მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ნივრის იმპორტი ექსპორტს აღემატება - სად ვყიდით და ვყიდულობთ პროდუქტს?

ექსპორტი

საქართველოდან ნივრის ექსპორტი მინიმალურია. 2023 წლის განმავლობაში ქვეყნიდან სულ 325 ათასი დოლარის ღირებულების 276 ტონა ნიორი გავიდა, რაც გასული წლის ექსპორტით მიღებულ შემოსავალს 23.4%-ით, ხოლო მოცულობას 28.3%-ით ჩამორჩება.

ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოდან ყველაზე დიდი მოცულობით ნიორი 2019 წელს გავიდა, თუმცა მაშინაც 600 ათას დოლარს არ აღემატებოდა, მოცულობით კი სულ 519 ტონა იყო.

სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ნივრის ექსპორტი 2015 წლიდან გააქტიურდა, მანამდე ნიორი უმნიშვნელო მოცულობებით აზერბაიჯანსა და ბელარუსში გვაქვს გატანილი. ქვეყნის გარეთ ნივრის რეალიზების გააქტიურება საქართველო-ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ამოქმედებას ემთხვევა, თუმცა საგარეო ვაჭრობის ოფიციალური სტატისტიკიდან ვიგებთ, რომ საქართველოდან ნიორი ევროკავშირში წლების განმავლობაში არ გაყიდულა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ DCFTA-ით ევროკავშირიდან საქონლის იმპორტზე და საქართველოდან პროდუქციის ექსპორტზე საბაჟო გადასახადი 2014 წლიდან გაუქმდა.

ხელშეკრულებით გაწერილ პირობებს თუ შევხედავთ, ნიორი ის საქონელია, რომლის ექსპორტზე კვოტა 220 ტონითაა განსაზღვრული და ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტის შემთხვევაში კალენდარული წლის განმავლობაში ნივრის რეალიზება საბაჟო გადასახადის გარეშე სწორედ ამ კვოტის ფარგლებში ხდება.

საგარეო ვაჭრობის პორტალზე გამოქვეყნებული მონაცემებიდან ჩანს, რომ საქართველო ევროპის მიმართულებით ნივრის ექსპორტის მოცემულ კვოტასაც ვერ ითვისებს. სტატისტიკაში ერთადერთი ევროპული ქვეყანა, რომელშიც 2017 წელს მინიმალური რაოდენობის 150 ლარის 250 კგ ნიორი გავიდა, ლატვიაა.

ძირითადად სხვადასხვა წელს საქართველოდან ნიორი ექსპორტზე ძირითადად მეზობელ ქვეყნებში რუსეთსა და სომხეთში გავიდა. კონკრეტულად 2023 წელს 243 ათასი დოლარის ღირებულების 181 ტონა ნიორი რუსეთში გავყიდეთ, 82 ათასი დოლარის ღირებულების 94 ტონა კი სომხეთში. გასულ წელს ნივრის ექსპორტის შემცირება კი რუსეთში გაყიდვების კლებითაა განპირობებული.

რაც შეეხება იმპორტს, 2023 წელს საქართველომ 1 მილიონ 384 ათასი დოლარის ღირებულების 2 015 ტონა ნიორი შეიძინა, რაც 2022 წლის იმპორტს მცირედ, მაგრამ აღემატება (1.134 მლნ დოლარი, 1 945 ტონა).

ნივრის იმპორტიორი ქვეყნების გეოგრაფია არც ისე ფართოა და სულ 5 მიმართულებას მოიცავს:

  • ჩინეთი - $680 ათასი, 875 ტონა;
  • ირანი - $449 ათასი, 782 ტონა;
  • თურქეთი - $111 ათასი, 193 ტონა;
  • ეგვიპტე - $95 ათასი, 81 ტონა;
  • ყაზახეთი - $48 ათასი, 83 ტონა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები