მცირე მიწიანი ფერმერების სიმრავლე ქართული თხილის ინდუსტრიის მთავარი გამოწვევაა, - ამის შესახებ BMG-სთან თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ქარდავა აცხადებს.
მისივე ცნობით, მცირე მიწიანი ფერმერის შემოსავალი იმდენად დაბალია, რომ მას ბაღების სათანადოდ მოვლა აღარ უღირს, რაც საერთო ჯამში, ქვეყანაში თხილის მოსავლის რაოდენობას და ხარისხს ამცირებს.
"ქართველი ფერმერბის უმეტესობას, დაახლოებით, 0.6 ჰექატრის ფარტობის მიწა აქვს საკუთრებაში. ხშირ შემთხვევაში , ამის გამო, ფერმერს აღარ უღირს, რომ თხილს სათანადოდ მოუაროს. შესაბამისად, სახელმწიფოს დახმარების მიუხედავად, თხილის ბაღების დიდი ნაწილი მოუვლელი რჩება, რაც ჰექტარზე მოსავლიანობის დაცემას იწვევს. რეალურად კი ერთ ჰექტარზე მოსავალი 1-1.5 ტონა უნდა იყოს, თუმცა ვხედავთ, რომ სამეგრელოსა და გურიაში მოსავლიანობა 700 კილოგრამს არ აღემატება. რაც იმას ნიშნავს, რომ თხილის ბაღების სწორად მოვლის შემთხვევაში მოსავლიანობის მინიმუმ ორჯერ გაზრდის პოტენციალი გვაქვს", - ამბობს ქარდავა.
თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი აღნიშნავს იმასაც, რომ თუ კი ბიზნესი დარგში ინვესტირებას გააგრძელებს და ბაღების რაოდენობა გაიზრდება, ეს, ცხადია მოსავლის ზრდის კიდევ ერთი ხელშემწყობი ფაქტორი იქნება. თუმცა, ამ ეტაპზე მთავარი არსებული ბაღების პოტენციალის სრულად ათვისებაა.
ლევან ქარდავა ფერმერების ცნობიერების ნაწილზეც ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ მათი უმეტესობა მოსავალს არასწორი ტექნიკით იღებს.
"ფერმერები ხშირ შემთხვევაში თხილს პირდაპირ გადამამუშავებელ ქარხნებში არ აბარებენ, ჩაბარება შუამავლების საშუალებით ხდება, შესაბამისად ფერმერი შემოსავლის ნაწილს კარგავს, არაკეთილსინდისიერად ხდება ხარისხის შემოწმება, რაც ასევე ფერმერს აზარალებს", - აცხადებს ლევან ქარდავა.