ბაღჩეული, ხეხილი, კაკლოვანი კულტურები, სუბტროპიკული კულტურები და ციტრუსი. დაზღვევა ისეთ გავრცელებულ რისკებს ანაზღაურებს, როგორიცაა სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი, საშემოდგომო ყინვა (ეს უკანასკნელი მხოლოდ ციტრუსოვანი კულტურებისთვის);
კლიმატურმა პირობებმა აგრონომიას დიდი ზიანი მიაყენა, როგორც ალდაგის გენერალური დირექტორი, გიორგი ბარათაშვილი აღნიშნავს, 2023 აგროზარალი მასშტაბურია და ზარალის მიმართულებით წლევანდელი წელი ინდუსტრიისთვის საკმაოდ მძიმე იქნება.
“მხოლოდ წელს 14 000 ნაკვეთი დაისეტყვა, ჩვენ აგროდაზღვევას 2012 წლიდან ვახორციელებთ და ამ 11 წლის განმავლობაში, ასეთი ანომალიური წელი არ გვახსოვს, ვფიქრობთ, ზარალის მიმართულებით საკმაოდ მძიმე ელი იქნება ინდუსტრიისთვის”,- აღნიშნა ბარათაშვილმა გადაცემა “საქმიან დილაში” სტუმრობისას.
ამასთან, გენერალურმა დირექტორმა კომპანიის საცალო გაყიდვებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აქამდე თუ ბიზნესები აქტიურობდნენ, ახლა დაზღვევის კუთხით ფიზიკური პირების გააქტიურდნენ და “ალდაგს” საცალო გაყიდვებში 30%-იანი ზრდა აღენიშნება.
“ბიზნესს საზოგადოება უფრო მეტად თანამშრომლობდა და თანამშრომლობს სადაზღვეოებთან, ფიზიკური პირები აქამდე ისე არ აქტიურობდნენ, როგორც წელს, ფიზიკური პირების დაზღვევაში 30%-იანი ზრდა გვაქვს, რაც ძალიან კარგი სიგნალია, ეს იმაზე მიგვანიშნებს, რომ უფრო მეტი ფიზიკური პირი ერთვება დაზღვევაში, სწორედ ამიტომ, შემდეგი 6 თვის მოლოდინები ამ კუთხით პოზიტიურია”, - დასძინა მან.
ბარათაშვილმა კომპანიის ერთ-ერთ სერვისზე, გადაზღვევაზეც ისაუბრა და დასძინა, რომ “ალდაგი” ბაზარს აფართოებს და წლის ბოლომდე ყაზახეთშიც გაიტანს მომსახურებას.
“შარშან ალდაგი პირველი სადაზღვევო კომპანია გახდა, რომელმაც რეგიონში გადაზღვევის ოპერირება დაიწყო, ჩვენ აქტიურად ვოპერირებთ ადგილობრივ ბაზარზე, სადაც მოთხოვნა და ცნობადობა უფრო და უფრო იზრდება, ამასთან, ვოპერირებთ რეგიონში, სომხეთსა და აზერბაიჯანში, წელს გვინდა ყაზახეთშიც გავიდეთ და ამისთვის აქტიურად ვმუშაობთ, წლის ბოლომდე სხვა ინოვაციური სიახლეებიც გვაქვს, რომელსაც მომხმარებელს ეტაპობრივად გავაცნობთ”, - თქვა მან.
ცნობისთვის: 2023 წლის 6 თვის განმავლობაში სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდული პრემია პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან გაიზარდა და 591 მილიონი ლარი შეადგინა, მაშინ როცა 2022 წლის პირველ ნახევარში 505 მლნ ლარი იყო. რაც შეეხება მოგებას, 2023 წლის პირველ ორ კვარტალში, მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ 121,5 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 34,3 მილიონი ლარი შეადგინა. 2022 წლის პირველ ნახევარში კი მოგება 92 მლნ ლარი იყო, წმინდა მოგება კი - 10 მლნ ლარი.