მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„EU-ს კანდიდატის სტატუსის მისაღებად პრიმიტიულ საკითხებს ვერ ვასრულებთ“ - ჭყონია

6405b6c595eae
ვიქტორია მღებრიშვილი
06.03.23 14:42
774
თემურ ჭყონიას შეფასებით, პარლამენტში უცხოური გავლენის აგენტების შესახებ ინიცირებული კანონპროექტებთან დაკავშირებით ჩუმად არავინ უნდა იყოს, რადგან დუმილს ამ შემთხვევაში გამართლება არ აქვს.

პირველ რიგში როგორც მოქალაქე და შემდეგ ბიზნესმენი თემურ ჭყონია BM.GE-სთან აცხადებს, რომ კანონის მიღებით ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი ფერხდება. ის თვლის, რომ ამ შემთხვევაში მხოლოდ პარლამენტმა, როგორც საკანონმდებლო ორგანომ არ უნდა გადაწყვიტოს ეს საკითხი.

„ხალხი, რომელმაც ევროკავშირში უნდა მიგვიღოს, გვეუბნება რომ ამ კანონით ევროკავშირში არ ვღებულობთ და ჩვენ რას ვპასუხობთ - „არ მღებულობ, ნუ მღებულობ“ - რა უფლებით აქვს თუნდაც 120 ადამიანს პარლამენტში, თუნდაც ოპოზიციას და პოზიციას ერთად შეკრებილთ 3 მილიონი ადამიანის ბედი გადაწყვიტონ? რა უფლება აქვთ გადაწყვიტონ ბედი, რომელიც ევროპას გვაშორებს, ვინ მისცათ ამის უფლება? რადგან ხალხმა აირჩია, იმას კი არ ნიშნავს, გააკეთონ ყველაფერი რაც მათ სურთ. ისინი იმ გადასახედიდან ხედავენ რა განათლებაც აქვთ“, - უთხრა BM.GE-ს ჭყონიამ.

ბიზნესმენი ამბობს, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს მხოლოდ 12-პუნქტიანი გეგმა ჰქონდა შესასრულებელი და იმასაც ვარ ასრულებს.

„დუმილს არავითარი გამართლება არ აქვს. ევროკავშირის კანდიდატის წევრის სტატუსის მისაღებად 12 პუნქტი გვაქვს შესასრულებელი და რა პრიმიტიულ თემას ვერ ვაკეთებთ. 40 პუნქტი რომ ყოფილიყო, ხომ საერთოდ ვერ შევასრულებდით. მეორე კითხვაა - ეს 12 პუნქტი, რომ ვერ შევასრულოთ და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არ მოგვცენ, თუ ქვეყნისთვის ეს მნიშვნელოვანია, შევასრულოთ რა. ჩვენ ხომ ამ 12 პუნქტს ჩვენთვის ვასრულებთ“, - ამბობს ჭყონია.

ცნობისთვის: "ქართული ოცნების" პარტნიორმა გაერთიანებამ "ხალხის ძალამ" პარლამენტში ორი კვირის შუალედში უცხოური გავლენის აგენტების გამჭვირვალობის თაობაზე ორი კანონპროექტი დაარეგისტრირა. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში იმ მედიასაშუალებებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოური ორგანიზაციებისგან, მათ შორის საერთაშორისო დონორებისგან იღებენ, უცხოური გავლენის აგენტებად დარეგისტრირება მოუწევთ.

კანონპროექტს აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კრიტიკა მოჰყვა. ამის შემდეგ "ხალხის ძალამ" გადაწყვეტილება მიიღო, რომ წარადგინოს ალტერნატიული კანონპროექტი "უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ", რომელიც მათივე განცხადებით, ამერიკული ვარიანტის ზუსტი ანალოგი და თარგმანია.

კანონპროექტის ინიციატორმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პირველი მოსმენით მხარს როგორც ქართულ, ისე ამერიკულ ვერსიას დაუჭერს. მისივე თქმით, ამის შემდეგ დოკუმენტი ვენეციის კომისიაში გაიგზავნება და პარლამენტი კომისიის შენიშვნებს გაითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ კანონპროექტები უკვე განიხილეს საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე და პირველი მოსმენით, პრინციპების დონეზე მხარიც დაუჭირეს. კანონპროექტებს დღეს იურიდიულ კომიტეტში განიხილავენ.