მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინანსთა სამინისტრო: საქართველოს გავლით სანქცირებული პროდუქტის გადატანის შესახებ ბრალდება აბსურდულია

624af6266ff6e
მარიამ ვარადაშვილი
04.04.22 17:41
1044
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო აბსურდულს უწოდებს უკრაინული მხარის განცხადებას, რომლის თანახმადაც, რუსეთი სანქცირებული საქონლის კონდრაბანდით გადატანას საქართველოს გავლით გეგმავს.

“ფინანსთა სამინისტრო ეხმაურება უკრაინის ვიცე-პრემიერის ირინა ვერეშჩუკის განცხადებებს, თითქოს საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა შეთანხმებულია რუსეთთან საქართველოს გავლით სანქცირებული პროდუქტების კონტრაბანდის სახით შეტანაზე და აცხადებს, რომ ეს არის ყოვლად დაუსაბუთებელი და აბსურდული ბრალდება.

საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ რუსეთის ფედერაციისთვის სანქციების დაწესების პირველივე დღეებიდან, საქართველო ახორციელებს უმკაცრეს კონტროლს ქვეყნის ყველა საბაჟო-გამშვებ პუნქტზე და ხდება ქვეყანაში შემოსული და გასული ტვირთების მონიტორინგი.

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ნებისმიერი ტიპის საქონელი, როგორც სამხედრო, ისე ორმაგი დანიშნულების, ასევე ყველა ის პროდუქცია, რომელიც მოხვედრილია სანქციების სიაში, ექვემდებარება მკაცრ საბაჟო კონტროლს საქართველოს ხელისუფლების მიერ.

აღსანიშნავია, რომ ამის შესახებ დეტალურად ინფორმირებულია ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი. საქართველო მომავალშიც გააგრძელებს ამ მიმართულებით უმკაცრეს კონტროლს და პარტნიორებისთვის ინფორმაციის გაზიარებას”,-აცხადებენ სამინისტროში.

ცნობისთვის, დღეს, 4 აპრილს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ განაცხადა, რომ რუსები სანქცირებული პროდუქტის კონტრაბანდული გზით გადატანის არხებს საქართველოს გავლით ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის თანხმობით გეგმავენ.