მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ფოთში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისათვის, მიწათსარგებლობის ნებართვის მისაღებად მთავრობას მივმართეთ" - "ეიპიემ ტერმინალსი"

5e439cbff0405
თელარა გელანტია
12.02.20 10:34
1066
“ეიპიემ ტერმინალსმა” ოფიციალურად განაახლა ნავსადგურის გაფართოების პროექტის ფარგლებში საჭირო ნებართვების მიღების პროცესი”, - ამის შესახებ განცხადებას კომპანია ავრცელებს.

“ეიპიემ ტერმინალს ფოთმა” ხელახლა დაიწყო საჭირო ნებართვების მიღების პროცესი, ფოთში ღრმაწყლოვანი, მრავალფუნქციური ნავსადგურის აშენების მტკიცე განზრახვით.

2020 წლის 11 თებერვალს, “ეიპიემ ტერმინალს ფოთმა” მიმართა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიწათსარგებლობის ნებართვის მისაღებად, ფოთში ახალი, ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისათვის, რაც წარმოადგენს სამშენებლო ნებართვის მიღების ოფიციალური სამსაფეხურიანი პროცედურის საწყის ეტაპს.

როგორც “ეიპიემ ტერმინალსმა” საქართველოს მთავრობასთან ახლახან გამართული განხილვებისას ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, კომპანია გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, გააფართოოს ფოთის საზღვაო ნავსადგური, რათა საქართველოს ჰქონდეს თანამედროვე ლოგისტიკური კარიბჭე, რომელიც მოემსახურება „პანამაქსის“ ტიპის გემებს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, არსებული სატრანსპორტო დერეფნის გამტარუნარიანობის გაზრდით”, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც თან ერთვის კომპანიის გენერალური დირექტორის კომენტარიც.

„მიწათსარგებლობის ნებართვაზე განაცხადის წარდგენით, კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს ჩვენს მზაობას, წავისიოთ წინ. აღნიშნული ნებართვის მიღება გახლავთ აუცილებელი წინაპირობა, რათა ღრმაწყლოვანი ნავსადგური, როგორც დაგეგმილია, ექსპლუატაციაში შევიდეს 2022 წლის მეორე კვარტალში.

დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენი განაცხადი დაკმაყოფილდება და უახლოეს მომავალში შევძლებთ 250 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციის განხორციელების დაწყებას და ჩვენი საერთაშორისო გამოცდილების გამოყენებით, საქართველოში მეტად საჭირო ღრმაწყლოვანი ნავსადგურის აშენებას და შემდგომ წარმატებით მართვას“ - განაცხადა „ეიპიემ ტერმინალს“ ფოთის გენერალურმა დირექტორმა კელდ მოსგაარდ ქრისტენსენმა.

ცნობისთვის: ფოთის პორტის გენერალურმა დირექტორმა კლაუს ლოურსენმა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 351,056 კვადრატული მეტრის გადაცემის მიზნით ეკონომიკის სამინისტროს შემადგენლობაში შემავალ სახელმწიფო ქონების სააგენტოს პირველად წერილობით 2018 წლის 24 ოქტომბერს მიმართა. კომპანიის ცნობით, ამ დროისთვის მათ ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვისთვის საჭირო დოკუმენტაცია უკვე წარდგენილი ჰქონდათ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოში.

მოგვიანებით, 2018 წლის 5 ნოემბერს, "ეიპიემ ტერმინალსმა" ქონების ეროვნულ სააგენტოში კიდევ ერთ წერილი გააგზავნა და სააგენტოს მოთხოვნილი ნაკვეთების აზომვითი ნახაზები მიაწოდა.

მხოლოდ მეორე წერილის შემდეგ APM-ს სააგენტომ უპასუხა – 2018 წლის 4 დეკემბერს სააგენტომ „ეიპიემ ტერმინალსისგან“ წერილობით მოითხოვა დაზუსტებული წინადადებების წარმოდგენა მათ მიერ მოთხოვნილ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე. დაზუსტება გულისხმობს ინფორმაციას უძრავი ქონების გადაცემის ფორმის, ვადის, საფასურის და სხვა პირობების შესახებ.

სწორედ ამის შემდეგ, ფაქტად დგება, რომ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სამშენებლოდ გამოყენების პირობები გამოიცა, მიუხედავად იმისა, რომ "ეიპიემ ტერმინალსს" არაფერი დაუზუსტებია, როგორც ამას ქონების სააგენტო ითხოვდა. სააგენტოს ბრძანება 2019 წლის 2 მაისით თარიღდება. მოგვიანებით, ეს ბრძანება ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას გადაწყვეტილებით გაუქმდა.