2024 წლის იანვარ-თებერვალში სპილენძის მადნების როგორც იმპორტი, ისე ექსპორტი შემცირდა, ამ უკანასკნელის შემთხვევაში კი ქვეყნის საქონლის გატანის მაჩვენებელი ფაქტობრივად განულებულია. უნდა აღინიშნოს, რომ სპილენძის მადნებით ვაჭრობა ძირითადად იმპორტზეა დამოკიდებული, რადგან საქონლის დიდი ნაწილი ქვეყანაში იმპორტირდება, საწყობდება, გადამუშავდება და მხოლოდ დამატებული ღირებულების შემდეგ ექსპორტზე გადის, თუმცა ქვეყანაში სპილენძის მადნების მოპოვება და გადამუშავებაც ხდება. BM.GE-იმ საქსტატიდან 2023 წლის და 2024 წლის იანვარ-თებერვალში სპილენძის მადნების უმსხვილესი ექსპორტიორი კომპანიები გამოითხოვა, საიდანაც მხოლოდ გასული წლის ექსპორტიორების მოწოდება შეძლეს, რადგან იანვარ-თებერვალში ექსპორტი სამზე ნაკლებმა კომპანიამ განახორციელა, რაც კომპანიების მიერ საექსპორტო მოცულობების იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა. 2023 წელს კი ექსპორტიორი კომპანიების სამეულში RMG Copper, Caucasian Metals Terminal და ვორქ სერვის ჯორჯია შედიან.
BM.GE დაინტერესდა - რატომ შემცირდა სპილენძის მადნების იმპორტ-ექსპორტი და ამ კითხვით ერთ-ერთი ექსპორტიორი კომპანია Caucasian Metals Terminal-ის დირექტორს გოჩა კურდღელიას მიმართა.
კომპანიის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ სპილენძის მადნების იმპორტ-ექსპორტის შემცირებაზე ზეგავლენას შავი ზღვის აუზში არსებული მძიმე ვითარება და რეგიონში მიმდინარე ომები ახდენენ, კონკრეტულად კი რუსეთ-უკრაინის და ყარაბაღის ომები. გოჩა კურდღელია იმასაც ამბობს, რომ ამ დასახელების საქონლით ვაჭრობა შემცირების დინამიკის გასული წლის ნახევრიდან ხასიათდება, რამაც კომპანიაზეც იქონია გავლენა.
„სპილენძის მადნების და კონცენტრატების იმპორტ-ექსპორტის შემცირებაზე ძირითადად შავი ზღვის აკვატორიაში შექმნილმა მდგომარეობამ და ომმა იმოქმედა ძალიან, აქედან გამომდინარე მოცულობები შემცირებულია. ისიც დაემთხვა რომ იანვარ-თებერვალში გემი ვერ მოვიდა და გემი არ იყო. მარტში მდგომარეობა შედარებით გამოსწორდა. ჩვენთან საქონლის დაახლოებით ნახევარი სამხრეთ ამერიკიდან შემოდიოდა და იქიდან ახლა საქართველოში შემოტანა არ უღირთ და საქონელს პირდაპირ ჩინეთისკენ გზავნიან. სომხეთიდანაც იმპორტის კლებაა, რაც ყარაბაღის ომის გავლენით, ჩვენთვის ერთ-ერთი მსხვილი მომწოდებელი საწარმოს გაჩერებით აიხსნება“, - განმარტა Caucasian Metals Terminal-ის დირექტორმა.
კომპანიაში, რომელიც იმპორტირებული სპილენძის მადნების დასაწყობებას, შემდეგ კი მათ გადამუშავებას და რეალიზებით არის დაკავებული, მარტიდან ვითარების გამოსწორებას ელიან.
„იანვარ-თებერვალში ექსპორტი ძალიან მცირე იყო, თუმცა მარტში მდგომარეობა გამოსწორდება. მთლიანობაში ველით, რომ ვითარება წლის მეორე ნახევრიდან გამოსწორდება, რის თქმის საშუალებასაც პარტნიორებისგან მიღებული ინფორმაცია გვაძლევს“, - აღნიშნავს გოჩა კურდღელია.
უნდა ითქვას ისიც, რომ ამერიკის და სომხეთის გარდა კომპანია საიმპორტო ბაზრების დივერსიფიცირებაზე ყაზახეთის მიმართულებით მუშაობს. „კავკასიან მეტალს ტერმინალი“ იმპორტირებული სპილენძის მადნების გადამუშავების შემდეგ პროდუქტს ძირითად ევროპაში - ესპანეთსა და ბულგარეთში და ჩინეთში ყიდის.