მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"50 000 ტონა მოსავალს ველოდებით" - რა ეღირება წელს თხილი?

ექსპორტი

საქართველოში თხილის მოსავლის აღება იწყება. BMG დარგის წარმომადგენლებს წინასწარ პროგნოზებზე ესაუბრა. როგორც ისინი აღნიშნავენ, 2024 წლის სეზონი გასულ 2023 წელთან შედარებით უკეთესი იქნება, რაც როგორც რაოდენობრივ, ისე ხარისხობრივ მაჩვენებელსაც მოიაზრებს.

მათივე ცნობით, საბოლოო შედეგი კლიმატურ პირობებზე, ფერმერების მხრიდან მოსავლის დროულად აღებასა და სწორი ტექნიკით გაშრობაზეა დამოკიდებული.

"ზოგიერთ ბაღში კრეფა უკვე დაწყებულია, თუმცა ძალიან მცირე რაოდენობებით. პირველი აგვისტოდან უფრო აქტიური კრეფა დაიწყება და ხარისხზე საუბარიც უფრო მარტივი გახდება. თუმცა, პირველადი შეფასებით, ხარისხი წინა წელთან შედარებით გაუმჯობესებული იქნება და იმედი გვაქვს, რომ ამინდიც შეგვიწყობს ხელს კრეფის პროცესში. წელს, დაახლოებით 50 000 ტონა თხილს ველოდებით", - ამბობს თხილის გადამმუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ქარდავა.

მაღალ ხარისხსა და გაზრდილ მოცულობას BMG-სთან საუბრისას საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე, მერაბ ჭითანავაც პროგნოზირებს, - "წინა წელთან შედარებით 10-15%-იან ზრდას ველოდებით. რაც შეეხება მოსავლის ხარისხს - ძალიან იმედიანად ვართ, თუმცა აქ მნიშვნელოვანია ის, რომ იმ ფერმერბმა, რომლებმაც წამლობის პროცესი ჩაატარეს, მოსავალი დროულად აიღონ და გააშრონ", - აცხადებს ის.

რაც შეეხება საფასურს - ლევან ქარდავა აღნიშნავს, რომ ქართული თხილის ფასი ძირითადად თურქული თხილის ფასზეა მიბმული, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ წელს თურქეთი დიდი რაოდენობის მოსავალს ელოდება, ბაზარზე დეფიციტის შექმნის პროგნოზი არ არსებობს, შესაბამისად, მას იმედი აქვს, რომ ქართული თხილის ფასი საკმაოდ მაღალი იქნება.

"ჯერ ცოტა ადრეა ფასებზე საუბარი, რადგან თურქეთში ფასები ჯერ არ ჩამოყალიბებულა, სექტემბრის დასაწყისიდან გახდება ეს ცნობილი. თურქეთი წელს დიდი რაოდენობის მოსავალს ელოდება, მინიმუმ 700 000 ტონას, რაც გულისხმობს იმას, რომ ბაზარზე დეფიციტი არ არის მოსალოდნელი, შესაბამისად, ფასები დამოკიდებული იქნება თურქეთის პოლიტიკაზე.

წელს წინა წელთან შედარებით ქართული თხილის ფასი უკვე გაზრდილია, რადგან შესყიდვა უკვე მაღალი ფასით დაიწყო, დღეს თხილი დაახლოებით 3 ლარად იყიდება, თუმცა თხილის ტენიანობიდან და გამოსავლიანობიდან გამომდინარე, ეს საკმაოდ მაღალი ფასია. თხილის შრობასთან ერთად, ფასი გაიზრდება და სიტუაცია თუ შენარჩუნდება, დაახლოებით ხუთი ლარის ფარგლებში იქნება მისი ფასი", - ამბობს ქარდავა.

ფასების ნაწილში ანალოგიურად დადებითი მოლოდინი აქვს მერაბ ჭითანავასაც, რომელიც აღნიშნავს, რომ მაღალი ხარისხის თხილის ფასი ფერმერებისთვის საკმაოდ მომგებიანი იქნება.

"მსოფლიო ბაზარზე თხილის ფასის ფორმირება ჯერ არ მომხდარა, ეს პროცესი დაახლოებით აგვისტოს დასაწყისში დაიწყება, მოლოდინი მყარი გვაქვს, რომ მაღალი ხარისხის თხილის ფასი იქნება ძალიან კარგი და ფერმერებისთვის მომგებიანი. ფასები დინამიკურია - შარშან დაბალი ფასით დაიწყო და იანვარ-დეკემბრის პერიოდში გაიზარდა. ეს ყველაფერი დამოკიდებულია თურქეთის მოსავლის რაოდენობასა და ხარისხზე. ველოდებით ძალიან ადეკვატურ და კარგ საფასო პოლიტიკას", - ამბობს საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები