მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„EU-სგან მაკროფინანსური დახმარების მიღებას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს“ - კობახიძის აზრი

612cf802c6b31
BM.GE
30.08.21 19:25
1839
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, „გამომდინარე იქიდან, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გვაქვს“, აღარ აქვს ფინანსური დატვირთვა იმას, მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირისგან მაკროფინანსურ დახმარებას.

შესაბამისად, როგორც კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, „ყველაფერი ევროკავშირის გადასაწყვეტია“. ამის შესახებ ipn წერს.

ამასთან, კობახიძემ უპასუხა კითხვას, რა ფინანსური რესურსით აპირებს მთავრობა დააკომპენსიროს ფინანსური დახმარების მეორე ტრანშით გათვალისწინებული 75 მილიონი, თუკი ევროკავშირი ქვეყანას მის გამოყოფაზე უარს ეტყვის. კობახიძის თქმით, მაღალი ეკონომიკური ზრდიდან გამომდინარე, ბიუჯეტში დამატებით 1 მლრდ ლარამდე აკუმულირება მოხდა.

ამასთან, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ თუკი ევროკავშირი საქართველოს აღნიშნულ ფინანსურ დახმარებას დაუბლოკავს, ეს „სანქცია“ არ იქნება.

„ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს პუნქტს, გამომდინარე იქიდან, რომ არის 75 მლნ ევროს კრედიტი. მადლობა ღმერთს, ეკონომიკური ვითარება განსხვავებულია. ბიუჯეტში დამატებით დაახლოებით 1 მლრდ ლარის აკუმულირება მოხდა პროგნოზირებადთან შედარებით და გამომდინარე იქიდან, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელია, ამას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს.

რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს - ყველაფერი ევროკავშირის გადასაწყვეტია, მაგრამ რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, ის მოქმედებს, პირველი - ქვეყნის ინტერესების შესაბამისად და მეორე - ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ობიექტური ინტერესების შესაბამისად.

ტერმინი სანქცია იქნება სრული სპეკულაცია. ვნახოთ, რა გადაწყვეტილება მიიღება. ფინანსური თვალსაზრისით, ამ კრედიტმა აქტუალობა დაკარგა, თუმცა რაც შეეხება პოლიტიკურ დატვირთვას, ჩვენ გაცნობიერებული გვაქვს ეს პოლიტიკური დატვირთვა, თუმცა სანქციებზე ლაპარაკი არის ცარიელი სპეკულაცია“, - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება იმას, რომ „ქართული ოცნების“ ურთიერთობა საერთაშორისო პარტნიორების ნაწილთან პრობლემური გახდა“, კობახიძე ამბობს, რომ ვითარებიდან გამომდინარე შარლ მიშელის შეთანხმების ანულირება ერთადერთი გამოსავალი იყო.

„ჩვენ ჩავატარეთ საპარლამენტო არჩევნები, რომელიც აღიარა ეუთო/ოდირმა, როგორც კონკურენტული და თავისუფალი, ეს იყო მისი შეფასება. ასეთად აღიარებული არჩევნების მიუხედავად, ოპოზიცია გადავიდა საბოტაჟის რეჟიმზე და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არანაირი ვალდებულება არ გვქონდა ამის, ხელი მოვაწერეთ 19 აპრილის შეთანხმებას. ამის შემდეგ გადის 100 დღე და ოპოზიციის დიდი ნაწილი - 8-დან 4 ბარიერგადალახული პარტია და ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი, კვლავ არ აწერს ხელს დოკუმენტს, რომელსაც ხელი მოვაწერეთ რეალურად ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ასეთ დროს ერთადერთი ლოგიკური ნაბიჯი იყო შეთანხმების ანულირება.

რაც შეეხება მოსამართლეების არჩევის საკითხს, ეს მოხდა თავიდან ბოლომდე 19 აპრილის შეთანხმების შესაბამისად. ეს ძალიან კარგად იციან იმ ადამიანებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ შესაბამის მოლაპარაკებებში“, - განაცხადა კობახიძემ.

"მაკროფინანსური დახმარების გაცემის ვადა ახლოვდება. დროა, საქართველომ აჩვენოს თავისი ერთგულება..." - მიშელი