მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, შეასრულოს რეფორმებთან დაკავშირებული ვალდებულებები

612e53f3ae969
თელარა გელანტია
31.08.21 20:06
818
“ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს რეფორმებთან დაკავშირებული ვალდებულებები, მათ შორის მართლმსაჯულების სფეროში, საქართველოს მოქალაქეების ინტერესების შესაბამისად და ევროკავშირი-საქართველოს სამომავლო ურთიერთობებისთვის. ევროკავშირი გააგრძელებს სიტუაციაზე ყურადღებით დაკვირვებას", - ეს განცხადება საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა ჟულიენ კრამპმა სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა, სადაც საქართველოს მთავრობის მიერ მაკროფინანსურ დახმარებაზე უარის თქმის თემას შეეხო.

„საქართველოს მთავრობამ ევროკავშირს შეატყობინა თავისი გადაწყვეტილების თაობაზე, თავი შეეკავებინა 75 მილიონი ევროს დახმარების მოთხოვნისგან. ეს თანხა 2021 წლის 30 სექტემბრამდე უნდა გადმორიცხულიყო იმ შემთხვევაში თუკი საქართველო შეასრულებდა ორმხრივად შეთანხმებულ ვალდებულებებს, რომელიც 2020 წლის სექტემბერში ევროკავშირთან შეთანხმებით აიღო. მაკროფინანსური დახმარების მთლიანი მოცულობაა 150 მილიონი ევრო, რომლის პირველი ნახევარიც უკვე გადმორიცხულია. ეს თანხა საქართველოს ეკონომიკისა და მისი მოქალაქეების მხარდაჭერისთვის იყო მიმართული, რომელიც COVID-19-ის პანდემიით დაზარალდა.

ევროკავშირი ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის დასაბუთებას, რომ არ მოითხოვოს ფინანსური დახმარების დარჩენილი ნაწილი. პატივს ვცემთ რა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, ამავე დროს აღვნიშნავთ, რომ საქართველომ ვერ შეძლო საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა და კერძოდ, გაეზარდა სასამართლო სისტემის მდგრადობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი. უფრო დეტალურად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნები წარიმართა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების გარეშე, ხოლო ეს საკანონმდებლო ცვლილებები უნდა ყოფილიყო თანხვედრაში ვენეციის კომისიის მიერ განსაზღვრულ რეკომენდაციებთან. მოსამართლეთა შერჩევის პროცესში არ იყო დაცული თანაბარი პირობები ყველა კანდიდატის მიმართ. ასევე არ იყო მიღებული კიდევ რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც მიზნად ისახავდა სასამართლო სისტემის გამჭვირვალობის გაზრდას.

სასამართლო სისტემის რეფორმირების საკითხი, ამასთანავე, წარმოადგენდა ერთ-ერთ საკითხს 19 აპრილის შეთანხმებაში, რომელსაც ხელი საქართველოს პოლიტიკურმა პარტიებმა მოაწერეს. ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს რეფორმებთან დაკავშირებული ვალდებულებები, მათ შორის მართლმსაჯულების სფეროში, საქართველოს მოქალაქეების ინტერესების შესაბამისად და ევროკავშირი-საქართველოს სამომავლო ურთიერთობებისთვის. ევროკავშირი გააგრძელებს სიტუაციაზე ყურადღებით დაკვირვებას", - აცხადებს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სპიკერი.