მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უმდიდრესი რუსი ბიზნესმენები Forbes-ის მიხედვით

60941d6f2d842
BM.GE
07.05.21 00:30
1491
გასული წლის განმავლობაში, კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, Forbes-ის უმდიდრესი რუსი ბიზნესმენების სიის წარმომადგენლების მთლიანი ქონება $207 მილიარდით გაიზარდა. 2020 წელს რუსეთის მშპ 3.1%-ით შემცირდა, მაგრამ აღსანიშნავია, რომ კრიზისმა სახელმწიფოს ყველა სფეროზე ერთნაირად არ იმოქმედა.

ცნობისთვის, მეტალურგიული კომპანიების აქციების ფასებში ზრდა შეინიშნება, მათ შორისაა კომპანია PJSC Severstal-ი, რომლის აქციების ღირებულება 15%-ით გაიზარდა. შედეგად, კომპანიის მფლობელი ალექსეი მორდაშოვი Forbes-ის სიაში საპატიო პირველ ადგილს იკავებს $29.1 მილიარდით. სიის მეორე და მესამე ადგილები ასევე მეტალურგიული კომპანიების თანამფლობელებს ვლადიმირ პოტანინსა ($27 მილიარდი) და ვლადიმირ ლისინს ($26.2 მილიარდი) უკავიათ.

აღსანიშნავია, რომ 2020 წელი ინტერნეტკომპანიებისთვისაც დადებითი შედეგების მომტანი იყო. კომპანია Telegram–ის მფლობელის, პაველ დუროვის ქონება $3.4 მილიარდიდან $17.2 მილიარდამდე გაიზარდა, რის შედეგადაც ის Forbes-ის სიაში მე-9 ადგილი იკავებს. ცნობისთვის, რუსეთის ყველაზე მდიდარი ქალი ტატიანა ბაკალჩუკი, რომელიც სიაში მე-13 ადგილს იკავებს, ონლაინმაღაზია Wildberry-ის მფლობელია. ტატიანა ბაკალჩუკის ქონება 1200%-ით გაიზარდა და $13 მილიარდი შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ Forbes-ის სიის ყველა კომპანია ფასდება საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით. Forbes-ის სიაში შედიან რუსეთის მხოლოდ ის მოქალაქეები, რომლებმაც საკუთარი ქონება კერძო კომპანიების საშუალებით დააგროვეს (სიის წარმომადგენლები არ არიან დასაქმებულნი სამთავრობო სექტორში).

წარმოგიდგენთ 10 უმდიდრეს რუს ბიზნესმენს:

1. ალექსეი მორდაშოვი – PJSC Severstal– ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე.
ქონება: $29.1 მილიარდი. განათლება: ლენინგრადის საინჟინრო და ეკონომიკური ინსტიტუტი. ალექსეი და მისი ვაჟები კომპანია Severstal–ის 30%-ს ფლობენ. აღსანიშნავია, რომ 2003 წელს მორდაშოვი გახდა Rossiya Bank-ის თანამესაკუთრე, რომლის უმსხვილესი აქციონერი ვლადიმირ პუტინის დიდი ხნის მეგობარი იური კოვალჩუკია. 2008 წლიდან მორდაშოვი ფლობს წილებს ტელეარხებში REN TV, STS, 78. 2013 წელს მორდაშოვმა მობილური ოპერატორის, Tele2-ის აქციების 50% შეიძინა.

2. ვლადიმირ პოტანინი – Interros Holding-ისა და MMC Norilsk Nickel-ის პრეზიდენტი.
ქონება: $27 მილიარდი. განათლება: მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტი.
ვლადიმირ პოტანინი საბჭოთა კავშირის პერიოდში მუშაობდა სსრკ საგარეო ვაჭრობის სამინისტროში. საბჭოთა კავშირის დაშლამდე შექმნა Interros Holding-ი, რომლის 100%-იანი წილის მფლობელია. 1991 წლიდან მოღვაწეობდა მიხაილ პროხოროვთან ერთად, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ვლადიმირის ბიზნესპარტნიორი იყო. ვლადიმირ პოტანინი იყო 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიადის ერთ-ერთი ინიციატორი, რომელმაც სათხილამურო კურორტის მშენებლობაში 8.7 მილიარდი რუბლის ინვესტიცია განახორციელა.

3. ვლადიმირ ლისინი – კომპანია Novolipetsk Metallurgical Plant-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე.
ქონება: $26.2 მილიარდი. განათლება: ციმბირის მეტალურგიული ინსტიტუტი. 1980-იანი წლების შუა პერიოდიდან სსრკ-ის დაშლამდე ლისინი მუშაობდა ყარაგანდის მეტალურგიულ ქარხანაში. 1996 წელს გავლენა მოიპოვა კომპანია Novolipetsk Metallurgical Plant-ში. 2009 წლიდან არის ევროპის სროლის კონფედერაციის (ESC) პრეზიდენტი, ხოლო 2018 წლიდან საერთაშორისო სროლის სპორტის ფედერაციის (ISSF) პრეზიდენტი. აღსანიშნავია, რომ ლისინმა ააშენა „ლისია ნორა“ – უდიდესი სპორტული და სროლის კომპლექსი ევროპაში.

4. ვაგიტ ალეკპეროვი – კომპანია NK “Lukoil”-ის პრეზიდენტი.
ქონება: $24.900 მილიონი. განათლება: მ. აზიზბეკოვის სახელობის აზერბაიჯანის ნავთობისა და ქიმიის ინსტიტუტი. ინსტიტუტის დამთავრებიდან ხუთი წლის შემდეგ ვაგიტ ალეკპეროვი ნავთობის საბადოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე დაინიშნა აზერბაიჯანში. 1987 წელს Kogalymneftegaz-ის გენერალურ დირექტორად დაინიშნა. 1992 წელს ჩამოყალიბდა NK “Lukoil” – რუსეთის უდიდესი კერძო ნავთობკომპანია. აღსანიშნავია, რომ ვაგიტ ალეკპეროვი აგროვებს ძველ მონეტებს. Forbes-ის თანახმად, ალეკპეროვის მიერ გახსნილი საერთაშორისო ნუმიზმატიკური მუზეუმის შენახვა-შევსებაში ის ყოველწლიურად $2-2,5 მილიონს ხარჯავს.

5. ლეონიდ მიხელსონი – PJSC Novatek– ის საბჭოს თავმჯდომარე.
ქონება: $24.900 მილიონი. განათლება: კუიბიშევის სახელობის საინჟინრო ინსტიტუტი. 1987 წლიდან იგი ხელმძღვანელობდა Kuibyshevtruboprovodstroy-ს. 1991 წლიდან ფლობს PJSC Novatek-ის წილს. ასევე ლეონიდ მიხელსონი ფლობს წილს კომპანია Sibur-ში. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის მარტ-აპრილში მიხელსონმა თავისი წილი Sibur-ში 35,98%-მდე შეამცირა.

6. გენადი ტიმჩენკო – PJSC Novatek-ისა და Sibur-ის დირექტორთა საბჭოს წევრი.
ქონება: $22.000 მილიონი. განათლება: ლენინგრადის ტექნიკური ინსტიტუტი. 80-იანი წლებიდან ტიმჩენკო მუშაობდა Kirishineftekhimexport-ის საგარეო სავაჭრო ასოციაციაში, რომელსაც ექსპორტზე გაჰქონდა ნავთობპროდუქტები Kirishi-ის ნავთობგადამმუშავებელი ქარხნიდან. აღსანიშნავია, რომ ტიმჩენკოს ამ პოზიციამ განსაზღვრა მისი მომავალი კარიერა. 2014 წლიდან ის PJSC Novatek-ის დირექტორთა საბჭოს წევრია. Novatek-ი „გაზპრომის“ შემდეგ რუსეთის მეორე უდიდესი კომპანიაა. ტიმჩენკო ასევე აკონტროლებს რუსეთის ერთ-ერთ წამყვან სამშენებლო კომპანია Stroytransgaz-ს. ცნობისთვის, გენადი ტიმჩენკო რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტია. 2023 წლისთვის ტიმჩენკო აპირებს „SKA კლუბის“ აშენებას. ეს იქნება მსოფლიოში ყველაზე დიდი ყინულის არენა.

7. ალიშერ უსმანოვი – კომპანია USM-ის დამფუძნებელი.
ქონება: $18.400 მილიონი. განათლება: მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტი.1994-1998 წლებში უსმანოვი ხელმძღვანელობდა საინვესტიციო და საფინანსო კომპანია Interfin-ს. აღსანიშნავია, რომ 2005 წელს უსმანოვმა ვასილ ანისიმოვთან ერთად შეისყიდა Mikhailovsky GOK-ი, რომელიც იმ დროისთვის ბორის (ბიძინა) ივანიშვილის მფლობელობაში იყო. ცნობისთვის, Mikhailovsky GOK-ი არის ერთ-ერთი უდიდესი რკინის მადნის მომპოვებელი და გადამმუშავებელი ობიექტი რუსეთში. 2012 წელს უსმანოვის ყველა აქტივი ერთ კომპანიაში, YueSem Holding Company-ში, გაერთიანდა. აღსანიშნავია, რომ 2008 წლიდან ალიშერ უსმანოვი ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის (FIE) პრეზიდენტია.

8. ანდრეი მელნიჩენკო – Eurochem-ისა და SUEK-ის დირექტორთა საბჭოს წევრი.
ქონება: $17.900 მილიონი. განათლება: რუსეთის ეკონომიკის აკადემია. 2000 წელს მელნიჩენკო სერგეი პოპოვთან ერთად გახდა MDM ჯგუფის მეწილე. 2000-2002 წლებში მელნიჩენკომ და პოპოვმა მთელი რიგი საწარმოო აქტივები შეიძინეს. შედეგად, შეიქმნა SUEK-ის, Pipe Metallurgical Company (TMK) და Eurochem-ის კომპანიები. ცნობისთვის, Forbes-ის თანახმად, მელნიჩენკოს იურიდიულად გადასახადების გადახდა რუსეთში არ მოეთხოვება.

9. პაველ დუროვი – კომპანია Telegram-ის დამფუძნებელი.
ქონება: $17.200 მილიონი. განათლება: სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში პაველ დუროვმა შექმნა ე.წ. ფორუმი სტუდენტებისთვის, რომელიც მომავალში გადაიქცა სოციალურ ქსელ Vkontakte-ად. 2021 წლის მონაცემების მიხედვით, კომპანია Telegram-ს ყოველთვიურად 500 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს. . 2021 წლის მარტში დუროვმა $1 Telegram-ის საშუალებით მილიარდი გამოიმუშავა.

10. სულეიმან ქერიმოვი – ოქროს მომპოვებელ კომპანია Polyus-ის 76,3% წილის მფლობელი.
ქონება: $15.800 მილიონი. განათლება: დაღესტნის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სულეიმან ქერიმოვი 2017 წელს დააკავეს ნიცის აეროპორტში. ის ეჭვმიტანილი იყო გადასახადების თავიდან აცილებაში, Cap d’Antibes-ის უძრავი ქონების ყიდვასა და ფულის გათეთრებაში. აღსანიშნავია, რომ ქერიმოვი Makhachkala International Airport-ის მფლობელია.

Forbes.ge