06.ივლისი .2022 10:48

ევროპულმა პარლამენტმა ხორვატიის ევროზონაში შესვლას მხარი დაუჭირა

ევროპულმა პარლამენტმა ხორვატიის ევროზონაში შესვლას მხარი დაუჭირა
views 892
უკან

2023 წლის 1-ელ იანვარს ხორვატია ევროზონას შეუერთდება და რიგით მე-20 ევროპული სახელმწიფო გახდება, რომელიც ეროვნულ ვალუტად ევროს გამოიყენებს. ამ გადაწყვეტილებას ევროპარლამენტმა 539 ხმით დაუჭირა მხარი. საინტერესოა, რომ ევროზონაში მოსახვედრად ხორვატიას, რომელიც ევროკავშირში 2013 წელს გაწევრიანდა, ფასების სტაბილურობის, საჯარო ფინანსების, გრძელვადიანი საპროცენტო განაკვეთებისა და გაცვლითი კურსის სტაბილურობის კრიტერიუმები უნდა დაეკმაყოფილებინა.


შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე, ხორვატიის ევროზონაში შესვლას ჯერ ევროპული კომისია დაეთანხმა, ხოლო შემდეგ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ფინანსთა მინისტრები.


„ხორვატიის ხელისუფლების მიერ ბოლო წლებში გატარებულმა რეფორმებმა ქვეყნის ეკონომიკა გააძლიერეს და ხორვატიას საერთო ეროვნული ვალუტის მიღებამდე გზა გაუკაფეს. ნათელია, რომ ევროზონის წევრობა სწორი გადაწყვეტილებაა, როგორც ქვეყნისთვის, მისი ბიზნესებისა და მოქალაქეებისთვის, ასევე ეკონომიკის გარკვეული სექტორებისთვის, მათ შორის ტურიზმისთვის“, - ვკითხულობთ რუმინელი ეკონომისტის ზიგფრიდ მურესანის ანგარიშში, რომელსაც ევროპარლამენტმა დაუჭირა მხარი.


ცნობისთვის გეტყვით, რომ ხორვატია და ბულგარეთი სავალუტო კურსების ევროპულ მექანიზმს (ERM II) ჯერ კიდევ 2020 წლის 10 ივლისს შეუერთდნენ. ეს მექანიზმი ეროვნულ ვალუტად ევროს გამოცხადებამდე გასავლელ ერთგვარ გამოსაცდელ ეტაპად ითვლება.


ამ ეტაპზე, სამოქმედო გეგმა შემდეგია: საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ევროზონის წევრ სახელმწიფოებს გადაეგზავნებათ. მოსალოდნელია, რომ ხორვატიის ევროზონაში გაწევრიანების საკითხი ფორმალურად 11-12 ივლისს, ევროპული საბჭოს ეკონომიკურ და ფინანსურ საკითხთა საბჭოს სხდომაზე, შესაბამისი საკანონმდებლო აქტების მიღებით დასრულდება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა