მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ეს პროექტი მნიშვნელოვანი და სასარგებლო იქნება ქალაქისთვის”- საკრებულოს წევრი ივანიშვილის პროექტზე

648350c82a877
ანუკა ჯოხაძე
09.06.23 23:35
1037
კოსტავას ქუჩაზე, ყოფილი აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიაზე “ქართუ ფონდის” ცათამბჯენების პროექტის განხილვები 4 მაისს განახლდა. 4 მაისს მუნიციპალურ სამსახურს პროექტის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება ხელახლა წარედგინა. პროექტის შესახებ განახლებული დოკუმენტაცია კომპანიამ მიმდინარე წლის 6 ივნისს წარადგინა.

განახლებული დოკუმენტაციის მიხედვით კომპანიას პროექტში ცათამბჯენების სართულიანობის შესახებ ცვლილებები აქვთ შეტანილი.

საკრებულოს უმრავლესობაში პროექტს იწონებენ. საკრებულოს უმრავლესობის წევრი რევაზ სოხაძე ამბობს, რომ დედაქალაქის ცენტრში მსგავსი მასშტაბის პროექტის განხორციელება სარგებლის მომტანია. მისი თქმით, პროექტთან დაკავშირებით უახლოეს პერიოდში საკრებულოში განხილვები დაიწყება.

“ამ პროექტთან დაკავშირებით ძალიან დიდი ხანია მიდის მუშაობა, მათ შორის კონსულტაციები მიმდინარეობდა მუნიციპალიტეტთანაც. პირველი რაც მნიშვნელოვანია საინტერესოა ის, რომ პროექტში არის გათვალისწინებული ისტორიული შენობების შენარჩუნება და ახალ პროექტთან შერწყმა, რაც ვფიქრობ, კარგი მაგალითი იქნება როგორ შეიძლება ისტორიულ განაშენიანების თანამედროვე პროექტებში შერწყმა, მათი ფუნქციის შეცვლა, მაგრამ იერსახის შენარჩუნება. ამ თვალსაზრისით ვფიქრობ, რომ თბილისისთვის ეს იქნება საინტერესო მაგალითი.

რაც შეეხება სართულიანობის შემცირებას, ამასთან დაკავშირებით იყო კონსულტაციები. მე სართულიანობა არ მიმაჩნია პრობლემად , თუმცა დამკვეთის მხარემ გადაწყვიტა სართულების რაოდენობის შემცირება. ამ პროექტთან დაკავშირებით გაგარძელდება მუშაობა, გეგმარებითი დავალება არის ატვირთული. საკრებულოშიც გამოიგზავნება და ვფიქრობ, რომ ეს პროექტი მნიშნელოვანი იქნება ქალაქისთვის და სასარგებლო,”-აცხადებს საკრებულოს წევრი რევაზ სოხაძე.

ცნობისთვის, კომპანია ამ შემთხვევაშიც ითხოვს არსებული ფუნქციური ზონის (რეკრეაციული ზონა 2) ცვლილებას. წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, არსებული რეკრეაციული ზონა 2 ჩანაცვლდება საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 2-ით (სსზ-2).

ტერიტორიაზე ამჯერადაც არის მოთხოვნილი სპეციალური ზონალური გავრცელება, რომლის მიხედვითაც დამკვეთი საგამონაკლისო სახით საცხოვრებელი ფუნქციის k2 კოეფიციენტის 50%-იან მატებასა ითხოვს. დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ ნამატი 50%-ის 4% მუნიციპალიტეტს ან თანხის სახით, ან თეთრი კარკასის მდგომარეობით გადაეცემა.

ამასთან, როგორც ცნობილია, ტრანსპორტისა და ურბანულმა სააგენტომ მარტში პროექტი დაახარვეზა, რასაც პირვანდელი გრგ-ს განხილვის შეჩერება და საქმის დახურვა მოჰყვა.

ტრანსპორტისა და ურბანულ სააგენტოს, “ქართუ ჯგუფში” შემავალმა კომპანია “კოსტავას 69”-მა თავდაპირველად პროექტი გასული წლის 31 დეკემბერს წარუდგინა, რომლითაც აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მოწყობას გულისხმობდა. ამონაწერის მიხედვით, "კოსტავას 69" საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" შვილობილია.

პროექტს საზოგადოების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა, რადგან აღნიშნულ ტერიტორიაზე "კოსტავას 69"-ს ორი ცათამბჯენის აშენება სურდა, რომლიდან ერთის სიმაღლე მაქსიმუმ 65 სართულით იყო განსაზღვრული.