მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეს შეიცავს პოპულიზმის ნიშნებს - ალაფიშვილი ხელფასების სუბსიდირების კანონპროექტზე

5ef0d22fb14ad
ელენე გოგბერაშვილი
22.06.20 22:30
1269
"ქართული ოცნების" დეპუტატების მიერ პარლამენტში ინიცირებული „დასაქმების ხელშეწყობის შესახებ კანონპროექტი“ მოწყვლადი ჯგუფების ხელფასების სუბსიდირებას ითვალისწინებს. კერძოდ, კომპანიები, რომლებიც შშმ პირებს, სოციალურად დაუცველებსა და დევნილის სტატუსის მქონე პირებს დაასაქმებენ, სახელმწიფოსგან ხელფასის სარგოს 50%-ის სუბსიდიას 3 თვის განმავლობაში მიიღებენ.

იურისტის ლევან ალაფიშვილის შეფასებით, აღნიშნული კანონპროექტი პოპულიზმის მაგალითია, ამ გზით სოციალური პრობლემის გადაწყვეტა კი არასწორი არჩევანი. იურისტი მთავრობას, განვითარებული ქვეყნების საუკეთესო მაგალითების გათვალისწინებას ურჩევს და წარმოდგენილ ცვლილებებს აკრიტიკებს.

"სუბსიდირების გზით სიარული არ არის საუკეთესო გადაწყვეტა პრობლემების, მათ შორის სოციალური პრობლემების, რომელსაც ყველა საზოგადოება აწყდება. ასეთი მექანიზმი ჩვენნაირი ნაკლებად განვითარებული დემოკრატიის პირობებში შეიცავს არაკეთილსინდისიერი ქმედებებისა და კორუფციის რისკებს და შესაბამისად არ მგონია, რომ ამ გადაწყვეტილებას დღესვე მთავრობა უჭერდეს მხარს.

ჩვენ შეგვიძლია მივმართოთ მთავრობას, რამდენად არის მისაღები, რომ ამა თუ იმ დამსაქმებელს ისე, რომ კონტროლის მექანიზმები არ ჰქონდეს, მისცეს გადასახადების გადამხელთა ფული. ბუნებრივია ამაზე პასუხი ყველა პასუხისმგებლიანი მთავრობისგან უნდა იყოს ის, რომ ის დამატებითი კონტროლის მექანიზმების გარეშე არ დაუჭერს მხარს დასაქმებულთა ამ გზით სუბსიდირებას.

სახელმწიფოს არაერთი მექანიზმი აქვს უკვე გამოცდილი ჩვენზე განვითარებულ ქვეყნებში, რომლითაც შესაძლებელია სამუშაო ადგილების გაჩენა, მხარდაჭერა და გადამზადება კადრების, ბიზინესთან დიალოგით იმ პროფესიების გამოკვეთა, რომელიც მოთხოვნადია და შესაბამისად ამ ადამაინებისთვის ახალი უნარების შეძენაში გარკვეული ინვესტირება.

როგორც ჩანს სახელმწიფო ამ გზას არ ირჩევს. ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ, რომ საქართველოში არაერთი წელია არსებობს სტრუქტურა ჯანდაცვის სამინისტროში, რომელმაც ჯერ ვებ-გვერდი გააკეთა, მერე თქვა მონაცემთა ბაზას ვაკეთებო, თუმცა ჩვენ არ გვინახავს ხელშესახები შედეგი, რომ სახელმწიფომ გადამზადების მიმართულებით ან თუნდაც რაც დაიწყო იმით საზოგადოებას და ბიზნესს გადაუწყვიტა პრობლემა. ასეთი არ ყოფილა, სამაგიეროდ ამ სტრუქტურის და მოხელეთა დაფინანსებაში არაერთი მილიონი უკვე გადახდილი გვაქვს.

ამ მოცემულობაში ყველაზე მარტივი გადაწყვეტა - სუბსიდირება ფოკუს-ჯგუფებისა არ არის სწორი და ატარებს პოლიტიკური პოპულიზმის ნიშნებს, რაც ახსნილია წინასაარჩევნო გარემოთი“, - აცხადებს ალაფიშვილი.

დასაქმების ხელშესაწყობად ინიცირებული ცვლილებები დამტკიცების შემთხვევაში ძალაში 2021 წლის სექტემბრიდან უნდა შევიდეს.