მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევრობონდები დღეს დაიფარება, ათ დღეში ქვეყანა ახალ ევრობონდებს განათავსებს - კოვზანაძე

6073fdaf46cb7
თელარა გელანტია
12.04.21 11:55
937
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, დღეს 500 მლნ დოლარის ღირებულების ევრობონდების დაფარვა მოხდება.

საქმე ისაა, რომ დღეს საქართველოს მთავრობამ 10 წლის წინ გამოშვებული ევროობლიგაციების ძირი თანხა - $500 მილიონი უნდა დაფაროს. ვალის მომსახურება მისი რეფინანსირებით უნდა მოხდეს, რაც მის სანაცვლოდ ახალი $500-მილიონიანი ევროობლიგაციების გამოშვებას ნიშნავს.

„ევრობონდების დაფარვის ვადა უწევს დღეს და მისი დაფარვა მოხდება. დარწმუნებული ვარ, მომდევნო ათი დღის ვადაში ჩვენი ქვეყანა წარმატებით განათავსებს $500 მილიონის ახალ ევრობონდებს. ამაში ჩართულია საერთაშორისო რეპუტაციის მქონე უმაღლესი კლასის ბანკები და ვფიქრობ, ეს განთავსება წარმატებით მოხდება“, - განუცხადა ირაკლი კოვზანაძემ ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ: საქართველოს მთავრობამ ევრობონდების რეფინანსირებისთვის მზადება და საერთაშორისო საინვესტიციო ბანკებთან - JP Morgan-თან, Goldman Sachs-თან და ICBC-თან მოლაპარაკებები მარტში დაიწყო. ამ მოლაპარაკებების შედეგების და ახალი ევრობონდის გამოშვების თარიღის შესახებ მთავრობას საჯაროდ ინფორმაცია ამ დრომდე არ გაუვრცელებია. შესაბამისად, იზრდება ალბათობა, რომ ამ სესხის მომსახურებისთვის დღეს არა ახალი სესხი, არამედ ფინანსთა სამინისტროს ანგარიშზე არსებული ბიუჯეტის ნაშთი გამოიყენოს და დანაკლისი მხოლოდ შემდგომში ახალი $500-მილიონიანი ვალის აღების შემდეგ შეივსოს.

2011 წელს გამოშვებული სუვერენული ევროობლიგაციის განაკვეთი 6.875%-ს შეადგენდა. იმის გამო, რომ საქართველოს საკრედიტო რეიტინგი 2011 წლის შემდგომ გაუმჯობესებულია, სავარაუდოდ რისკის პრემია, რასაც ინვესტორები რეფინანსირებულ $500 მილიონიან სესხს დააკისრებენ 6.875%-ზე ნაკლები უნდა იყოს.

ევრობონდების რეფინანსირების პროცესში ჩართულ მხარეებსქართული საინვესტიციო ბანკები Galt & Taggart-ი და TBC Capital-ი წარმოადგენენ.