ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ გაბუნია აცხადებს, რომ წელს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება მარტოხელა დედების და მცირეწლოვანი ბავშვების მშობლების ხელშეწყობა იქნება, რათა მათ უკეთ შეძლონ შრომის ბაზრის საჭიროებებზე მორგება.
თამარ გაბუნიამ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ საკითხის ქმედითი გადაწყვეტისთვის, სხვა უწყებებთან, მათ შორის, განათლების სამინისტროსთან იქნება კონსულტაციები. ერთ-ერთ შესაძლო მექანიზმად გაბუნია სკოლებში ბავშვების გახანგრძლივებულ დარჩენას ასახელებს.
„რაც შეეხება მარტოხელა დედების და მცირე ასაკის ბავშვების მშობლების ხელშეწყობას. შეიძლება არ არის მარტოხელა დედა, მაგრამ გვესმის, რომ ბავშვს მომვლელი სჭირდება. ესეც გარკვეულწილად დედათა და ბავშვთა დაცვის სოციალური პოლიტიკის ნაწილია და ვფიქრობთ, მეტი კონსულტაციები და მეტი მუშაობა დაგვჭირდება წელს ამ მიმართულებით, განათლების სამინისტროსთან და სხვა უწყებებთან ერთად, იმასთან დაკავშირებით რომ მარტოხელა დედას რა შეიძლება შევთავაზოთ სკოლაში, გახანგრძლივებული დარჩენის ან სხვა მექანიზმის სახით, იმისთვის რომ, მისი დრო მეტად მარტივად მოერგოს შრომის ბაზრის საჭიროებებს. ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება და პრიორიტეტი იქნება წელს. სტატისტიკურად, ქალბატონებს მეტად აქვთ ინტერესი და მეტად იყენებენ ჩვენი დასაქმების სააგენტოს სერვისებს და სამომავლოდაც მნიშვნელოვანია, რომ ეს მიმართულება გაძლიერდეს“,- აღნიშნა თამარ გაბუნიამ, რომელმაც დღეს კომიტეტს „დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2023 წლის ანგარიში“ წარუდგინა.