მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ფქვილის გაზრდილი იმპორტი პურის ფასის შენარჩუნებას ვერ შველის“ - რა ხდება ხორბლის/ფქვილის ბაზარზე?

625edc7de4f77
ელენე გოგბერაშვილი
19.04.22 22:20
1970
ბოლო პერიოდში საქართველოში ხორბლის იმპორტს, ფქვილის იმპორტი ანაცვლებს. ჩვენი ქვეყანა ისევ რუსეთზე დამოკიდებული რჩება. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ბოლო ერთ წელიწადში რუსეთიდან თითქმის 3-ჯერ შემცირდა ხორბლის შემოტანა, თუმცა გაათმაგებულია ფქვილის იმპორტი.

კერძოდ, 2021 წლის პირველ კვარტალში საქართველომ რუსეთის ფედერაციიდან 16.5 მლნ დოლარის ღირებულების 66.718 ათასი ტონა ხორბალი იყიდა, 2022 წლის პირველ კვარტალში კი რუსეთიდან საქართველოში 8.9 მლნ დოლარის ღირებულების 27,247 ათასი ტონა ხორბლის იმპორტი განხორციელდა.

რაც შეეხება ფქვილს, 2022 წლის პირველ კვარტალში საქართველომ რუსეთისგან 10,1 მლნ დოლარის ღირებულების 31,503 ათასი ტონა ფქვილი იყიდა. ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, შესაბამისად, 847.95 ათასი დოლარი და 3.014 ათასი ტონა იყო.

ქვეყანაში ხორბლის იმპორტის შემცირება რუსეთის მხრიდან საბაჟო მოსაკრებლის დაწესებას უკავშირდება, რაც დღევანდელი მონაცემებით, 1 ტონა ხორბალს 110 დოლარით აძვირებს. ამ მიზეზით წისქვილებს ხორბლის ადგილზე გადამუშავება და ფქვილის წარმოება აღარ უღირთ, შესაბამისად, მათი ნაწილი დაიხურა, ნაწილმა კი პროფილი შეიცვალა და ფქვილის იმპორტზე გადავიდა. მოტივაცია ცხადია, რადგან ხორბლისგან განსხვავებით, ფქვილის იმპორტზე რუსეთი მოსაკრებელს არ აწესებს.

იმპორტირებული ფქვილი ადგილობრივი წარმოებისას ფასით სჯობნის, თუმცა ბოლო პერიოდში ფასი იმპორტირებულ ფქვილზეც გაიზარდა. პურის ქარხნები უკვე ალაპარაკდნენ იმაზე, რომ შესაძლოა მაისიდან პური 20 თეთრით გაძვირდეს.

„ამ დრომდე 50-კილოგრამიანი ფქვილის ღირებულება იყო 65-70 ლარი, ახლა ფქვილის ღირებულება დაფიქსირდა 75 ლარზე. ამას თუ დავუმატებთ იმ გადასახადებს, რაც არის ელ. ენერგიაზე, ბუნებრივ აირსა და წყალზე, რასაც ემატება ხელფასები, დისტრიბუცია, ეს ყველაფერი ფოკუსირდება ფასებში. შედეგად დავინახეთ, რომ დღის წესრიგში დადგა საჭიროება ფასთწარმოქმნა გადაიხედოს.

ჩვენი, მეწარმეების გადაანგარიშებით დაახლოებით 20 თეთრის ფარგლებში გაიზრდება ფასი. თუ რუსეთიდან დაბალი ფასით შემოვა ფქვილი, ეს არსებულ ფასს შეგვანარჩუნებინებს, მაგრამ თუ კვლავ 75 ლარზე დაფიქსირდება ფქვილის ღირებულება, პურზე ფასის ცვლილება საჭირო გახდება", - აცხადებს პურის მცხობელთა ასოციაციის ხელმძღვანელი მალხაზ დოლიძე.

გაზრდილი მოთხოვნის გამო ადგილობრივი ბიზნესი რუსული ფქვილის გაიაფებას არ ელის, პირიქით, თუ დღეს ერთი ტომარა პირველი ხარისხის ფქვილი საშუალოდ 75 ლარი ღირს, მათი პროგნოზით, მომავალი ერთი თვის განმავლობაში ეს ფასი შესაძლოა, 80 ლარამდე გაიზარდოს.

„რუსეთში ფქვილის ფასის ზრდა გამოწვეულია მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე. ბოლო 2 კვირის განმავლობაში ერთ ტომარა 50-კილოგრამიანი, პირველი ხარისხის ფქვილი 300-400 რუბლის ფარგლებში არის გაძვირებული, მაგრამ გაძვირების ტრენდი არ ჩერდება, რადგან მოთხოვნა გაეზარდა რუს მწარმოებლებს.

ჩვენ იმპორტს ვახორციელებთ როგორც რუსეთიდან, ასევე ყაზახეთიდან, მაგრამ ბოლო კონტრაქტის შემდეგ აღარ დაგვიკონტრაქტებია, რადგან ყაზახეთშიც მკვეთრად არის ფასები გაზრდილი. დღეის მდგომარეობით რუსეთიდანაც და ყაზახეთიდანაც ხორბლის ჩამოტანა 500 დოლარი გვიჯდება, ამასთან გაძვირდა საწვავი, გაიზარდა ლოგისტიკური ხარჯი, ამიტომ კომპანიებს ურჩევნიათ ისევ ფქვილი წამოიღონ.

დღევანდელი ტენდენციიდან გამომდინარე, ჯერჯერობით ხორბალი არ იაფდება, პირიქით ძვირდება, რადგან მოთხოვნაა გაზრდილი. თუ გაჩერდებიან წისქვილები, ფქვილზე მოთხოვნა კიდევ გაიზრდება და შესაბამისად ფასიც გაიზრდება. ერთი თვის განმავლობაში 80 ლარის ფარგლებში ავა ერთი ტომრის ღირებულება“, - აცხადებს „ბარაქას“ დირექტორი ლადო ბიძინაშვილი.

გაურკვევლობაა ხორბლის ადგილობრივ ბაზარზეც. წისქვილები ხორბლის შემოტანისგან თავს იკავებენ, რადგან უცნობია მიმართავს თუ არა მთავრობა ისევ სუბსიდირების გზას.

„წისქვილებმა არ იციან ხორბლის შემოტანის შემდეგ დაიწყება თუ არა სუბსიდირება. დღეს რომ შემოიტანოს და ხვალ სუბსიდირება დაიწყოს, დღეს შემოტანილი წააგებს იმასთან, რომელიც სუბსიდირებისას შემოვა. არ ვიცით რა იქნება ხვალ, არ ვიცით რა პოლიტიკა ექნება ხელისუფლებას.

ვხედავთ, რომ ფქვილის გაზრდილი იმპორტი ვერ შველის პურის ფასის შენარჩუნებას. შარშან 20%-ით გაძვირდა პური, ახლაც ფქვილის აგრესიულმა იმპორტმა ვერ უშველა და მეპურეები ამბობენ, რომ სავარაუდოდ მაისიდან გადახედავენ პურის ფასს.

ჩვენ სტრატეგიულად ვთავაზობთ მთავრობას შეხვედრების ფორმატში განიხილოს საკითხი, როდესაც წისქვილების მუშაობა ქვეყნისთვის უფრო მომგებიანია. ასეთ დროს სამუშაო ადგილებიც იქნება, ფქვილის, ქატოს გამოშვებაც ხდება, ბიუჯეტში თანხაც შედის და იმ შემთხვევაში, თუ პურის გაძვირება მოხდა, ვთავაზობთ ამ ბიუჯეტში შენატანიდან დაფინანსდეს და არ დააწვეს ბიუჯეტს მთლიანად“, - აცხადებს მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა.

რა მექანიზმით დააზღვევს მთავრობა პურზე ფასის ზრდას, ჯერ ცხადი არ არის. შესაბამის კითხვაზე საპასუხოდ, სოფლის მეურნეობის მინისტრმა მთავრობის ბოლო სხდომაზე მხოლოდ ის თქვა, რომ მნიშვნელოვანია სახელმწიფომ თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი გაზარდოს.

ჯერ მხოლოდ ის ვიცით, რომ ამოქმედდება სახელმწიფო პროგრამა, რომლის მიზანია ადგილობრივი მოხმარების ხორბლის წარმოება 12%-დან 50%-მდე გაიზარდოს. კერძო სექტორი დასახული მიზნების მიღწევაში პრობლემას ვერ ხედავს, თუმცა მეხორბლეთა ასოციაციის პოზიციაა, რომ ფასის შემცირების მოლოდინი არ უნდა გვქონდეს, რადგან ქართველი ფერმერი ხორბალს იმაზე დაბალ ფასად არ გაყიდის, ვიდრე ეს იმავე ხარისხის იმპორტირებული პროდუქცია ეღირება.