01.დეკემბერი .2020 21:41

„ეს კატასტროფაა და წარმოებების დახურვას ნიშნავს" - გადასახადის გადამხდელთა კავშირი გაზის გაძვირებაზე

„ეს კატასტროფაა და წარმოებების დახურვას ნიშნავს"  - გადასახადის გადამხდელთა კავშირი გაზის გაძვირებაზე
views 790
უკან

არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის, გარდა პურის საწარმოებისა, 2021 წლის 3 იანვრიდან ბუნებრივი გაზის ღირებულება ძვირდება. როგორც ირკვევა, ტარიფი დღეს არსებული 0.86 ლარიდან 1.10 ლარამდე იზრდება. შესაბამისი განცხადება „თბილისი ენერჯიმ“ დღეს გაავრცელა და გადაწყვეტილების მიზეზად რამდენიმე არგუმენტი მოიყვანა, მათ შორის ვალუტის კურსის მკვეთრი ვარდნა და ინფრასტრუქტურა, რომელიც რეაბილიტაციას საჭიროებს.

Bm.ge „თბილისი ენერჯის“ გადაწყვეტილების შესახებ „გადასახადის გადამხდელთა კავშირის“ თავმჯდომარე სანდრო რატიშვილს ესაუბრა. როგორც ის ამბობს, აღნიშნული გადაწყვეტილება, ძალაში შესვლის შემთხვევაში ნიშნავს, რომ „მწარმოებლების კარებზე ბოქლომები უნდა ჩამოეკიდოს“.

„ეს არის კატასტროფა, მოულოდნელი რამეა და ნიშნავს წარმოებების დახურვას. წარმოუდგენელი რამეა, აბსოლუტურად შეუძლებელია. ეს ყოვლად მიუღებელია და ამ გადაწყვეტილების დაშვება არაფრით შეიძლება. მით უმეტეს დამძიმებული პანდემიური ვითარების გამო ამ მასშტაბით გადასახადის გაზრდა ნიშნავს ყველა წარმოებაზე დიდი ბოქლომის ჩამოკიდებას. მსგავსი გადაწყვეტილების არათუ აღსრულება, არამედ წარმოდგენაც კი შეუძლებელია“, - აცხადებს რატიშვილი.

მისი თქმით, ის, რომ კომპანია გამოვიდა და ცალსახად თქვა, რომ ტარიფი იზრდება, თან 24 თეთრით, ვერ შესრულდება.

„რისთვის გვყავს მთავრობა? რისთვის ვირჩევთ ხელისუფლებას? ასეთ შემთხვევაში უნდა გამოიჩინოს ხელისუფლებამ მეტი ძალისხმევა. მართალია, ეს კერძო კომპანიაა, მაგრამ არ არის ჩვეულებრივი კერძო კომპანია, ეს არის ბუნებრივი მონოპოლია, რომელიც ახორციელებს კონკრეტული პროდუქტის მიწოდებას კონკრეტულ ბაზარზე. ჩვეულებრივი კერძო კომპანია ეს არ არის. მე არ ვამბობ, რომ მთავრობამ უნდა დაიბაროს და თითის დაქნევით განუსაზღვროს ფასი, მაგრამ პურის ფასი რომ არ გაიზრდება ამაზე ხომ კარგად საუბრობენ მთავრობის წევრები? არსებობს მარეგულირებელი ორგანოები, რომლებიც მსგავს საკითხებს არეგულირებენ და სწორედ მათი მეშვეობით უნდა მოაგვაროს საკითხი მთავრობამ“, - ამბობს რატიშვილი.

რაც შეეხება „თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ განცხადებას და მოყვანილ არგუმენტებს იმასთან დაკავშირებით, რომ ტარიფის ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის კურსის გაუფასურება, როგორც რატიშვილი ამბობს, „ეს მართალია, და კურსის გაუფასურება პრობლემაა ყველა კომპანიისთვის, თუმცა ამ სიტუაციის გამოყენება ბუნებრივი მონოპოლისტური კომპანიის მიერ და კატასტროფულად მაღალი ციფრის დასახელება, სწორი არ არის“.

„24 თეთრი რომ გამოგვიცხადა „თბილისი ენერჯიმ“, კარგად განგვიმარტოს მაშინ, საიდან მოვიდა ეს რიცხვი? როგორ აყალიბებენ ამ ტარიფს? ღიად გვითხრან, იქნებ ვეთანხმებით. ამბობენ მომხმარებლებს არ გაუძვირდებათ, მათზე ვზრუნავთო, ჩვენს კომპანიებში მოქალაქეები არ მუშაობენ? და თუ ტარიფები გაგვიძვირდება ან ხელფასების შემცირება არ მოგვიწევს, ან თანამშრომლების სახლში გაშვება?

განცხადებაში უწერიათ ასევე, რომ ტარიფის გაზრდა გამოიწვია იმან, რომ 60 წელია ინფრასტრუქტურისთვის ხელი არავის უხლია, აბა რას აკეთებენ 60 წელი? გადასახადს რისთვის ვიხდით აქამდე? აქამდეც კატასტროფული ტარიფი გვქონდა, 0.86 თეთრი და ამხელა გადასახადს იმისთვის ვიხდიდით, რომ თანხა ინფრასტრუქტურის გაჯანსაღებას უნდა მოხმარებოდა. რატომ ვიხადეთ ამხელა ტარიფი აქამდე?“, - ინტერესდება რატიშვილი.

მისი თქმით, უნდა შეიქმნას პლატფორმა და სავარაუდოდ ასეც მოხდება ასოციაციების ბაზაზე, სადაც აღნიშნულ საკითხზე იმსჯელებენ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა