მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირი და FAO სასოფლო-სამეურნეო გრანტების კონკურსზე დარეგისტრირების ვადას ახანგრძლივებენ

5e848eb2ee469
BM.GE
01.04.20 21:20
1546
კორონავიურსთან დაკავშირებით ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო, FAO და ევროკავშირი სასოფლო-სამეურნეო გრანტების კონკურსისთვის რეგისტრაციის ვადას ახანგრძლივებენ.

ფერმერებს, კოოპერატივებს და საქართველოში რეგისტრირებულ მცირე და საშუალო მეწარმეებს, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას ახორციელებენ, საგრანტო კონკურსზე საბუთების შეტანა 8 აპრილამდე ვებგვერდზე: WWW.FAOGRANT.GE შეეძლებათ.

FAO-ს ინფორმაციით, კონკურსის შესახებ ინფორმაციის მიღება და რეგისტრაცია, ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის გამო, სატელეფონო კონსულტაციებისა და ონლაინ პლატფორმის საშუალებით ხორციელდება.

„კონკურსი ორ საგრანტო კატეგორიას მოიცავს. პირველ კატეგორიაში სასოფლო-სამეურნეო ინიციატივები დაუფინანსდებათ ფერმერებს, კოოპერატივებს და საქართველოში რეგისტრირებულ მცირე და საშუალო მეწარმეებს, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას ახორციელებენ შემდეგ მუნიციპალიტეტებში: ლაგოდეხი, ბორჯომი, ყაზბეგი, დედოფლისწყარო, თეთრიწყარო, ახალქალაქი, ხულო, ქედა. ეს ის მუნიციპალიტეტებია, სადაც ევროკავშირის ENPARD პროგრამის ფარგლებში, ევროპული LEADER მიდგომით, უკვე ხორციელდება სოფლის განვითარების პროექტები. დაფინანსდება კაპიტალური ინვესტიციები, როგორიც არის მანქანა-დანადგარები და ტექნიკური აღჭურვილობა სოფლის მეურნეობის ნებისმიერ სექტორში.

მეორე საგრანტო კატეგორიაში კი გრანტები გაიცემა იმ ფერმერების, კოოპერატივების და საქართველოში რეგისტრირებულ მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას ეწევიან: ახალციხის, დუშეთის, ხელვაჩაურის, შუახევის, მარნეულის, ბოლნისის, დმანისის, გარდაბნის, წალკის, ნინოწმინდის, ასპინძის, ყვარლის, გურჯაანისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში. ამ კატეგორიაში დაფინანსებას ექვემდებარება კაპიტალური ინვესტიციები შემდეგ სექტორებში: მესაქონლეობა-მეძროხეობა (ყველა ჩამოთვლილ მუნიციპალიტეტში), მერძევეობა (ყველა ჩამოთვლილ მუნიციპალიტეტში), მეკარტოფილეობა (წალკა, ნინოწმინდა და ასპინძა), მებოსტნეობა (ყვარელი, გურჯაანი, სიღნაღი) და ხორბალი (სიღნაღი).
საგრანტო კონკურსი ასევე ითვალისწინებს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში რეგისტრირებული კოოპერატივის თანადაფინანსებასაც.

საგრანტო კონკურსის მიხედვით, არ დაფინანსდება საოპერაციო და საბრუნავი ხარჯები: დასაქმებულთა ხელფასები, სასოფლო-სამეურნეო ნედლეულის და სათესლე მასალების ხარჯი. ორივე კატეგორიის საგრანტო კონკურსის ფარგლებში მოთხოვნილი ნებისმიერი თანხის ოდენობა უნდა იყოს მინიმუმ 1000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში და მაქსიმუმ 150 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში.

გრანტის გაცემისას პროგრამა უზრუნველყოფს 40%-იან დაფინანსებას. შესაბამისად, განმცხადებელს მოეთხოვება მთლიანი საინვესტიციო ღირებულების მინიმუმ 60 %-ის თანადაფინანსება.

პროგრამით ასევე გათვალისწინებულია მხარდაჭერა ისეთი სპეციფიკური ინვესტიციების, რომლებსაც ექნებათ მნიშვნელოვნად დადებითი ზეგავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე, სოციალურ მდგომარეობასა და გარემოს დაცვაზე. ამ კონკრეტული ტიპის პროექტების დაფინანსება შესაძლოა გაიზარდოს 60%-მდე“, - განმარტავენ FAO-ში.

ცნობისთვის, ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს (2013-2022). ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ-გვერდს: www.enpard.ge