მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპაში უკვე 2000 ტონამდე თხილი გავიტანეთ - "გლობალ ექსპორტი"

63a5addbb28b8
მარიამ იზორია
23.12.22 18:06
626
თხილის ექსპორტიორმა კომპანია „გლობალ ექსპორტმა“, რომელიც გურიაში მდებარეობს, ამ დროისთვის ევროპის მიმართულებით ექსპორტზე ჯამში 2000 ტონამდე თხილი გაიტანა. როგორც კომპანიის მენეჯერი თამარ არჩვაძე bm.ge-სთან ამბობს, წელს გურიის თხილს ხარისხის პრობლემა ჰქონდა, თუმცა ამის მუხედავად, წარმადობა არ შეუმცირებიათ და გურიის თხილი სამეგრელოს თხილით ჩაანაცვლეს.

მისივე თქმით, წელს კომპანიას ექსპორტირებული თხილის რაოდენობის მხრივ კლება არ ჰქონია.

„ამ დროისთვის ევროპაში უკვე 2000 ტონამდე თხილია გადამუშავებული, მზა პროდუქცია გავიტანეთ. ჩვენი საექსპორტო მიმართულება ძირითადად ევროპაა. ექსპორტში კლება არ გვქონია, ერთადერთი პრობლემა რაც დარგში იყო - თხილის ხარისხია.

ჩვენი საწარმო გურიაში მდებარეობს და უმეტესწილად გურულ თხილს ვიბარებთ, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ წელს ხარისხიც და გამოსავლიანობაც დაბალი იყო, გურული თხილი მეგრულით ჩანაცვლდა და ამის ხარჯზე წარმადობა არ შეგვიმცირებია,“ - ამბობს „გლობალ ექსპორტის“ მენეჯერი.

გლობალ ექსპორტის წარმომადგენელი მიმდინარე წელს დაანონსებულ თხილის სუბსიდირებაზეც საუბრობს და მიიჩნევს, რომ სუბსიდირება საჭირო და დროული იყო.

"სუბსიდირება დროული იყო, რადგან თხილის ხარისხის პრობლემა, რომელიც წელს წარმოიშვა, თხილის მოვლის კულტურიდან გამომდინარეობდა. ფერმერები თხილს ნაადრევად კრეფენ, შემდგომ შრობის არასწორი პროცესი მიმდინარეობს, იკლებს ხარისხი და გამოსავლიანობა. ვფიქრობ, თხილის სუბსიდირება ფერმერებს ასწავლის, რომ თხილს უნდა მოვლა და ამის ფინანსებიც გაუჩნდებათ“, - აღნიშნავს თამარ არჩვაძე.