მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინანსური პოზიციების აღდგენისთვის წელიწადზე მეტი დაგვჭირდება - დისტრიბუტორთა ასოციაცია

5eb46dc787744
დავით ჯალაღონია
08.05.20 09:00
848
Covid-19-ის პანდემიის პირობებში, ეკონომიკაში ერთ-ერთი გამოწვევა ლარის კურსის რყევებია. ეროვნული ვალუტის გაუფასურებით დაზარალებულთა პირველ რიგებში სხვადასხვა პროდუქციის იმპორტიორები და დისტრიბუტორები არიან.

როგორც დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ივა ჭყონიამ BM.GE-სთან საუბრისას განაცხადა, კერძო სექტორის ამ ნაწილისთვის პროგნოზები არასახარბიელოა.

„ყველაზე მძიმე პრობლემა ლართან არის დაკავშირებული. იყო პერიოდი, როცა ლარი 70 პუნქტით გაუფასურდა და ეს თითქმის ერთ კვირამდე გაგრძელდა. ამ პერიოდში კომპანიებს, რომელთაც ვალდებულებების გასტუმრება მოუწიათ, მინიმუმ ერთი წელი, წელიწადნახევარი დასჭირდებათ, რომ იმ ნიშნულზე დაბრუნდნენ, რა ნიშნულზეც იანვრის ბოლოს იყვნენ.

საკმაოდ მძიმე პერიოდს გადიან ის კომპანიები, რომლებიც იმპორტირებულ პროდუქციაზე არიან დამოკიდებულები. რატომ? - იმიტომ რომ იმპორტირებული პროდუქტი პირდაპირ არის დამოკიდებული უცხოურ ვალუტაზე და მათ მიერ შეძენილი პროდუქტზე დათვლილი იყო მაქსიმალური ზღვარი, დოლართან მიმართებით კურსი 3 ლარი.

აქედან გამომდინარე, არასახარბიელო მომავალი ელით ამ კომპანიებს. ფასების ზრდა კომპანიების მიზანი არ არის, პირიქით, ყველა უფრთხის ამას. ფასების ზრდა მხოლოდ ნეგატიურად აისახება და კომპანიები მაქსიმალურად ცდილობენ, ძალიან შეზღუდულად გაზარდონ ფასები.

ბოლო წლების განმავლობაში მსყიდველობითუნარიანობა რომ მცირდებოდა, ამას ტურიზმი აბალანსებდა, მაგრამ ახლა ის პერიოდი დაიწყო და ჯერ კიდევ წინ არის, როცა კომპანიებს სამწუხაროდ, რეალიზაცია უვარდებათ. მე მაქვს საუბარი მათზე, ვინც მეორე, მესამე და მეოთხე კატეგორიის პროდუქციას ყიდის, რადგან ძირითადად მოხმარება გაზრდილია პირველადი მოხმარების საქონელზე“, - განმარტავს ივა ჭყონია.