09.ივლისი .2022 12:44

Facebook-ის და TikTok-ის ამერიკელი და ევროპელი ბლოგერები საქართველოს ტურისტულ ადგილებს მოინახულებენ

Facebook-ის და TikTok-ის ამერიკელი და ევროპელი ბლოგერები საქართველოს ტურისტულ ადგილებს მოინახულებენ
views 1196
უკან

საქართველოში მსოფლიოში პოპულარული მოგზაურ ბლოგერთა და ინფლუენსერთა 15-კაციანი ჯგუფი ჩამოვიდა, რომელთა მონაწილეობითაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტაცია, ამერიკულ პლატფორმა Steller-თან ერთად და აშშ - ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით, მორიგ მასშტაბურ პროექტს იწყებს. 2 კვირის მანძილზე Facebook-ის, Instagram-ის TikTok - ის და სხვა სოციალური ქსელების წამყვანი ბლოგერები და ინფლუენსერები აშშ-დან, კანადიდან და ევროპიდან საქართველოს ტურისტულ ადგილებს მოინახულებენ, გადაიღებენ და მათ შესახებ სოციალურ ქსელებში ინფორმაციას გაავრცელებენ.

პროექტის მესამე ეტაპის ოფიციალურ გახსნაში მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა და აშშ - ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა.

თავის მისალმებაში მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა აშშ - ის საერთაშორისო სააგენტოს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელობას პროექტის სამივე ეტაპის მხარდაჭერისთვის. „ჩვენ გასული ორი ეტაპის მანძილზე, ერთიანი ძალისხმევით, შევძელით, საქართველოს ტურისტული ცნობადობა 150-მილიონიანი აუდიტორიისთვის გაგვეცნო. დარწმუნებული ვართ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტები ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის ცნობადობის გაზრდას და უფრო მეტი ტურისტის მოზიდვას აშშ-დან, ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში,“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მისი თქმით, ასეთი აქტივობები მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, განსაკუთრებით ასეთ რთულ დროს, პანდემიის შემდეგ. „ჩვენ გვაქვს დადებითი მოლოდინები, რომ ამ პროექტით უფრო მეტ ადამიანს გავუჩენთ სურვილს, რომ წელს საქართველოში იმოგზაუროს,“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ბლოგერებსა და ინფლუენსერებს ასევე მიესალმა აშშ - ის ელჩი საქართველოში. კელი დეგნანმა იმედი გამოთქვა, რომ პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოში ტურიზმის განვითარებას, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნას, განსაკუთრებით კოვიდ პანდემიის შემდეგ.

ბლოგერები და ინფლუენსერები საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სათავგადასავლო, ეკო, კულტურულ-ტურისტულ მიმართულებებსა და პროდუქტებს სოციალურ ქსელებში პოპულარიზაციას გაუწევენ, რომელსაც მილიონობით ინტერნეტ მომხმარებელი გაეცნობა მთელ მსოფლიოში. პროექტის ფარგლებში სოციალურ ქსელებში ასობით ისტორია მომზადდება საქართველოს, როგორც ჯერ კიდევ აღმოუჩენელი ტურისტული მიმართულების, მიმზიდველი ადგილებისა და ხალხის შესახებ. შექმნილი მედია პროდუქტები ინფლუენსერების სოციალურ ქსელებთან ერთად, USAID - ის, ტურიზმის ადმინისტრაციისა და Steller-ის სოციალურ ქსელებსა და ვებგვერდებზე აიტვირთება. Steller ინოვაციური პლატფორმაა, რომელიც მომხმარებლებს მოგზაურობასთან დაკავშირებული გამოცდილების გაზიარების ახლებურ გზას სთავაზობს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა