ქართული თხილისთვის ახალი საექსპორტო მიმართულებები გამოიკვეთა - ამის შესახებ BMG-სთან სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ.
მათივე ცნობით, ქართული თხილის ძირითადი საექსპორტო ბაზარი ევროკავშირია, ადგილობრივი კომპანიები კი ამ ტენდენციის შენარჩუნებაზე აქტიურად მუშაობენ, რისთვისაც ხარისხიანი პროდუქტის წარმოებაა საჭირო, თუმცა ახალი ბაზრების გამოჩენა მათთვის მნიშვნელოვანია.
2024 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან მსოფლიოში 34.2 მილიონი დოლარის თხილის ექსპორტი განხორციელდა, ექსპორტირებული თხილის მოცულობამ კი 5.1 ათასი ტონა შეადგინა. ეს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედრებით 1.6 მილიონი დოლარით ნაკლებია. საქართველოს თხილის მთავარი საექსპორტო ბაზარი ევროკავშირია, სადაც წელს 19.2 მილიონი დოლარის ექსპორტი განხორციელდა, ეს წინა წელთან შედარებით 1.5 მილიონი დოლარით ნაკლებია. წელს $2.5 მილიონის თხილი გავიდა ექსპორტზე რუსეთში, $1.9 მილიონის ლიბანში, $1 მილიონის ლიბიაში, $1 მილიონის კი უკრაინასა და ალჟირში. ისრაელში ექსპორტმა 665 ათასი შეადგინა, საუდის არაბეთში 0.5 მილიონი დოლარი, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში კი 300 ათასი დოლარი.
"ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები - საუდის არაბეთი, გაერთიანებული ემირატები სულ უფრო საინტერესო ხდება ქართული თხილისათვის. იმედი მაქვს, რომ ამ მიმართულებით აქტივობა კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან რუსეთ-უკარინის კონფლიქტმა გვაჩვენა, რომ ხშირ შემთხვევაში ეს ევროკავშირის მხრიდან მოთხოვნის შემცირებას იწვევს, შესაბამისად ჩვენ ბაზრების მრავალფეროვნება გვჭირდება", - აცხადებს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ქარდავა.
თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე მერაბ ჭითანავა კი აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი საინტერესო მიმართულება, რომელიც ბოლო პერიოდში გამოიკვეთა, ისრაელია.
"საქართველოს მიმართ საკმაოდ გაღვივდა ისრაელის მხრიდან ინტერესი. ვფიქრობთ, რომ წელს ისრაელის ბაზარზე საკმაოდ დიდი რაოდენობით იქნება წარმოდგენილი ქართული პროდუქცია, რაც იმითაა განპირობებული, რომ თურქეთიდან ისრაელში ექსპორტი აიკრძალა და ისრაელის ბაზარი ახალი მიმართულების მოპოვებას ცდილობს და ჩვენ აქტიურად ვცდილობთ, რომ ამ ბაზარზე შევიდეთ", - ამბობს ჭითანავა.