მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირის დახმარებამ ბოლო 8 წელში 1 მილიარდ ევროს გადააჭარბა - საგარეო საქმეთა მინისტრი

62b9858d31888
BM.GE
27.06.22 14:27
673
საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის მე-8 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ საქართველო წარმატებით უახლოვდება ევროკავშირს ინსტიტუციურ და საკანონმდებლო დონეზე. მათ შორის იზრდება ევროკავშირის დახმარება, რომლის ოდენობამაც ბოლო 8 წელია, ჯამში 1 მილიარდ ევროს გადააჭარბა. 

"შეთანხმების ხელმოწერიდან მე-8 წლისთავზე, მის ეფექტიან განხორციელებას მოჰყვა კონკრეტული ხელშესახები შედეგები ჩვენი ქვეყნისათვის და თითოეული მოქალაქისათვის, თუმცა მთავარი შედეგი, რაც ამ პროგრესმა განაპირობა, არის საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება, რითაც სრულიად ახალ - გაწევრიანების ეტაპზე გადავედით.

დღეს ევროკავშირი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორია (24%) და ეროვნული პროდუქციის ექსპორტის 15%-იანი ზრდა ფიქსირდება, რასაც ბიძგი მისცა შეთანხმების თავისუფალი ვაჭრობის (DCFTA) კომპონენტმა; განხორციელებული გვაქვს შეთანხმებით გათვალისწინებული ევრო-რეგულაციების და ევრო-დირექტივების დაახლოებით 45%; ვსარგებლობთ უვიზო მიმოსვლის რეჟიმით; წარმატებით ვმონაწილეობთ ევროკავშირის არაერთ ჩარჩო პროგრამაში და მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ევროპულ სააგენტოებთან. აღნიშნულ პროცესში კი შესაბამისად იზრდება ევროკავშირის დახმარება, რომლის ოდენობამაც ბოლო 8 წელია, ჯამში 1 მილიარდ ევროს გადააჭარბა.

ბუნებრივია, საქართველოს მთავრობა აგრძელებს შეთანხმებითა და ასოცირების ახალი დღის წესრიგით გათვალისწინებული, საკმაოდ ამბიციური რეფორმების განხორციელებას, რომელიც კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ თითქმის ყველა წინაპირობას მოიცავს და პროცესში აქტიურად ვთანამშრომლობთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან"-აცხადებს მინისტრი.