მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფქვილის იმპორტი 40 000 ტონა ხორბლის იმპორტს ანაცვლებს - გელა ხანიშვილი

627eb2e34d07e
ალა ისპირიანი
14.05.22 00:30
2372

რუსეთის მიერ ხორბალზე ბაჟის დაწესების გამო, ქვეყანაში ფქვილის იმპორტი გააქტიურდა - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გელა ხანიშვილმა განაცხადა.

ხანიშვილის თქმით, დღეს ქვეყანაში ფქვილის იმპორტი დაახლოებით 40 000 ტონა ხორბლის იმპორტს ანაცვლებს.

„ხორბალთან დაკავშირებული თემა, არც შეფერხებიდან და არც რაიმე პრობლემებიდან არ არის წარმოქმნილი. თოვლის გამო ლარსზე გარკვეული პრობლემები იყო, მაგრამ ძირითადი პრობლემა არის საფასო და რუსეთის პოლიტიკა ხორბალთან და ფქვილთან დაკავშირებით.

როდესაც რუსეთი ხორბალს ადგილობრივ ბაზარს ექსპორტის გადასახადით უფრო იაფად აწვდის, ეს მის მიერ წარმოებული ფქვილის მნიშვნელოვნად დაბალ ფასს წარმოქმნის. დღეს ტომარაზე დაახლოებით 20 ლარია, ამიტომ საქართველოს, რომ მოსახლეობისათვის პური დაბალ ფასებში შეენარჩუნებინა, სახელმწიფომ გარკვეული ნაბიჯები ახალი მოსავლის მიღებამდე გადადგა და ფქვილის რაოდენობა ქვეყანაში მაქსიმალურად შემოდის. დღეს ფქვილის გარდამავალი მარაგები გვაქვს, სხვა შემთხვევისთვის ეს მარაგები არ იქნებოდა.

ფქვილი ქვეყანაში საშუალოდ თვეში 1000 ტონის ფარგლებში შემოდიოდა და დღეს 17 000 ტონის ფარგლებში შემოდის. პრაქტიკულად მან დაახლოებით 40 000 ტონის ეკვივალენტი ხორბალი ჩაანაცვლა, მაგრამ ეს მარაგებზე არანაირ გავლენას არ ახდენს და შესაძლო დაბალ ფასებს ინარჩუნებს“, - განაცხადა გელა ხანიშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ  რუსეთი ფედერაციამ მარცვლეულ კულტურებზე მცურავი ბაჟის მექანიზმი გასული წლის 2 ივნისიდან აამოქმედა. საექსპორტო ბაჟი ერთ ტონა რუსულ ხორბალს თითქმის 100 დოლარამდე აძვირებს, მაშინ როცა მსგავსი მოსაკრებელი არ ვრცელდება ფქვილის იმპორტზე. თითქმის ორი თვის წინ კი ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში ხორბლისა და ფქვილის მოწოდების პრობლემა არ იქნება - "პირიქით, საუბარია, რომ საექსპორტო გადასახადი, რომელიც ხორბალს ზღუდავდა, მოიხსნას და უფრო კარგ პირობებში შეიძინოს საქართველომ“ - განაცხადა მან, რაც ისე აღიქვეს, თითქოს რუსეთის მიერ ხორბლის ექსპორტზე დაწესებული საექსპორტო ბაჟი უქმდებოდა.