გთავაზობთ გასული კვირის (29 აპრილი - 5 მაისი) მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკაში.
პარლამენტმა "რუსული კანონი" მეორე მოსმენით მიიღო - სახდეპის განცხადებით, საქართველოს დასავლური ტრაექტორია რისკის ქვეშაა
საქართველოს პარლამენტმა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, "რუსული კანონი" მეორე მოსმენით მიიღო. მომხდარს სახელმწიფო დეპარტამენტი გმობს და ხელისუფლებას ანტიდასავლური სიცრუის გავრცელებაში ამხელს. სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, დღეს საქართველოს დასავლური ტრაექტორია რისკის ქვეშაა.
"ეს კანონპროექტი და "ქართული ოცნების" ანტიდასავლური რიტორიკა საქართველოს სახიფათო ტრაექტორიაზე აყენებს. საქართველოს მთავრობის განცხადებები და ქმედებები შეუთავსებელია იმ დემოკრატიულ ღირებულებებთან, რომლებიც ევროკავშირისა და NATO-ს წევრობას უდევს საფუძვლად და, მაშასადამე, საფრთხეში აგდებს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას,"- აღნიშნავს სახელმწიფო დეპარტამენტი.
თბილისი ADB-ის ყოველწლიურ შეხვედრას მასპინძლობს
თბილისი აზიის განვითარების ბანკის 57-ე ყოველწლიურ შეხვედრას მასპინძლობს, რისთვისაც თბილისში ათასობით დელეგატი ჩამოვიდა, მათ შორის არაერთი აზიური ქვეყნის მაღალჩინოსანი, ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ფინანსთა მინისტრები და ცენტრალური ბანკის პრეზიდენტები, ასევე CEO-ები სხვადასხვა სფეროდან.
საქართველოს და რეგიონის კონტექსტში კონკრეტულ პანელებზე საუბარი შეეხო შუა დერეფანისა და კაპიტალის ბაზრის განვითარებას. ხოლო თავად ამ ADB-ის ყოველწლიური შეხვედრის რამდენიმე ძირითადი საკითხია მწვანე მდგრადი დაფინანსება, კლიმატის ცვლილებები და მოსახლეობის დაბერება.
პრეზიდენტმა ოფშორების საგადასახადო შეღავათებს ვეტო დაადო
პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო და მოტივირებული შენიშვნებით "საგადასახადო კოდექსში" ცვლილებები პარლამენტს დაუბრუნა. კანონის მიხედვით, ოფშორული კომპანიების მიერ აქტივების ქართულ კომპანიაზე გადაფორმებისას აქტივის მიმღები ქართული კომპანია შესაბამის აქტივზე დაბეგვრის ვალდებულებისგან გათავისუფლდება, თუკი ოპერაცია შესრულდება 2028 წლის 1 იანვრამდე.
ოპოზიციის შეფასებით, კანონი მთელ რიგ კითხვებს ბადებს საქართველოს ოფშორულ ზონად გადაკეთებისა და საეჭვო წარმომავლობის თანხებისთვის ქვეყნის კარის გახსნის მიმართულებით. ასევე დეპუტატთა შეფასებით, კანონპროექტი ბიძინა ივანიშვილზეა მორგებული. ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე აღნიშნავს, რომ მსგავსი კანონი ბანანის რესპუბლიკად ქცევისკენ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს.
მარტში საქართველოს ეკონომიკა 8.2%-ით გაიზარდა
საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 8.2% შეადგინა, ხოლო I კვარტალის საშუალო რეალური ზრდა 7.8%-ით განისაზღვრა. საქსტატის წინასწარი შეფასებით, კერძო სექტორის ანუ დღგ-ის გადამხდელი კომპანიების ბრუნვამ 12.7 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 8.5%-ით მეტია. "2024 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: დამმუშავებელი მრეწველობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები. კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის და დასაწყობების სექტორებში", - ნათქვამია საქსტატის ანგარიშში.
აპრილში 1.5%-იანი ინფლაცია დაფიქსირდა
საქართველოში წლიური ინფლაციის ტემპი დაჩქარდა - საქსტატის თანახმად, აპრილში წლიურმა ინფლაციამ 1.5% შეადგინა, რაც ბოლო რაც ბოლო 11 თვის განმავლობაში ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფლაციის დაჩქარება უკავშირდება ტრანსპორტის სექტორში გაზრდილ ფასებს, რაც თავის მხრივ წლიურ ჭრილში საწვავის გაძვირებით არის განპირობებული. თუმცა, ყველაზე მსხვილ სამომხმარებლო ჯგუფში, ანუ სურსათში ფასები წინა წელთან შედარებით 1.4%-ით არის შემცირებული. შესაბამისად, ამჟამად ინფლაციის განმაპირობებელი მთავარი ფაქტორი სურსათის ფასების ზრდა არაა.
საქართველოს მთავრობამ მომდევნო კვირა უქმედ გამოაცხადა
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2024 წლის 7, 8 და 10 მაისი უქმე დღეებად გამოცხადდა. აღნიშნული უქმეები საჯარო სექტორს შეეხება, ხოლო კომერციული ბანკები ოპერირებას არ შეაჩერებენ.
ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, რომელიც 8 მაისს იყო დანიშნული, 22 მაისამდე გადაიდო - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი აქვეყნებს. სებ-ის ინფორმაციით აღნიშნული გადაწყვეტილება მომდევნო კვირაში უქმე დღეების გამოცხადებას უკავშირდება.
საქართველოში სულ 17 ოფიციალური უქმე დღეა, შესაბამისად მათ წელს კიდევ 3 დღე დაემატათ.