მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

წელს 6%-ზე მაღალი ეკონომიკური ზრდა გვექნება - კობახიძე ADB-ს პროგნოზზე

ირაკლი კობახიძე

ვფიქრობთ, რომ წელს 6%-ზე მაღალი ეკონომიკური ზრდა გვექნება, - ამის შესახებ ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს, აზიის განვითარების ბანკის ეკონომიკური ზრდის პროგნოზთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

დღეს ADB-იმ საკუთარი პროგნოზი განაახლა, რომლის მიხედვითაც 2025 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 6% იქნება.

„6% არის წინასწარი პროგნოზი, თუმცა, პირველი ორი თვის მაჩვენებელი არის ბევრად უფრო მაღალი - 9,4%. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი იმედი, რომ 6%-ს ბევრად გადავაჭარბებთ. ეს ხდებოდა ხოლმე წინა წლების შემთხვევაშიც, პროგნოზი იყო ხოლმე ბევრად უფრო დაბალი და შემდეგ გეგმას ვასრულებდით ხოლმე გადაჭარბებით, ვფიქრობთ რომ წელსაც იქნება ეს შესაძლებელი. ვფიქრობთ, რომ წელს 6%-ზე მაღალი ზრდა გვექნება. ამისათვის დამატებით ინიციატივებსაც წარვუდგენთ საზოგადოებას“, - განაცხადა პრემიერმა.

რაც შეეხება სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს, თებერვალში EBRD-მა საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%-მდე გაზარდა, IMF-ი კი წელს ქვეყანაში ასევე 6%-იან ზრდას მოელის.

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2025 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 7.7% შეადგინა, ხოლო იანვარ-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 9.4%-ია. მარტის ეკონომიკური ზრდის შესახებ კი მიმდინარე თვის ბოლოს გახდება ცნობილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები