მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EUGBC: ჩვენ იმისთვის ვქირაობთ ხელისუფლებას, რომ გამოსავალი მოძებნოს

5dd273b0c22ec
დავით ჯალაღონია
18.11.19 14:43
1324
ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) გენერალური მდივნის ზვიად ჭუმბურიძის მოსაზრებით, ხელისუფლება ოპოზიციასთან უნდა დაჯდეს და შექმნილ ვითარებაში გამოსავალი მოძებნოს. ამის შესახებ მან გადაცემა "საქმის კურსში" საუბრისას განაცხადა.

ამასთან, ჭუმბურიძემ აღნიშნა, რომ ასეთ ვითარებაში საქართველოში ინვესტირებას არცერთი ბიზნესმენი მოინდომებს.

"პირველ რიგში, ქართველებმა უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს არის ჩვენი ქვეყანა, ქართველებმა უნდა ავაშენოთ და ავაწყოთ ეს ქვეყანა. სხვა ამას არ გააკეთებს, რადგან ყველა საერთაშორისო საზოგადოება, მათ შორის ბიზნეს კომპანიები, ინვესტორები ერთად უყურებენ, როგორ ვექცევით ჩვენს ქვეყანას. რა არის ეს 30 წელიწდი უწყვეტი მიტინგის ციკლი, შეიძლება, ასე იცხოვროს ქვეყანამ? - წარმოუდგენელია.

პირველ რიგში, ჩემი ორგანიზაციის მიმართვაა, ნება იბოძოს ხალხის არჩეულმა ხელისუფლებამ, დასხდნენ ოპოზიციონერებთან ერთად, ეს არის საათების და დღეების, ძალზე მოკლე პერიოდში უნდა გადაწყვიტონ, რა შეიძლება გაკეთდეს, რომ არ დამძიმდეს ვითარება. წარმოუდგენელია, ასეთ რეჟიმში ვისაუბროთ ჩვენ ბიზნესის განვითარებაზე, ინვესტორების მოზიდვაზე. რომელი ინვესტორი ჩამოვა ქვეყანაში, სადაც იცის, რომ ისედაც რუსის ტანკი გიდგას დედაქალაქიდან 30 კილომეტრში, ქვეყნის 20% ოკუპირებულია, მან უნდა ჩადოს მილიონების ინვესტიცია და ჩვენ ვითხოვთ, რომ დიდი, მსხვილი ინვესტორები შემოვიდნენ ჩვენს ქვეყანაში და ამავდროულად ვხედავთ, რომ ამ ინვესტორს სტაბილურობის არანაირი გარანტია აქვს და ეს კლასიკური მაგალითია, რაც რუსთაველზე ხდება. ხომ შეიძლება ხელისუფლება დაელაპარაკოს და ელემენტარულად რაღაც გამოსავალი მოძებნოს, ჩვენ ამისთვის ვქირაობთ ხელისუფლებას და მე ვარ ამ საზოგადოების წევრი. ჩემს მოთხოვნას ასე ვაყენებ - ვალდებულია ხელისულება, რაღაც განსაკუთრებულად მოკლე ვადებში ეს საქმე როგორმე რაღაც დიალოგის ჩარჩოში ჩასვას.

ეს ერთი და ორდღიანი თუნდაც მძლავრი ტალღა მიტინგისა, შეიძლება არ იყოს განსაკუთრებულად დამღუპველი ბიზნეს გარემოსთვის, მაგრამ ამან მუდმივი ხასიათი თუ მიიღო... პრაქტიკულად, წარმოება გვაქვს მინიმალურ დონეზე, ვერგანვითარებული, როგორ ფიქრობთ, ერთი წელი, 2020 წლის ოქტომბრის ბოლომდე გაუძლებს ქართული და უცხოური ბიზნესი ამ ტიპის ტურბულენტობას? - პირდაპირ გეტყვით, მძიმე შედეგები იქნება. შეიძლება ეს არ იყოს ერთ თვეში, მაგრამ გაზაფხულზე, ასე თუ გაგრძელდა ვითარება, დაძაბულ რეჟიმში, პირდაპირ გეტყვით, ბიზნესზე საუბრის თავი აღარავის ექნება.

ძალიან კარგია, მე ვუსმენდი ბატონ კალაძის განცხადებას, თუმცა დიდი ბოდიში, ტელევიზიით განცხადება, რა თქმა უნდა, საჭიროა, მაგრამ დასხდნენ ოპოზიციასთან და მოძებნონ საზოგადოებისთვის და ქვეყნისთვის შესაბამისი გადაწყვეტილება. ნუ იზამენ ისე, რომ შემდეგ ხალხმა არავის ჰკითხოს და თავად მიიღოს გადაწყვეტილება", - განაცხადა ჭუმბურიძემ.

შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობა პიკეტირებული აქვთ. შესაბამისად, დღეს 12:00 საათზე ჩანიშნული რეგიონული თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა ვერ ჩატარდა. 15:00 საათზე კი, პარლამენტის ბიუროა დაგეგმილი.

საპროტესტო აქციები იმ საკონსტიტუციო პროექტის ჩაგდებამ გამოიწვია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას ითვალისწინებს.