მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მინისტრის თქმით, სოცდაუცველთა დასაქმების პროგრამაში 7 195 პირი ჩაერთო

627c54b014b45
BM.GE
12.05.22 10:00
730
„დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო“ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს საზოგადოებრივ სამუშაოებს ან შრომის ბაზარზე არსებულ შესაბამის ვაკანსიებს სთავაზობს.

იმ შემთხვევაში კი, თუ ბენეფიციარი არაფორმალურ სექტორშია დასაქმებული, საქმიანობის ფორმალიზების შესაძლებლობა ეძლევა. აღნიშნულ შეთავაზებაზე დათანხმების შემთხვევაში, ოჯახს, 4 წლის განმავლობაში, საარსებო შემწეობა უწყვეტად უნარჩუნდება.

„პროგრამის განხორციელება მიმდინარე წლის 1-ელ მარტს დაიწყო და მაისის დასაწყისის მდგომარეობით, უკვე 7 195 სოციალური შემწეობის მიმღები შრომისუნარიანი პირია დასაქმებული“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა საქართველოს პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას.

მან ასევე აღნიშნა, რომ დასაქმების ხელშეწყობაზე საუბრის დროს, განსაკუთრებით ხაზგასასმელია პრემიერ-მინისტრის ახალი ინიციატივა, რომლის მიზანია, სოციალურად დაუცველი, შრომისუნარიანი პირების მიმართ შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის განხორციელება.

„ფუნქციონირებს „დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო“, რომელიც შრომის ბაზრის აქტიურ პოლიტიკას ახორციელებს და სამუშაოს მაძიებლებს აძლევს შესაძლებლობას, ჩაერთონ ისეთ პროგრამებში, როგორებიცაა: პროფესიული მომზადებისა და გადამზადების მოკლევადიანი კურსები, სტაჟირება. ეტაპობრივად, სააგენტოს წარმომადგენლობა იზრდებოდა, რომელიც საწყის ეტაპზე, მხოლოდ თბილისსა და 7 რეგიონში ფუნქციონირებდა. დღეისათვის კი, სააგენტო უკვე თბილისსა და ყველა რეგიონში, მუნიციპალურ დონეზეა წარმოდგენილი. ვაგრძელებთ მუშაობას შრომის ბაზრის გაძლიერებისა და ეკონომიკის გაუმჯობესების მიზნით. შესაბამისად, ინსტიტუციურად გაძლიერდება დასაქმების სააგენტო და დასაქმების ყველა სერვისი ხელმისაწვდომი იქნება, სრულად, ქვეყნის მასშტაბით“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.