მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

FED-მა კორონავირუსის გამო, საგანგებო სხდომა მოიწვია და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი შეამცირა

5e5ea4f22bce4
შოთა ტყეშელაშვილი
03.03.20 22:40
1442
ამერიკის შეერთებული შტატების სარეზერვო ფონდმა (FED) 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთთან დაკავშირებით პირველი საგანგებო სხდომა მოიწვია და არსებული განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. ეს ასევე 2008 წლის შემდეგ, პირველი შემთხვევაა, როდესაც FED-მა განაკვეთი ერთდროულად 0.25 პროცენტულ პუნქტზე მეტად შეცვალა. 

გადაწყვეტილება FED-ის თავმჯდომარის, ჯერომ პაუელის განცხადებით, კორონავირუსის მიერ გლობალურად გაზრდილ რისკებს უკავშირდება, რის გამოც, FED-მა ეკონომიკის სტიმულირებისთვის აუცილებლად ჩათვალა შეემცირებინა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი. 

"მე და ჩემმა კოლეგებმა ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, რათა აშშ-ის ეკონომიკას სიმყარის შენარჩუნებასა და ახალი რისკების მიმართ გამძლეობის შენარჩუნებაში დავხმარებოდით,"- განაცხადა ჯერომ პაუელმა FED-ის მიერ საგანგებოდ მოწყობილ პრესკონფერენციაზე. 

"კორონავირუსის გავრცელებამ არაერთი ახალი გამოწვევა და რისკი წარმოშვა,"- აღნიშნავს აშშ-ის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი. 

ამერიკის შეერთებული შტატების ეს გადაწყვეტილება თანხვედრაშია დიდი შვიდიანის წევრი ქვეყნების ცენტრალური ბანკების გადაწყვეტილებებთან, რომლებმაც კორონავირუსის ფონზე ეკონომიკის სტიმულირებისთვის მონეტარული პოლიტიკის შერბილების გადაწყვეტილება მიიღეს. ამასთანავე, დიდი შვიდიანის ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა კორონავირუსის რიკსთან დაკავშირებით სპეციალური შეხვედრაც გამართეს და განაცხადეს, რომ ისინი გამოიყენებდნენ "მათ ხელთ არსებულ ყველა იარაღს, რათა საკუთარ ქვეყნებში მდგრადი ეკონომიკური ზრდა შეინარჩუნონ". 

Bloomberg-ის ინფორმაციით, ფედერალური სარეზერვო სისტემის ფედერალური ღია ბაზრის კომიტეტის გადაწყვეტილება განაკვეთის შემცირებასთან დაკავშირებით სრული უმრავლესობით იქნა მიღებული. 

შედეგად აშშ-ის მონეტარული პოლიტიკის ახალ განაკვეთად 1%-1.25% ის ფარგლები განისაზღვრა. 

ამდრომდე მოქმედი განაკვეთი 1.5%-1.75-ის ფარგლებში იყო განსაზღვრული. 

FED-ს უკანასკნელ პერიოდში განაკვეთის კიდევ უფრო შემცირებისკენ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპიც მოუწოდებდა, რომელიც ქვეყნის კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად FED-ს მონეტარული სტიმულების გაფართოებისკენ მოუწოდებდა.