მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU-ს გზაზე პროგრესის ტემპი საკვანძო რეფორმებზეა დამოკიდებული - ვარჰეი NGO-ებს პასუხობს

643ea31cd7abd
მარიამ ვარადაშვილი
18.04.23 18:02
645
არასამთავრობო ორგანიზაციები ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის მათთვის მიწერილ წერილს ასაჯაროებენ. ოლივერ ვარჰეის 16 არასამთავრობო ორგანიზაციამ მარტში მიმართა და სთხოვა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე საქართველოს შესახებ შუალედური შეფასება საჯარო ყოფილიყო. ღია წერილში ნათქვამია, რომ სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი ჩართულია რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის პროცესში და ამიტომ შუალედური დასკვნის საჯაროობა მათთვის მნიშვნელოვანია.

ორგანიზაციებისთვის გამოგზავნილ წერილში ვარჰეი აღნიშნავს, რომ ევროკავშირის გზაზე პროგრესის ტემპი დამოკიდებულია საკვანძო რეფორმების განხორციელებაზე. მისივე თქმით, ევროკომისია ყურადღებით აკვირდება საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს 12 პრიორიტეტის იმპლემენტაციის მიმართულებით და მადლობას უხდის სამოქალაქო საზოგადოებას ამ პროცესში ჩართულობისთვის.

BMG ვარჰეის წერილს უცვლელად გთავაზობთ:

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების ძვირფასო წარმომადგენლებო,

მადლობას გიხდით თქვენი 2023 წლის 24 მარტის წერილისთვის საქართველოს მიერ ევროკომისიის 2023 წლის 17 ივნისის მოსაზრებაში განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შესრულებასთან დაკავშირებით.

ნება მომეცით, პირველ რიგში ხაზი გავუსვა ჩვენს ერთგულებას ევროპულ გზაზე საქართველოს მხარდაჭერის შესახებ. სამოქალაქო საზოგადოება მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამ ძალისხმევაში და ასევე არსებითი როლი აქვს დემოკრატიული სახელმწიფოს დაცვის კუთხით. ჩვენ მადლიერი ვართ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის მონიტორინგის პროცესში ჩართულობისთვის, ისევე როგორც, მისი წვლილისთვის პოლიტიკის ფორმირებაში.

როგორც თქვენს წერილშია აღნიშნული, 2022 წლის 23-24 ივნისს ევროპულმა საბჭომ მიანიჭა საქართველოს ევროპული პერსპექტივა. ამ გადაწყვეტილების შემდგომ კომისია ყურადღებით აკვირდება საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს 12 პრიორიტეტის იმპლემენტაციის მიმართულებით და ხელს უწყობს საქართველოს ძირითადი საკითხების რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტიანად მოგვარებაში.

ამავდროულად, ისევე როგორც გაფართოების პოლიტიკის მონაწილე ყველა ქვეყნის შემთხვევაში, ევროკავშირის გზაზე პროგრესის ტემპი დამოკიდებულია საკვანძო რეფორმების განხორციელებაზე. კომისია 2023 წლის გაზაფხულზე ზეპირად წარუდგენს საბჭოს განახლებულ ინფორმაციას საქართველოს მიერ 12 პრიორიტეტის შესრულების თაობაზე. ამ განახლების ვადები და მოდალობები კვლავ განხილვის სტადიაზეა. ოფიციალური ანგარიში პრიორიტეტების იმპლემენტაციის შესახებ იქნება კომისიის გაფართოების ყოველწლიური პაკეტის ნაწილი შემოდგომაზე.