27.ოქტომბერი .2020 23:00

ევა ბოჭორიშვილი: სექტემბერში საექსპორტო ქვეყნები და პროდუქცია დივერსიფიცირებული იყო

views 218
უკან

“სექტემბრის საექსპორტო ქვეყნები და პროდუქცია საკმაოდ დივერსიფიცირებული იყო”, - ამის შესახებ Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსმა ევა ბოჭორიშვილმა, ბოლო 9 თვეში პირველად ქვეყნიდან ექსპორტის მაჩვენებლების გაზრდილ მონაცემზე კომენტირებისას “საქმიან დილაში” განაცხადა.

“საექსპორტო ბაზრების ათეულს რომ შევხედოთ, ყველა მიმართულებით ზრდა გვაქვს. შემცირება მხოლოდ სომხეთის და აშშ-ის მიმართულებით არის. მაგალითად, სომხეთის ნაწილში შემცირება, ავტომობილების რეექსპორტის განულებამ გამოიწვია, ხოლო აშშ-ში ფეროშენადნობების ექსპორტი შემცირდა.

ექსპორტის თვალსაზრისით, პოზიტიური ტენდენცია აზერბაიჯანში ფიქსირდება, სადაც სექტემბერში 12%-იანი ზრდა გვაქვს. თუმცა, ავტომობილების რეექსპორტი აზერბაიჯანის მიმართულებით შედარებით ნაკლები ტემპით, შემცირებულია.

რაც შეეხება ღვინოს, ექსპორტი რუსეთის და უკრაინის მიმართულებით გაიზარდა. ხოლო ის ძირითადი პროდუქტი, რომელიც წელს ექსპორტზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს არის ოქრო, სადაც ზრდა გვაქვს", - განმარტა ევა ბოჭორიშვილმა.

Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსმა მიუხედავად სექტემბრის თვეში იმპორტში 9.0%-იანი შემცირებისა, ის ქვეყნები გამოყო, საიდანაც საქართველოს გაზრდილი მაჩვენებლები აქვს.

“სომხეთიდან იმპორტი 111%-ით გაგვეზარდა და ეს ზრდა მთლიანად სპილენძს უკავშირდება, რომელიც ძირითადად სომხეთიდან შემოგვაქვს და სხვადასხვა ბაზრებზე გაგვაქვს. ასევე იმპორტი უკრაინიდან არის გაზრდილი, რაც თამბაქოს იმპორტის ზრდით იხსნება. იმპორტის ზრდა ბრაზილიიდანაც გვაქვს, რაც შაქრის იმპორტის მატებას უკავშირდება. მატებაა ჩილედან, რაც შემოტანილი სპილენძის მატებას უკავშირდება”. - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

ცნობისთვის: საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის სექტემბერში ექსპორტი ბოლო 8 თვეში პირველად გაიზარდა 8.7%-ით და 332.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 9.0%-ით შემცირდა 731.3 მლნ აშშ დოლარამდე. შედეგად, სავაჭრო დეფიციტი წლიურად 19.8%-ით შემცირდა და 399.3 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა