მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკაში - 23-29 სექტემბერი

კობახიძე
29.09.24 08:30
2304

გთავაზობთ გასული კვირის 23-29 სექტემბრის მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკაში

ბაიდენის ადმინისტრაციამ ოფიციალურ მიღებაზე ირაკლი კობახიძის მიწვევა გააუქმა

გაეროს გენერალური ასამბლეის ყოველწლიურ მიღებაზე ბაიდენის ადმინისტრაციამ გააუქმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიწვევა. აშშ-ის საელჩოს განმარტებით, აღნიშნულის მიზეზი გახდა მთავრობის ანტიდემოკრატიული პოლიტიკა და უარყოფითი რიტორიკა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ტირაჟირებს.

„ბაიდენის ადმინისტრაციამ გააუქმა პრემიერ-მინისტრ კობახიძის მიწვევა გაეროს გენერალური ასამბლეის ყოველწლიურ მიღებაზე და უარი თქვა ქართულ დელეგაციასთან შეხვედრაზე საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებების, დეზინფორმაციისა და უარყოფითი რიტორიკის გამო აშშ-ისა და დასავლეთის მიმართ,"- განმარტავს აშშ-ის საელჩო.

შიდა პოლიტიკურმა არასტაბილურობამ გაცვლით კურსზე შეიძლება გავლენა მოახდინოს - ADB

აზიის განვითარების ბანკი მიიჩნევს, რომ საქართველოში შიდა პოლიტიკურმა არასტაბილურობამ ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზეც შეიძლება იქონიოს გავლენა - ამის შესახებ ADB-ის უფროსმა ეკონომისტმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ლილია ალექსანიანმა BMG-ის კითხვაზე პასუხისას განაცხადა. ამასთან, ალექსანიანი აღნიშნავს, რომ 2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოს საკმაოდ ძლიერი 9%-იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა, რისი გათვალისწინებითაც, ADB-იმ საქართველოს 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7%-მდე გაზარდა.

"საქართველოსთვის ბევრი რისკია და საკმაოდ არასტაბილური გარემოა"- ამბობს ალექსანიანი და აღნიშნავს, რომ ეს რისკები როგორც ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებს, ასევე რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ მოვლენებს უკავშირდება.

განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა თანამდებობა დატოვა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა თანამდებობა დატოვა - ამის შესახებ მან უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გიორგი ამილახვარმა განათლების მინისტრის პოსტზე მიხეილ ჩხენკელი 2023 წლის მარტში შეცვალა. ის თანამდებობაზე მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წარადგინა. ამილახვარი დაკავებულ პოსტს 1.5 წლის განმავლობაში იკავებდა.

ADB 2024 წელს საქართველოში 7%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს

ADB საქართველოს 2024 წლის ეკონომიკურ პროგნოზს ზრდის. კერძოდ, აზიის განვითარების ბანკი საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას 7%-ით ვარაუდობს, მაშინ როცა მიმდინარე წლის აპრილში 5%-იანი ზრდის მოლოდინი იყო. 2025 წლის ზრდის პროგნოზი კი უცვლელად, 5.5%-ზე ნარჩუნდება. აზიის განვითარების ბანკის (ADB) ახალ ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში მომსახურების სფეროსა და შიდა მოხმარების მნიშვნელოვანმა ზრდამ 2024 წელს ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა დააჩქარა. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკის ზრდა განაპირობა 9.7%-იანმა მატებამ სატრანსპორტო და სასაწყობე სფეროებში, 8.5% საბინაო და კვებით მომსახურებაში, 12.2% საინფორმაციო და საკომუნიკაციო სერვისებზე და 9.6% საფინანსო და სადაზღვევო მიმართულებებზე. როგორც ADB წერს, შიდა მოხმარებამ — ეკონომიკური წინსვლის მთავარმა მოტივატორმა — გაზარდა შიდა ინვესტიციები. უმუშევრობა 2024 წლის პირველ კვარტალში 14%-მდე შემცირდა.

EBRD-მა 2024 წლისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.5%-მდე გაზარდა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) საქართველოს 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 1.3 პროცენტული პუნქტით 6.5%-მდე გაზარდა. რაც შეეხება 2025 წლის ზრდის პროგნოზს, ის EBRD-მა უცვლელად 4.6%-ზე დატოვა, ბანკს წინა პროგნოზი 2024 წლის მაისში ჰქონდა გაკეთებული, შესაბამისად, გასულ ოთხ თვეში EBRD-მა საქართველოში უფრო ძლიერი ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობა დაინახა, ვიდრე ეს თავდაპირველად იყო ნავარაუდევი. EBRD-ის შეფასებით, მთლიანად რეგიონში, რომელსაც ბანკი აჯგუფებს, როგორც "აღმოსავლეთ ევროპა და კავკასია" ეკონომიკური ზრდა 2024 წელს 3.7% იქნება, მათ შორის ყველაზე მაღალი ზრდა კი საქართველოს ექნება.

Yandex Go მომხმარებელთა IP მისამართების რუსეთში გაგზავნის გამო 4,000 ლარით დაჯარიმდა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა საქართველოში Yandex Taxi-ის წარმომადგენელ კომპანიას "რაიდტექ ჯორჯიას" მომხმარებლების პერსონალურ მონაცემთა სხვა სახელმწიფოში კანონდარღვევით გადაცემის ფაქტზე 4,000 ლარის ჯარიმა დააკისრა. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის სამსახურმა შეისწავლა კომპანიის აპლიკაციის მოქმედება და აღმოაჩინა, რომ Yandex Go-ს და Yandex Pro-ს სერვისები IP მისამართების რუსეთში გადაცემას ახდენენ.

Yandex Go აღნიშნულ ჯარიმას გაასაჩივრებს ამის შესახებ საქართველოში კომპანიის წარმომადგენლობის, "რაიდტექ ჯორჯიას" მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მომხმარებელთა მონაცემები ევროკავშირში მდებარე სერვერებზე ინახება.

სახელმწიფო საგარეო ვალმა 9 მილიარდ დოლარს მიაღწია

ფინანსთა სამინისტრომ 2024 წლის აგვისტოს მდგომარეობით საქართველოს საგარეო ვალის ამსახველი სტატისტიკა გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა დოლარებში 8.98 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 420 მილიონი დოლარით მეტია. ლარებში საგარეო ვალი წლიურად 1.67 მილიარდი ლარით გაიზარდა და ის ამჟამად ₾24.19 მილიარდს შეადგენს.

საქართველოს საგარეო ვალში პირველ ადგილზე აზიის განვითარების ბანკის $2.36-მილიარდიანი კრედიტია, რომლებიც ქვეყანამ უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებისთვის აიღო. $2.17 მილიარდით მეორე ადგილზეა მსოფლიო ბანკის ჯგუფი, რომლის კრედიტებიც ასევე ძირითადად ინფრასტრუქტურულ პროექტებს ხმარდება. $1.14 მილიარდი დოლარით მესამე ადგილზეა ევროპის საინვესტიციო ბანკი.

ქართული ბანკების დაკრედიტებამ 57.7 მილიარდ ლარს მიაღწია, სესხების ლარიზაცია 56% გახდა

ქართული ბანკების დაკრედიტებამ 57,7 მილიარდ ლარს მიაღწია - ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. სტატისტიკის თანახმად, აგვისტოში კრედიტების მოცულობა 538 მილიონი ლარით, ანუ 0.94%-ით გაიზარდა. სებ-ის თანახმად, ლარის კრედიტების მოცულობა 495 მილიონი ლარით გაიზარდა, ხოლო სავალუტო სესხების მოცულობა 43 მილიონით გაიზარდა. შესაბამისად, ეროვნული ვალუტის დაკრედიტების ზრდის ტემპი სავალუტო დაკრედიტების ზრდის ტემპს მნიშვნელოვნად აჭარბებს, რის გამოც კრედიტების ლარიზაციამ უკვე მთლიანი სესხების 56%-ს მიაღწია. შედარებისთვის, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კრედიტების ლარიზაციის კოეფიციენტი 55% იყო, ანუ ბოლო ერთ წელში ლარიზაციის ნიშნული ერთი პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

2024 წლის რვა თვეში ქართულმა ბანკებმა 2 მილიარდი ლარის მოგება მიიღეს

საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა ეროვნულ ბანკს 2024 წლის იანვარ-აგვისტოს ფინანსური ანგარიშები უკვე წარუდგინეს. დოკუმენტაციის თანახმად, მიმდინარე წლის 8 თვეში საბანკო სექტორმა წმინდა მოგების სახით 2.02 მილიარდი ლარი გამოიმუშავა. მათ შორის მოგებით პირველ ადგილზეა საქართველოს ბანკი, რომლის მოგებამაც 994 მილიონი ლარი შეადგინა, მეორე პოზიციაზეა თიბისი ბანკი, მესამეზე კი ლიბერთი.

17 კომერციული ბანკიდან 5 ზარალზე იმყოფება, მათ შორის ყველაზე მსხვილ 7 მილიონიან ზარალზეა "სილქ ბანკი", 3.4 მილიონი ლარის ზარალი აქვს "ვითიბი ბანკს", "ჰეშბანკს" კი 2.6 მილიონი ლარის ზარალი.

სინგაპურის სააპელაციომ ივანიშვილის სასარგებლოდ Credit Suisse-ს 743 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა

შვეიცარიული Credit Suisse-ის სარჩელზე სინგაპურის სააპელაციო სასამართლომ განაჩენი გამოიტანა და ძალაში დატოვა ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილება, რომლითაც ბანკის ყოფილი კლიენტის - ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ Credit Suisse-მა 743 მილიონი დოლარი უნდა გადაიხადოს. საქმე ისაა, რომ 2023 წლის მაისში სინგაპურის სასამართლომ ივანიშვილის სასარგებლოდ Credit Suisse-ს კომპენსაციის სახით 926 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა, შემდგომში კი 2023 წლის სექტემბერში სასამართლომ დააზუსტა რომ კომპენსაცია უნდა იყოს 743 მილიონი დოლარი, თუმცა ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა Credit Suisse-მა, რასთან დაკავშირებითაც სინგაპურის სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ძალაში უცვლელად დატოვა. საქმე თაღლითურ ტრანზაქციებს უკავშირდება, რომლებშიც Credit Suisse-ის სინგაპურის ოფისიც იყო ჩართული. აღნიშნული ტრანზაქციები მილიარდერის ყოფილმა პირადმა ბანკირმა, პატრიკ ლესკადრონმა ივანიშვილის ავტორიზაციის გარეშე განახორციელა, რითაც ოლიგარქის ქონებას მრავალმილიონიანი ზარალი მიაყენა.

რუსთაველის გამზირზე 201-ნომრიანი სასტუმრო აშენდება

თბილისში, რუსთაველის გამზირის 12 ნომერში, ყოფილი კავშირგაბმულობის სამინისტროს შენობაში ახალი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო და კაზინო მოეწყობა. თბილისის არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდის მიხედვით, პროექტზე სამშენებლო თანხმობა უკვე გაცემულია. ახალი პროექტის საინვესტიციო ღირებულება 80 მილიონ დოლარამდე იქნება. უძრავი ქონება 3,493 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთზე აშენდება. ქონების მესაკუთრეა შპს “მარილი 2020”, რომლის დამფუძნებელი და 100%-იანი მესაკუთრე “ჯორჯიან ეარვეისის” დამფუძნებელი პარტნიორი თამაზ გაიაშვილია. შენობას 11 სართული ექნება, მათ შორის 3 მიწისქვეშ განთავსდება და 23,323 კვადრატულ მეტრს დაიკავებს, სასტუმროს 201 ნომერი ექნება.

ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი შემცირდა

ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასული კვირის განმავლობაში ქართული კომპანიების აქციების ფასი შემცირდა:

"საქართველოს ბანკის" (BGEO) აქციების ფასი 3.33%-ით შემცირდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 37.75 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.85 მილიარდ სტერლინგს აღწევს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციები 16.48%-ით შემცირდა.

TBC PLC-ის აქციების ღირებულება ერთკვირიან ჭრილში 1.81%-ით შემცირდა. ბანკის ერთი აქცია 27.05 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.49 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციები 9.83%-ით შემცირდა.

"საქართველოს კაპიტალის” (CGEO) აქციების ღირებულება 3.21%-ით შემცირდა, შედეგად ერთი აქციის ფასი 9.36 გირვანქა სტერლინგი გახდა. შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 436 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციები 22%-ით შემცირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები