პორტუგალიის ნაკრების ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ გინესის წიგნში მოხვდა. ამის საფუძველი ის შემოსავალია, რომელიც მან წლის განმავლობაში მიიღო.
Forbes-ის გამოთვლებით, 2022 წლის 1 მაისიდან 2023 წლის 1 მაისამდე პერიოდში რონალდუმ ხელფასის, საპრიზოების, ბონუსების, სპონსორებისგან მიღებული და სხვადასხვა კომერციულ პროექტებში მონაწილეობისთვის კუთვნილი თანხების სახით 136 მილიონი დოლარი გამოიმუშავა (დათვლილია გადასახადების გამოკლებამდე).
ცხადია, კრიშტიანუს ანაზღაურების ზრდა პირდაპირ არის დაკავშირებული მის საუდის არაბეთის კლუბ "ალ ნასრში" ტრანსფერთან და სოციალურ ქსელებში პოპულარობასთან, სადაც პორტუგალიელს ჯამურად 850 მილიონამდე გამომწერი ჰყავს. ამასთან, მის სპონსორთა რიგებს ახლახან კრიპტოსავალუტო ბირჟა Binance-იც შეუერთდა.
ცნობისთვის, 2022 წელს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ლიონელ მესი იყო, რომელმაც 130 მილიონი დოლარი მიიღო.