სექტორი წელს ქვეყანაში თხილის გაზრდილ რაოდენობას ელოდებოდა, თუმცა ზაფხულში მოსული უხვი ნალექის გამო, მოსავლის რაოდენობა და ხარისხი გაუარესდა.
როგორც „საქმიანი დილის“ ეთერში საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ქარდავამ განაცხადა, რეალური მოსავლის რაოდენობა 55 ათასი ტონის ნაცვლად, 45 ათასი ტონის ფარგლებშია.
რაოდენობის შემცირების მიზეზად უხვი ნალექი სახელდება, რის გამოც ფაროსანასთან ეფექტური ბრძოლა ვერ მოხერხდა.
კითხვაზე, რა ეფექტი ჰქონდა სუბსიდირებას? ქარდავა ამბობს, რომ ფინანსური დახმარების სწორად გამოყენება ბევრი ფერმერისთვის მთავარი გამოწვევა იყო.
„მოსავალი სრულად ჯერ არ აღებულა არც სამეგრელოში და არც კახეთში, ალბათ დასავლეთში 15-სთვის, კახეთში კი თვის ბოლოსკენ დასრულდება. თხილის აღების გაწელვის ძირითადი მიზეზი მუშახელის ნაკლებობა იყო.
50-დან 55 ათას ტონამდე მოსავალს ველოდებოდით წელს, თუმცა მაის-ივნისში განსაკუთრებით ცუდი ამინდები გვქონდა, რამაც მნიშვნელოვნად იმოქმედა თხილის ხარისხზე, განსაკუთრებით ეს შეეხო მოუვლელ ბაღებს. აქედან გამომდინარე ეს პროგნოზები სავარაუდოდ შეიცვლება, ალბათ შარშანდელ მაჩვენებლებს გაუთანაბრდება და 45 ათასის ფარგლებში იქნება.
სუბსიდირების მიუხედავად ბევრმა ფერმერმა მაინც ვერ მოახერხა სათანადოდ ბაღის მოვლა, ეს არის მთავარი გამოწვევა. ვინც სწორად გამოიყენა ეს თანხები შეიძლება ითქვას, რომ მიიღეს ნორმალური ხარისხის მოსავალი, თუმცა წვიმებმა ძალიან შეგვიშალა ხელი. მაისს-ივნისში ფაქტობრივად გადაუღებლად წვიმდა და ვერ მოხერხდა ფაროსანასთან ეფექტური ბრძოლა,“ - განაცხადა ქარდავამ.
ამ დროისთვის გაუტეხავი თხილის რეალიზაციის ფასი 3-დან 5 ლარამდე მერყეობს, კახეთში არსებული პრემიუმ თხილის ფასი კი 6 ლარს აღწევს. როგორც თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციაში აცხადებენ ქართული თხილის ფასი თურქული თხილის ფასს ჩამორჩება.
„ფასი სამეგრელოში 3-დან 5 ლარამდეა, კახეთში უფრო მაღალია, საშუალოდ 6 ლარამდე. რაც შეეხება საექსპორტო ფასებს, თურქეთთან შედარებით გვიწევს უფრო ნაკლებ ფასად თხილის გაყიდვა, ის თუ გატეხილი ღირს 6,5 დოლარი, ქართულის გაყიდვა ხდება 6 დოლარში.
ტენდენცია იმის რომ კომპანიები დიდ მარაგებს იკეთებენ არ გვაქვს, ყიდულობენ მოთხოვნის შესაბამისად. მოთხოვნა ნორმალურია როგორც ევროპიდან, ისე სხვა ბაზრებიდან. ჩვენი თხილის ძირითადი ნაწილი ევროკავშირის ქვეყნებში და სრულად გაიყიდება, ამ მხრივ გამოწვევებს არ ველოდებით,“ - განაცხადა ქარდავამ.
პროცესის მიმდინარეობს გასულ უქმეებზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, ზუგდიდში, თხილის საწარმო „ჯეონათსში“ გაეცნო და თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის წევრებს შეხვდა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მიზნობრივი დახმარება, რომელიც სახელმწიფომ სწორედ მცირე ფერმერებისთვის განახორციელა ბაღების მოსავლელად და მოსავლის გასაუმჯობესებლად, ეფექტური აღმოჩნდა.