მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Fitch-ი საქართველოში რეცესიას და 3.2%-იან ეკონომიკურ ვარდნას პროგნოზირებს

5e92de343e5da
შოთა ტყეშელაშვილი
12.04.20 13:19
2303
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-ი 2020 წელს საქართველოში რეცესიას და 3.2%-იან ეკონომიკურ ვარდნას პროგნოზირებს. ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ საბანკო სისტემის შესახებ განახლებული მიმოხილვიდან ხდება ცნობილი. Fitch-ის შეფასებით, COVID-19-ისა და ნავთობის ფასების ვარდნით გამოწვეული ეკონომიკური შოკის შედეგად, საქართველოს ეკონომიკა უფრო მოწყვლადი გახადა, რის გამოც უმსხვილესი ბანკების საკრედიტო რეიტინგის პროგნოზი გაუარესდა და ის “სტაბილურის” ნაცვლად “ნეგატიურით” ჩანაცვლდა.

საკრედიტო რეიტინგის ცვლილებამდე TBC ბანკის რეიტინგი “BB მინუსი”, ხოლო რეიტინგის მოლოდინი “სტაბილური” იყო, განახლებული შეფასებით, ის კვლავ “BB მინუსს” შეადგენს, ხოლო რეიტინგის მოლოდინი კი “ნეგატიურით” არის შეცვლილი.

ანალოგიური შეფასება ჰქონდა “საქართველოს ბანკსაც”, რომლის განახლებული რეიტინგიც “BB მინუსს”, საკრედიტო რეიტინგის მოლოდინი კი “ნეგატიურს” შეადგენს.

Fitch-ის მიერ შეფასების განახლებამდე, “ლიბერთი ბანკის” რეიტინგი “B+” იყო, რეიტინგის მოლოდინი კი “სტაბილურს” შეადგენდა, ამჟამად ბანკის საკრედიტო რეიტინგის მოლოდინი “ნეგატიურით” არის შეცვლილი.

“ტერაბანკის” შეფასება კვლავ “B პლიუსი” დარჩა, თუმცა მის შემთხვევაშიც შეიცვალა საკრედიტო რეიტინგის მოლოდინი და “სტაბილური” “ნეგატიურით” ჩანაცვლდა.

ანალოგიური ცვლილება განხორციელდა “ბაზისბანკთან” მიმართებითაც და “B+” რეიტინგის მოლოდინი რაც წარსულში “სტაბილურს” შეადგენდა, “ნეგატიურით” შეიცვალა.

უცვლელი დარჩა “პროკრედიტ ბანკის” რეიტინგის მოლოდინი და ის კვლავ “BB+” სტაბილურია.

Fitch-ის მიერ გაკეთებული პროგნოზის მიხედვით, 2020 წელს საქართველოში რეცესია და 3.2%-იანი ეკონომიკური ვარდნა არის მოსალოდნელი.

“ჩვენ მოველით რომ შენელებული ეკონომიკური აქტივობა (განსაკუთრებით კი ტურიზმთან დაკავშირებულ სექტორებში), ასევე ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურება (ლარი აშშ დოლართან მიმართებით მარტში 16%-ით გაუფასურდა, ხოლო საბანკო სფეროს სესხების 55% კი უცხოურ ვალუტაში არის ნომინირებული), ასევე შინამეურნეობების შემცირებული რეალური შემოსავალი (შემცირებული ფულადი გზავნილები და მზარდი უმუშევრობა), ნეგატიურ როლს შეასრულებენ საქართველოს საბანკო სექტორის აქტივების ხარისხზე, მის შემოსავლებსა და კაპიტალიზაციაზე,”- აღნიშნავს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-ი.