მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინანსური კოეფიციენტები და მათი როლი ბიზნესისა და საინვესტიციო მიმართულებებისთვის

61efdd6851150
ლუკა მიმინოშვილი
26.01.22 09:00
4476
ყოველდღიურ ცხოვრებაში უფრო მეტი ადამიანი იაზრებს ფინანსებისა და ფინანსური განათლების, ასევე ეკონომიკური ქცევის როლს. ამას ხვდებიან როგორც საკუთარი ცხოვრებისა და ყოველდღიურობის, ასევე მათი კომპანიების შემთხვევაშიც. ფიზიკური პირები იწყებენ ახალ ეტაპს, რომელიც ქვეყანაში საბანკო სექტორის განვითარებით მოტანილი ცვლილებებია, ასევე გარკვეული ცოდნა მოიტანა თაობათა ცვლამაც.

ფიზიკური პირები იწყებენ ინვესტირებას, ეს კი გაცილებით რთული და დასაფიქრებელი პროცესია, ვიდრე მიმდინარე შემოსავლისა და ხარჯის დათვლა. არსებობს პრინციპები, რომელიც ეკონომიკურ-ფინანსური მიმართულებით ფიზიკური პირისა და კომპანიათა შემთხვევაში საერთოა, თუმცა არის ისეთებიც, რომელიც შინაარსიდან, საჭიროებებიდან და ვალდებულებებიდან გამომდინარე განსხვავდება ერთმანეთისგან.

სანამ უშუალოდ ფინანსებზე გადავალ, ვიტყვი, რომ საქართველოს ბიზნესგარემო ევროპულს არ ჰგავს, განსხვავება საკმაოდ დიდია, როგორც სტრუქტურით (იგულისხმება საშუალო და მცირე ბიზნესის წილი მთლიან ბიზნეს სამყაროში) ასევე განათლების დონითა და მოწადინების ხარისხით. ჩვენში წარმატებულ ბიზნესებს უფრო დიდი სურვილი და მისწრაფება აქვთ გაფართოებისა და წარმატებულ გზაზე სიარულის, ვიდრე მცირე და საშუალო ბიზნესს. აქ საუბარი მისწრაფებაზეა და არა მატერიალურ შესაძლებლობაზე.

ისე ჩანს, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელთა შორის უმრავლესობა არსებული მიღწევებით კმაყოფილდება. ხშირ შემთხვევაში სწორედ ეს დამოკიდებულება ხდება ბიზნესის დროთა განმავლობაში სტაგნაციურ მდგომარეობაში გადასვლის საფუძველი. საბოლოოდ კი, ეს პროცესი შესაძლოა გაკოტრებითაც დასრულდეს.

ზუსტად ამიტომ, როგორც კომპანიათა, ასევე ფიზიკურ პირთათვის მნიშვნელოვანია რამდენიმე საკითხი, ყველაზე მარტივი შემოსავლისა და ხარჯების შორის, აქტივებსა და ვალდებულებებს შორის დამოკიდებულება და რისკის დონის განსაზღვრა არის. ამ და სხვა ფინანსური საკითხების კონტროლი კი ფინანსური კოეფიციენტებით არის შესაძლებელი. აღნიშნული კოეფიციენტები დაგეხმარებათ იყოთ მეტად ინფორმირებული საკუთარი და კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შესახებ. შეაფასოთ დღევანდელი მდგომარეობა და მხოლოდ ამის შემდეგ დასახოთ სამომავლო გეგმები როგორც საოპერაციო, ასევე სტრატეგიული განვითარების მიმართულებით.

1. საბრუნავი/სამუშაო კაპიტალი

საბრუნავი კაპიტალი არის სხვაობა მიმდინარე აქტივებსა და მიმდინარე ვალდებულებეს შორის, კოეფიციენტის დათვლა კი მათი შეფარდებით ხდება.

საბრუნავი კაპიტალი ფინანსური სიჯანსაღის მნიშვნელოვანი საზომია, სწორედ ამ მიმართულების დახმარებით შეუძლიათ კრედიტორებს შეაფასონ კომპანიის უნარი ვალდებულების მომსახურებასთან დაკავშირებით. თუ კომპანიის მდგომარეობას როგორც პოტენციური ინვესტორი ასე უყურებთ, მნიშვნელოვანია, მოახდინოთ კომპანიის ფინანსური სიჯანსაღის შესწავლა, რაც გულისხმობს ლიკვიდურობის შეფასებას. რამდენად მარტივად შეუძლია კომპანიას აქციოს აქტივები ნაღდ ფულად, რომელიც მიმართული იქნება მოკლევადიანი ვალდებულებების დასაფარად.

საბრუნავი კაპიტალის კოეფიციენტი ითვლება მიმდინარე აქტივების, მიმდინარე ვალდებულებებზე გაყოფით.

მაგ: თუ პირობით კომპანიას “X Company” აქვს მიმდინარე აქტივები 3 მლნ-ის მოცულობით, ხოლო მიმდინარე ვალდებულებები შეადგენს 2 მლნ აშშ დოლარს, საბრუნავი კაპიტალის მოცულობა - 1 მლნ იქნება, ხოლო კოეფიციენტი კი 1.5-ის ტოლი.

აღნიშნული კოეფიციენტის შეფასება, რამდენად კარგი ან საყურადღებოა აღნიშნული კოეფიციენტი დამოკიდებულია საქმიანობის სფეროსა და საოპერაციო პროცესზე. მნიშვნელოვანია ბიზნესის სფეციფიკისა და ციკლურობის გათვალისწინებაც.

2. ლიკვიდურობის სწრაფი კოეფიციენტი

ლიკვიდურობის სწრაფი კოეფიციენტი კომპანიის მოკლევადიან ლიკვიდურობას ზომავს და გვეუბნება, თუ რამდენად შესწევს კომპანიას თავისი მოკლევადიანი აქტივებით, მოკლევადიანი ვალდებულებების დაფარვის ძალა. იდეა შემდეგია, რომ გაირკვეს რამდენად არის დაფარული მიმდინარე ვალდებულებები ნაღდი ფულით და მზა ფულადი ღირებულების მქონე ნივთებით. მეორე მხრივ, მარაგებს სჭირდება გარკვეული დრო ფულად ქცევამდე, შესაბამისად, ის აღნიშნულ გაანგარიშებაში აქტიურად არ მონაწილეობს. ლიკვიდურობის სწრაფი კოეფიციენტი ითვლება მიმდინარე აქტივებისა და მარაგების სხვაობის შეფარდებით მიმდინარე ვალდებულებებთან. აღნიშნული კოეფიციენტი მომგებიანობასა და ზოგადი მდგომარეობის შესახებ საკმარის ინფორმაციას არ გვაძლევს.

მაგ: თუ პირობით კომპანია “X Company”-ს აქვს მიმდინარე აქტივები 3 მლნ-ის მოცულობით, მარაგების მოცულობა არის 500 000, ხოლო მიმდინარე ვალდებულებები კი 2 მლნ ამ შემთხვევაში კოეფიციენტი იქნება - 1.25. როგორც წესი, კომპანიათათვის მისაღებია თუ აღნიშნული კოეფიციენტი მინიმუმ 1-ის ტოლია, რადგან ისინი ამ შემთხვევაში მარაგების გარეშე უზრუნველყოფენ ვალდებულებათა დაფარვას, თუმცა აღნიშნული კოეფიციენტიც დამოკიდებულია ინდუსტრიაზე, ეკონომიკურ მდგომარეობაზე, სარეალიზაციო მარაგების ტიპზე, ფასზე და ა.შ.

 მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული კოეფიციენტი არ იყოს ძალიან მაღალი, რადგან ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენი ნამეტი თანხა საქმეში არ მონაწილეობს და შემოსავალს არ აგენერირებს.

3. მოგება აქციაზე

როდესაც ახდენთ აქციების შეძენას თქვენ ფაქტიურად მონაწილეობთ კომპანიათა მომავალ მოგებაში. თუმცა ეს მხოლოდ პოზიტიური ხედვაა, ასევე ინაწილებთ დანაკარგის რისკს. აღნიშნული კოეფიციენტი ზომავს თითოეულ აქციაზე მიღებულ წმინდა შემოსავალს. კომპანიათა ანალიტიკოსები მის წმინდა შემოსავალს ყოფენ წლის განმავლობაში არსებული ჩვეულებრივი აქციების საშუალო შეწონილ რაოდენობაზე. იმ შემთხვევაში თუ კომპანიას აქვს ნულოვანი ან უარყოფით მოგება, მაშინ მოგება ერთ აქციაზე ასევე იქნება ნული ან ასევე უარყოფითი.

მაგ: თუ კომპანიის აქციების რაოდენობა შეადგენს 1000 ერთეულს, ხოლო გამომუშავებული თანხა 10 000, გამოდის, რომ მოგება აქციაზე არის 10 ერთეული.

4. ფასისა და მოგების თანაფარდობა

აღნიშნული კოეფიციენტი განსაზღვრავს ინვესტორების შეფასებებს მომავალი მოგების შესახებ. აღნიშნული კოეფიციენტის დასათვლელად თქვენ იღებთ კომპანიის აქციების ფასს და ყოფთ მას ერთეულზე არსებულ მოგებაზე. თუ კომპანიას აქვს ნულოვანი ან უარყოფით მოგება მაშინ ვერ მოხდება აღნიშნული კოეფიციენტის დათვლა და შესაბამის განყოფილებაში ნაცვლად რაიმე მაჩვენებლისა მითითებული იქნება N/A.

მაგ: თუ პირობითი კომპანია “X Company“-ს აქციის ფასი 90 ლარია, ხოლო აქციაზე მოგება 10, აღნიშნული კოეფიციენტი იქნება 9-ის ტოლი. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ისტორიულად აქციაზე აღნიშნული მაჩვენებელი 20-30 შუალედში არის ხოლმე.

5. ვალდებულების კაპიტალთან თანაფარდობა

რა მოხდება, თუ თქვენი პერსპექტიული საინვესტიციო სამიზნე არის ისეთი კომპანია რომელსაც ზედმეტად დიდი ვალდებულება აქვს.

ამან შეიძლება შეამციროს უსაფრთხოების ბუფერები, ასევე შესაძლოა გაიზარდოს რისკის ფასი, შეამციროს დივიდენდებიდან მისაღები შემოსავალი და შესაძლებელია, რომ კომპანიაში ფინანსური კრიზისიც კი გამოიწვიოს.

ვალდებულების კაპიტალთან თანაფარდობა გამოითვლება დავალიანების გრძელვადიანი და მოკლევადიანი ვალების დამატებით და აქციონერთა კაპიტალის საბალანსო ღირებულებაზე გაყოფით.

აღნიშნული კოეფიციენტის დათვლისას გარდა რიცხობრივი მნიშვნელობისა ასევე გასათვალისწინებელია ვალდებულების სტრუქტურა, როგორი ვალდებულებებისგან შედგება ჯამური ვალდებულება, რა არის მასში მოკლევადიანი ვალდებულება და რა გრძელვადიანი, რადგან როგორც წესი მოკლევადიან ვალდებულებებს უფრო ნაკლები ფასი აქვს, ხოლო გრძელვადიანი ვალდებულებები გარდა მიმდინარე რიცხვით მნიშვნელობისა, ასევე მოიცავს დამატებით საპროცენტო ხარჯს.

6. უკუგება კაპიტალზე (ROE)

როგორც წესი აქციონერებს სურთ იცოდნენ, თუ რამდენად მომგებიანია მათი კაპიტალი იმ ბიზნესში რომელშიც აპირებენ ინვესტირებას. აღნიშნული კოეფიციენტის გამოთვლა შემდეგნაირად ხდება, კომპანიის წმინდა მოგება (გადასახადების შემდეგ), გასაცემი დივიდენდების გამოკლება და შედეგის გაყოფა კომპანიის საერთო კაპიტალზე.

წამყვანი 500 ამერიკული კომპანიის შემთხვევაში აღნიშნული კოეფიციენტი საშუალოდ 14%-ის ტოლია.

აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ ნებისმიერი სახის ინვესტირების დაწყებამდე გარდა ფინანსური კოეფიციენტებისა მნიშვნელოვანია მოვახდინოთ კომპანიის ფუნდამენტური ანალიზი.

შეაფასეთ არის თუ არა ფასიანი ქაღალდი სწორად შეფასებული ფართო ბაზარზე. როგორც წესი ფუნდამენტური ანალიზი, კეთდება მაკროდან მიკრო პერსპექტივისკენ, რათა მოხდეს ისეთი ფასიანი ქაღალდების იდენტიფიცირება, რომლებიც ბაზრის მიერ არ არის სწორად შეფასებული.

ანალიტიკოსები, კონკრეტული კომპანიის მუშაობაზე კონცენტრირებამდე როგორც წესი, სწავლობენ ეკონომიკის საერთო მდგომარეობას და შემდეგ კონკრეტული ინდუსტრიის სიძლიერეს, სწორედ ამის შემდეგ განსაზღვრავენ აქციების სამართლიან საბაზრო ღირებულებას.

ფუნდამენტური ანალიზი იყენებს საჯარო მონაცემებს აქციების ან ნებისმიერი სხვა ტიპის ფასიანი ქაღალდის ღირებულების შესაფასებლად.

მაგალითისათვის შეიძლება ითქვას ერთ-ერთი ფასიანი ქაღალდის ვერსია და მასზე მოქმედი ფაქტორები:
ინვესტორს შეუძლია განახორციელოს ფუნდამენტური ანალიზი ობლიგაციების ღირებულების შესახებ, მნიშვნელოვანია როხდეს გააზრება, რომ აღნიშნულზე მოქმედი ფაქტორებია საპროცენტო განაკვეთები და ეკონომიკის საერთო მდგომარეობა; ინვესტირებამდე აუცილებელია მოვიძიოთ ინფორმაცია ობლიგაციების ემიტენტის შესახებ, მეტი ინფორმირებისათვის მნიშვნელოვანია გაირკვეს მისი საკრედიტო რეიტინგის პოტენციური ცვლილებების შესახებ არსებული პროგნოზები.

აქციებისთვის, ფუნდამენტური ანალიზი იყენებს შემოსავალს, მოგებას, სამომავლო ზრდას, კაპიტალის ანაზღაურებას, მოგების ზღვარს და სხვა მონაცემებს, რათა დადგინდეს კომპანიის ძირითადი ღირებულება და მომავალი ზრდის პოტენციალი. ყველა ეს მონაცემი ხელმისაწვდომია კომპანიის ფინანსურ ანგარიშგებაში.

შეჯამება

ზემოთ ჩამოთვლილი კოეფიციენტები და ინფორმაცია დაგეხმარებათ როგორც ფიზიკურ ასევე იურიდიულ პირებს, რათა მოახდინოთ კომპანიათა ფინანსური მდგომარეობის ანალიზი და მხოლოდ ამის შემდეგ მოახდინოთ სწორ კომპანიაში თანხების ინვესტირება.

კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შეფასება და ანალიზი ერთი კოეფიციენტით შეუძლებელია. შემდეგში გაგაცნობთ კიდევ რამდენიმე კოეფიციენტს, დათვლის ხერხსა და გამოყენების მიზნებს.